ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბურჭულაძემ, დღეს, 22 მარტს განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, რის გამოც, იუსტიციის სახლების მიმდინარე მშენებლობები დროებით შეჩერებული იყო. ბურჭულაძის თქმით, უკვე აშენებულ დაწესებულებებში რამდენიმე ტიპის ტექნიკური პრობლემა გამოვლინდა, რაც შენობების არასწორი დაგეგმარების გამო წარმოიშვა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტმა იუსტიციის სახლების პროექტებისა და უკვე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ხელახალი შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი უკვე დასრულებულია და იუსტიციის სახლების მშენებლობა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება:
“იუსტიციის ყველა სახლი, რომელიც წელს უნდა აშენებულიყო, აშენდება. გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომ უკვე აშენებულ იუსტიციის სახლებში გვქონდა ვენტილაციის, წყალგაყვანილობის და სხვა პრობლემები, ხელახლა, გულდასმით შევისწავლეთ ყველა მიმდინარე პროექტი. ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვრიცხოთ ხარვეზების არსებობა. ახალი იუსტიციის სახლები კი უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება, როგორც იქ მომუშავე ადამიანებისათვის, ისე _ ათასობით მოქალაქისათვის, რომელსაც ეს სახლები მოემსახურება”, _ განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, 2013 წელს შესაძლოა, ფოთის იუსტიციის სახლიც აშენდეს, რაც წლეულს დაგეგმილი არ იყო.