ოთარ ცინცაძე ჩოხატაურში, სოფელ ფარცხმაში ცხოვრობს. ახალგაზრდამ ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა, ახლა შიდამეურნეობაში მუშაობს და გურულ ვაზს უვლის. როცა პროექტის _ “ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ”_ შესახებ გაიგო, კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა, რათა სოფლისთვის საჭირო პატარა აქტივობა განეხორციელებინა. ამ პროექტის დამფინანსებელი ევროკავშირია, ხოლო პარტნიორები _ ადგილობრივი და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
_ მეგობართან _ არჩილ ცხვარაძესთან ერთად გადავწყვიტე, სოფლის ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი _ ყოფილი პატარა სკვერი, რომელიც დაჭაობებული და მოუვლელი იყო, მოგვეწესრიგებინა და ენერგოეფექტური განათება მოგვეწყო. ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული ჩვენი თანასოფლელების მემორიალიც იქვეა და ისიც მოვაწესრიგეთ. ცოტა ბავშვები დაგვირჩნენ იმედგაცრუებულები _ ეგონათ, რომ საბავშვო გასართობ ადგილს ვაკეთებდით. თუ კიდევ იქნება ასეთი დახმარებები ევროკავშირიდან, აუცილებლად გავაკეთებთ მათთვისაც. მზის ენერგოეფექტური მცირე პანელები, რომელიც ფანჩატურის სახურავზე განვათავსეთ, ღამით ორმაგად ეფექტურია. ახალგაზრდებს საღამოობითაც ექნებათ საშუალება, აქ ჩამოსხდნენ, ისაუბრონ საჭირბოროტო საკითხებზე, დაისვენონ… _ ამბობს ოთარი. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დახმარებები მიგრაციული პატარა სოფლებისთვის; იმისთვის, რომ მოსახლეობამ მეტი ყურადღება მიაქციოს ენერგიის დაზოგვას.
_ მნიშვნელოვანია ასეთი დახმარებები ევროკავშირიდან; ევროპელები ჩვენი მეგობრები არიან და ყველა ქართველი ევროპელად თვლის თავს. გარემოს მოვლა, ენერგიის დაზოგვა, ენერგოეფექტურობა, რასაც ევროპაში დიდ ყურადღებას აქცევენ, ჩვენც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, _ მიაჩნია ოთარს.
ენერგოეფექტურობა გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, რაც გამოწვეულია ენერგიის დეფიციტით, ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლოგიური პრობლემებით. თავად ეს ტერმინი მიგვითითებს, რომ საკუთარი ენერგომოთხოვნები ისე უნდა დავიკმაყოფილოთ, იმდენად ეფექტურად, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა მოვახდინოთ, ნაკლები ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობებისა და მეტი კომფორტის შექმნა შევძლოთ. ეს კი, საბოლოო ჯამში, ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და სასიცოცხლო გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.
მოდით, ვნახოთ ენერგოეფექტურობის მინიმუმ, 7 სარგებელი:
ჰაერის ხარისხი _ ენერგოეფექტურობა ამცირებს ელექტრო ენერგიისა და გაზის მოხმარებას. შედეგად, იკლებს ჰაერის დაბინძურება;
მწვანე გარემო _ ენერგოეფექტურობა ამცირებს თბური გაზების გამოფრქვევას და გარემოს დაბინძურებას;
ოჯახების კეთილდღეობა _ ენერგოეფექტური სახლები ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ზრდის ცხოვრების ხარისხს;
განათლება და ჯანდაცვა _ ენერგოეფექტური სკოლები, საავადმყოფოები და სხვა საჯარო შენობები უზრუნველყოფენ ჯანსაღ გარემოს და ამცირებენ ხარჯებს:
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა _ ენერგოეფექტურობა აუმჯობესებს გარემო პირობებს და ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
საჯარო დანახარჯები _ ენერგოეფექტური საჯარო შენობები ზოგავს გადასახადის გადამხდელთა ფულს და შესაძლებელს ხდის ინვესტირებას განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ პროგრამებში და სხვა სფეროებში;
წარმოება და სამუშაო ადგილები _ ენერგიის დაზოგვა ამცირებს ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს და ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობებისა და სამუშაო ადგილები შექმნას.
დედამიწის შეზღუდული ენერგეტიკული რესურსებისა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენების პირობებში, ენერგოეფექტურობის საკითხი მსოფლიო განვითარების დღის წესრიგში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს მრავალი საერთაშორისო შეთანხმება, რომელთა უმრავლესობას საქართველოც უერთდება. იმის გამო, რომ საქართველო, განსაკუთრებით ზამთარში, დიდად არის დამოკიდებული იმპორტირებულ გაზსა და ელექტრო ენერგიაზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და კლიმატური ცვლილებების შერბილების გლობალური ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელია, რომ ენერგოეფექტურობა ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდეს. ენერგოეფექტურობა ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას საყოფაცხოვრებო და ეკონომიკის დონეზე, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობა არის ერთ-ერთი გზა ენერგიის იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
ენერგოეფექტურობა არ ნიშნავს ენერგიის გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესებას, ენერგოეფექტურობა გულისხმობს ენერგიის გონივრულად გამოყენებას და მისი დანაკარგების შემცირებას. მოსახლეობის ქცევის შეცვლით, განსაკუთრებით საკუთარ სახლში, მარტივი და დაბალხარჯიანი ქმედებებით, შეიძლება მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ. მაგალითად:
_ ძველი ნათურების შეცვლა LED ნათურებით ელექტროენერგიის ხარჯს დაახლოებით 75%-ით ამცირებს და ეს ნათურები ათჯერ უფრო დიდხანს მუშაობენ; _ ძველი წყლის გამათბობლის შეცვლა ახალი ენერგოეფექტიანი მოწყობილობით შეამცირებს ენერგიის მოხმარებას საშუალოდ 20%-ით. მიღებული დანაზოგი აანაზღაურებს ახალი მოწყობილობის ხარჯს; _ ფანჯრებისა და კარის არსებული ნაპრალების ამოვსება ყოველწლიურად დაზოგავს სახლის გათბობისა და გაგრილების ხარჯის დაახლოებით 10%-ს; _ სითბოს დაახლოებით 55% იკარგება შენობის სახურავიდან და კედლებიდან; ამიტომ, საჭიროა სახლის დათბუნება. |
2014 წლის ივნისში, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან ერთად, ქმნის ევროკავშირთან საქართველოს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველს. 2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მხარე გახდა.
2020 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო “კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ” და “კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ”, რომლებსაც მომდევნო წლებშიც დაემატა შემდგომი რეგულაციები. ეს კანონი, რომელიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას, ნერგავს კომპანიებისთვის ენერგეტიკული აუდიტის და ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების საჭიროებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, ენერგიის მოხმარების შესადარებლად. ინფორმაცია საშუალებას მისცემს ოჯახებს, გადაწყვიტონ, როგორ დაზოგონ კომუნალურ გადასახადებზე თანხები და გახადონ თავიანთი სახლები მეტად ენერგოეფექტური.
ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების მიმართულებით რამდენიმე წელია მუშაობს და ეხმარება ჩვენს ქვეყანას საკანონმდებლო რეფორმების ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში, თერმორეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვასა და მდგრადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში. ენერგოეფექტურობა ევროკავშირის სტრატეგიული პრიორიტეტია დევიზით: “მეტი სარგებელი, ნაკლები დანახარჯით”. ენერგია, რომელსაც ჩვენ ვზოგავთ, არის ის ენერგია, რომლის წარმოება, შეძენა და იმპორტი არ გვჭირდება. ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების საკითხია, რომელიც, საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოქალაქეების დიდ ნაწილს ეხება.
გარდა საკანონმდებლო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისა, ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა ჩადო საქართველოში მდგრადი წარმოების ენერგიის გასაზრდელად და ბიზნესებისა და მოქალაქეების ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშესაწყობად, მათ შორის _ გურიაშიც. ჩოხატაურის თვითმმართველობა, 2017 წლიდან, მერების აღმოსავლეთის შეთანხმების (CoM East) ხელმომწერია, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის ინიციატივის გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. CoM East მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობებს მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებაში, ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში და კლიმატის ცვლილებების შერბილებაში.
საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი “გურია ნიუსთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოდან 33 მერია ამ ყველაზე დიდი პლატფორმის მონაწილე, მათ შორის, გურიის სამივე მერი.
_ ეს არის ამ თემატიკაში მუნიციპალური ჩართულობის უზრუნველყოფის ყველაზე დიდი პლატფორმა. 33 მუნიციპალიტეტიდან 10-მა შეიმუშავა თავიანთი სამოქმედო გეგმა და ისინი ნაბიჯ–ნაბიჯ იწყებენ ამ სამოქმედო გეგმების გახორციელებას. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტია მიერთებული მერების შეთანხმებას. უბრალოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი უფრო აქტიურობს დონორებთან ურთიერთობაში და უფრო წარმატებულია ამ პროცესში, _ ამბობს აბულაშვილი.
ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, ევროკომისიის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა კონკურსში “ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება” და მოიპოვა გრანტი. ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი “ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ”, რომლის ბენეფიციარი, ოთარ ცინცაძის და სხვების მსგავსად, ერკეთელი ბიოლოგი ციცინო სირაძეცაა. მან, პროექტის ფარგლებში, ინჟინერი მეუღლის გიორგი ბერიძის დახმარებით, “ბერიძეების უბნის” ერთკილომეტრიანი მონაკვეთი ენერგოეფექტური ნათურებით გაანათა. ციცინო სკოლაში ეკოკლუბის მუშაობას უძღვება:
_ ვცდილობთ, რომ განათლების, ეკოსისტემის, ენერგოეფექტურობის თუ სხვა საკითხები მოსწავლეებმა კარგად გაიგონ და აითვისონ. ადრეც, ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ, სკოლაში არაერთი პროექტი დაფინანსდა და მრავალი საშური საქმე გავაკეთეთ. ეს იძლევა შესაძლებლობას როგორც სკოლაში, ისე ჩემს სოფელში, ყველგან, ჩვენს ირგვლივ, ვაკეთოთ სასიკეთო საქმე. ამასთან, ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნაცაა და სხვანაირად არც შემიძლია, _ გვეუბნება ციცინო სირაძე.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მამალაძე, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, მუნიციპალიტეტის ჩართულობის შესახებ გვიამბობს:
_ 2021 წლის ზაფხულში, “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში (SFPL)”-ის მხარდაჭერით, ჩოხატაურის თვითმმართველობამ, “ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოსთან” მჭიდრო თანამშრომლობით, ჩაატარა შერჩეული საზოგადოებრივი შენობების (20 საბავშვო ბაღის) და ქუჩის განათების ენერგეტიკული აუდიტის სერია. 2021 წელსვე, ორ (2) საპილოტე საბავშვო ბაღში დაინერგა ენერგოეფექტური ღონისძიებების ოპტიმალური პაკეტი, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს ენერგიის 77%-მდე დაზოგვას ერთ წელიწადში თითოეულ საბავშვო ბაღში დაახლოებით 15 ათასი ევროს ინვესტიციით. ოპტიმალური პაკეტის ფარგლებში გახორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 1) მიკრო მზის ფოტოვოლტალური დანადგარების (PV) მონტაჟი მთიან სოფელ ზოტში და ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღში; 2) ძველი შეშის ღუმელების შეცვლა და ახალი, მაღალი ეფექტურობის ღუმელებით და ბიომასის საწვავით; 3) საპილოტე საბავშვო ბაღებში LED ნათურების შეძენა და მონტაჟი; 3) საბავშვო ბაღების სახურავების თბოიზოლაცია. გარდა ამისა, სამაგალითოდ დაფინანსდა სოფელ გუთურის ქუჩის საქუჩო განათების მოდერნიზაცია მისი ხარჯ–ეფექტურობის შესამოწმებლად (მოდერნიზებული პერიმეტრის ღირებულების მინიმუმ 50%-ით შემცირება) მსგავსი ტექნიკური მახასიათებლების პარალელურ ქუჩასთან შედარებით.
“სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში (SFPL)”-ის ინტერვენციის პარალელურად, 2021 წელს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟა 2750 LED ნათურა.
კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (CREC) ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია მუნიციპალიტეტს მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP) შემუშავებასა და განხორციელებაში. გარდა ამისა, ჩოხატაური თანამშრომლობს ვესტმინსტერის ფონდთან დემოკრატიისთვის, მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და გაეროს განვითარების ფონდთან (UNDP).
პარტნიორებმა თვითმმართველობის ფარგლებში გამოკვეთეს ოპტიმალური ენერგოეფექტური პაკეტი, რაც მოიცავს ოთხ ყველაზე ეფექტურ ღონისძიებას: ჭერის თბოიზოლაცია; არსებული არაეფექტური შეშის ღუმელების ენერგოეფექტური ღუმელებით შეცვლა; ქსელთან მიერთებული მზის ფოტოელექტრული სისტემის მონტაჟი; არსებული CFL და/ან ვარვარას ნათურები LED ნათურებით შეცვლა.
დაბა ჩოხატაურის ცენტრალურ პარკში უკვე დამონტაჟდა ინოვაციური, მრავალფუნქციური ენერგოეფექტური 2 სკამი, რომელიც აღჭურვილია მობილური ტელეფონების დამტენებით, რომლებიც მზის პანელებზე იმუშავებს.
ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ დამონტაჟდა მრავალფუნქციური ენერგოეფექტური 2 სკამი, რომელიც აღჭურვილია მობილური ტელეფონების სატენი ინტერფეისებით
პარკში გავრცელებული იქნება უფასო ინტერნეტი. ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, ცენტრალური გზის პირას განთავსდა ყველა ტიპის ელქტროავტომობილის დამტენი ბლოკი. აღსანიშნავია, რომ, ე.წ. სწრაფი დამტენები საქართველოს 4 ქალაქშია მხოლოდ დამონტაჟებული (თბილისი, ზესტაფონი, სამტრედია, ბათუმი) და შესაძლებელია, თბილისიდან–ბათუმში მიმავალი ელექტროავტომობილი ამ მუნიციპალიტეტშიც შეჩერდეს, სერვისის მისაღებად.
ელექტროავტომობილის დამტენი ბლოკი
გვინდოდა ხელი შეგვეწყო სოფელ შუა ამაღლებაში უდაბნოს მონასტრის უნიკალური პოტენციალის გამოყენებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და ტურისტული მიმზიდველობის ასამაღლებლად; სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ლოკაციაზე 76 არსებული ელექტრობოძი LED ნათურით აღიჭურვა. და ეს ყველაფერი ჩვენი ევროპელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გახორციელდა, _ ამბობს ზაალ მამალაძე.
საინტერესოა, როგორი გამოცდილება დააგროვა თავად ევროპამ. ათწლეულზე მეტია, ევროპა ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს _ მიზნად დაისახა ენერგიის წლიური შესყიდვების შემცირება, საჯარო შენობების თერმორეაბილიტაცია, სავალდებულო ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოღება შენობების გასაყიდად და გასაქირავებლად, პროდუქციის ეტიკეტირება ენერგოეფექტურობის მინიშნებით, მსხვილი კომპანიების სავალდებულო ენერგო აუდიტი და სხვა.
დღესდღეობით, ევროკავშირში ახალი შენობები მოიხმარენ იმ ენერგიის ნახევარს, რასაც 1980-იან წლებში მოიხმარდნენ. ეს კი ხელს უწყობს ოჯახების ენერგო გადასახადების შემცირებას და უზრუნველყოფს ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტებს: ჯანმრთელობაზე, გარემოზე, განათლებისა და სამუშაო პირობებზე დადებითი ზემოქმედებით.
ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრების ლიბერალიზაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია ევროკავშირში მიმდინარეობს, გულისხმობს ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნას და ენერგიის რამდენიმე მიმწოდებლის გაჩენას იმისათვის, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ გააკეთონ არჩევანი და ამით ხელი შეუწყონ კონკურენციას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ბაზრების ლიბერალიზაცია, ასევე, ემსახურება მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რადგან მიიჩნევა, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც ენერგიაზე მოთხოვნა განუწყვეტლივ იზრდება, მუდმივი და ხელმისაწვდომი ენერგიის ქონა უბრალო მოცემულობად არ უნდა იყოს აღქმული. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის წახალისება ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის მთავარი წინაპირობაა, ევროკავშირი, ასევე, ითვალისწინებს დამატებით არაეკონომიკურ ფაქტორებს და ასახავს მას საჯარო მომსახურების ვალდებულებაში (PSO). PSO ისეთი ვალდებულებაა, რომლის გახორციელებითაც ბიზნესი, თავისი კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, დაინტერესებული არ იქნებოდა, თუმცა, საზოგადოების კეთილდღეობისთვის მისი არსებობა მნიშვნელოვანია; ასეთია, მაგალითად, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება, ყველა ოჯახის ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიაზე, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დაცვა ფასის მატების და სხვა ფაქტორების არსებობისას და ა. შ.
2015 წლის ენერგეტიკული კავშირის სტატუსის ფარგლებში, ევროკავშირმა გამოსცა სახელმძღვანელო დოკუმენტი ინტეგრირებული NECP-ების შესახებ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. აღნიშნული დოკუმენტი ქმნის იმის საფუძველს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყონ 2021-2030 წლების ეროვნული გეგმის შემუშავება და აგრეთვე, განსაზღვრავს მმართველობის პროცესის ძირითად საყრდენ ელემენტებს. NECP-ები შეამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას წევრი სახელმწიფოებისთვის და უზრუნველყოფს ინვესტორების მონაწილეობას აღნიშნული გეგმით განსაზღვრულ პროცესებში 2030 წლამდე და 2030 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ ასევე გამოსცა NECP-ებთან დაკავშირებული პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი კონტრაქტორი მხარეებისთვის. NECP უნდა მოიცავდეს 2021 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს და შექმნას საფუძველი ეკონომიკისა და ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნისკენ, მეტწილად მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის მიღწევა უნდა მოხდეს იმ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რომლისთვისაც თითოეულ სახელმწიფოს, პოლიტიკის თვალსაზრისით, უნდა მიეღწია 2020 წლამდე (საბაზისო დონე) და უნდა მოიცავდეს პერსპექტივას 2050 წლამდე. ყოველივე ეს უზრუნველყოფს შესაბამისობას ევროკავშირის, UNFCCC-სა და ენერგეტიკული გაერთიანების გრძელვადიანი პოლიტიკის მიზნებთან. ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმები შეიძლება ეყრდნობოდეს გაერთიანების წევრი სახელმწიფოების არსებულ ეროვნულ ენერგეტიკულ და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის სტრატეგიებს.
გავეცნოთ საქართველოში ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი ბაზის მომზადების 4 ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს: ♦ ენერგიის იმპორტის დაფინანსების ნაცვლად, ადგილობრივი ეკონომიკასა და სამუშაო ადგილების შექმნაში ინვესტირება _ ყოველწლიურად დაზოგილი 1 კვტ/სთ ენერგია გამოათავისუფლებს 20-50 ათას ევროს; ♦ ენერგეტიკული უსაფრთხოება _ ენერგოდამოკიდებულების შემცირება; ♦ სათბური გაზების ემისიის (GHG) და გარემოს სხვა დამაბინძურებლების შემცირება; ♦ ევროკავშირისკენ მისწრაფება/ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების _ ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპონირება-შესრულება ევროკავშირის ძირითადი დირექტივები ასეთი იყო: ♦ ენერგოეფექტურობის დირექტივა; ♦ შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების შესახებ დირექტივა; ♦ ენერგოეტიკეტირების დირექტივა; ♦ ეკოდიზაინის დირექტივა. ზემოაღნიშნული დირექტივები, ასევე, კავშირშია განახლებადი ენერგიის დირექტივასთან და ასევე, მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისა და სათბური გაზების ემისიების შემცირების მარეგულირებელ დოკუმენტებთან (მაგ: ემისიებით ვაჭრობის დირექტივა და სხვა). 2019 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო პირველი ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEEAP) 2019−2021 წლებისთვის. 2020 წელს კი, ძალაში შევიდა შემდეგი კანონები: “ენერგოეფექტურობის შესახებ”, “შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ” და “ენერგოეტიკეტირების შესახებ”. ქართულ კანონმდებლობაში, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიზნად, შემდეგ დებულებას ამოვიკითხავთ: ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან). |
საქართველოს უახლოეს მომავალში, რამდენიმე ძირითადი პუნქტი ექნება შესასრულებელი. მათ შორის, 2030 წლისთვის სათბური გაზების 35%-ით შემცირება შვიდ სექტორში: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის გამომუშავება და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენები და სატყეო მეურნეობა. ეს მოიცავს ემისიების შემცირებას სატრანსპორტო და ენერგიის წარმოების სექტორებში 15%-ით, სატყეო სექტორში _ 10%-ით და მრეწველობის სექტორში – 5%-ით. ასევე, სამშენებლო, ნარჩენების მართვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ნახშირბადის დაბალი შემცველობის განვითარების მიდგომებზე გადასვლა.
ბოლოს ორიოდ სიტყვით შევეხოთ ევროკავშირის კიდევ უფრო ამბიციურ და შორსმიმავალ “მწვანე შეთანხმების” დანერგვას, რომელიც 2019 წელს მიიღეს და მას ევროკომისიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, “ადამიანი მთვარეზე” უწოდა. “მწვანე გარიგება” მიზნად ისახავს გლობალური წმინდა ნულოვანი სათბური გაზების ემისიას 2050 წლისთვის. ასევე, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების, ენერგოეფექტური შენობების, სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემების (“ფერმიდან _ ჩანგლამდე”) ხელშეწყობას. წყლის, ჰაერის, ნიადაგის ნულოვან დაბინძურებას, მწვანე ფინანსების განვითარებას, გლობალურ დიგიტალიზაციას, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობას.
“ენერგოეფექტურობისა და ენერგოეფექტური შენობების შესახებ კანონი 2020 წელს მივიღეთ, მაგრამ ის, რაც ამ კუთხით სახელმწიფოში კეთდება ზღვაში წვეთია“, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” აღმასრულებელი დირექტორი დავით ჭიპაშვილი.
ექსპერტი გვიხსნის, რომ “ენერგოეფექტურობა, ენერგოუსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია. ესაა მექანიზმი, რომელიც ქვეყნებს აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ ენერგიის მოხმარება შეამციროს, არამედ, მთლიანად ეკონომიკის ტექნიკური გადაიარაღება მოახდინოს, რომ აღარაფერი ვთქვათ, კლიმატის ცვლილების გაუმჯობესებაზე”.
_ თუმცა, ხშირად, ენერგოეფექტურობას ვიწრო ჭრილში განიხილავენ, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვგულისხმობ, რომ ენერგოეფექტურობა განიხილება როგორც ნათურის გამოცვლა, ვიღაცის სახლის გარემონტება… ენერგოეფექტურობა არის ძალიან კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ელექტროენერგეტიკის და მთლიანად ენერგეტიკის სექტორებს. ელექტროენერგეტიკის სექტორში, რა თქმა უნდა, ეს არის ენერგოეფექტურ განათებაზე, მოწყობილობა–დანადგარებზე გადასვლა; ხოლო რაც შეეხება მთლიანად ენერგეტიკას, ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო სექტორში გათბობა–გაგრილების სისტემაზე გადასვლასთან, რომელიც, ერთი მხრივ, ამცირებს მოხმარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ზრდის ამ საოჯახო მეურნეობების კომფორტის ხარისხს. კიდევ ერთი საკითხია ინდუსტრიის ენერგოეფექტურობაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ტექნიკურ გადაიარაღებას, რასაც ნება და დიდი ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი იყოს მართლა უმაღლეს ნიშნულზე.
ბოლო წლებამდე, ენერგოეფექტურობა ტერმინის დონეზეც კი არ იყო ნახსენები არც ერთ ენერგოპოლიტიკის დოკუმენტში. ეს ეხება არა მხოლოდ “ქართული ოცნების” პერიოდს, არამედ, მის წინამორბედსაც. საერთოდ არ მიაჩნდათ, ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად და გაიგივებული იყო ვიღაცეების სახლების გარემონტებასთან. მედიაში გაკეთებული განცხადებებიდან ვერ იგებდნენ, თუ რატომ უნდა ურემონტოს სახელმწიფომ ვიღაცას სახლი. მეტიც, მთელი ენერგეტიკის სისტემა დღემდე იგეგმება იმ გათვლით, რომ ქვეყანაში ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად და შესაბამისად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ახალი გენერაციის ობიექტები. მაგრამ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო, ასევე გახდა ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი, რაც წარმოადგენს, ასე რომ ვთქვათ, “ევროპის ენერგო ნატოს“. ეს გაწევრება გულისხმობს, ერთი მხრივ, ქვეყნის ენერგოსისტემის რეფორმას, ევროკავშირის სისტემებთან დაახლოებას; და მეორე მხრივ, ურთიერთდახმარების მექანიზმს, რასაც დღეს, ომის პირობებში, აქტიურად იყენებს ამ გაერთიანების წევრი უკრაინა _ როდესაც ზიანდება მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მისი მეზობელი ქვეყნები ვალდებულები არიან და ეხმარებიან მას ენერგომატარებლების მიწოდებით. ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ენგერგოეფექტურობა. შესაბამისად, 2017 წლიდან, როცა გავხდით ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, ეს ვალდებულება გადმოვიდა საქართველოზეც. თუ მანამდე არავის არ უნდოდა ენერგოეფექტურობის ხსენება, ახლა ვალდებული გახდნენ, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ მიეღოთ კანონი. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ დიდი ხანი გაწელა ამ კანონის მიღება. კანონსაც რომ თავი დავანებოთ, ასეთი ვალდებულება იყო ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, სადაც ენერგოეფექტურობა ერთ–ერთი მთავარი საკვანძო ნაწილია _ გეგმის ხუთი თავიდან ერთ–ერთი ენერგოეფექტურობის ნაწილია და პრინციპის დონეზე გაწერილია, რომ ქვეყანა, როდესაც ენერგოსისტემის რეფორმირებას გეგმავს, უპირველესი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა უნდა იყოს.
მართალია, 2024 წლის კლიმატის სამოქმედო გეგმაში ენერგოეფექტურობა, როგორც ნიმუში ნახსენებია, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გეგმაში საერთოდ არ წერია ამბიციური მიზნები და ამბიციური ამოცანები. ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის.
თუ დაინტერესდებით და გაეცნობით ევროპის ენერგოგაერთიანების სხვა ქვეყნების მონაცემებს, სადაც ჩანს, ვის რა მდგომარეობა აქვს ენერგიის პირველადი მოხმარებისა და ვინ რას გეგმავს 2030 წლისთვის, აღმოაჩენთ: ქვეყანა არა თუ არ გეგმავს ენერგიის მოხმარების შემცირებას, პირიქით _ აორმაგებს. სხვა ქვეყნების ნიშნულებს თუ შეადარებთ, გამოჩნდება, რომ ყველა სხვა ქვეყნისთვის ენერგოეფექტურობა არის უპირველესი პრიორიტეტი, საქართველოსთვის _ არა. უპირველესი პრიორიტეტი გულისხმობს, რომ მაგალითად, კოსოვოში 2020 წლისთვის პირველადი ენერგიის მოხმარება შეადგენდა 4.70-ს და ეს პატარა ქვეყანა გეგმავს 2030 წლისთვის შემცირებას 2.70-ამდე. მონტენეგრო, რომელიც 0.99-ზეა და 0.92-ამდე ამცირებს. ჩამოვთვალე ქვეყნები, რომლებიც დაახლოებით საქართველოს ზომისანი არიან. სერბეთს, რომელიც დიდია, 15.18 ჰქონდა მოხმარება 2020 წელს და გეგმავს 14.94-ამდე შემცირებას. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებშიც იზრდება, მაგრამ ამ გაზრდილი ეკონომიკის მოხმარება შესაძლებელია გაზრდილ ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდეს ან ძალიან უმნიშვნელოდ გაიზარდოს. ამ 2020-2030 წლების მონაცემებს თუ შეადარებთ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო გამოიყურება ამოვარდნილად _ მარტო საქართველოა, რომელიც აორმაგებს ელექტროენერგიის მოხმარებას.
უშუალოდ გეგმაში რომ ჩავიხედოთ, თუ რა წერია ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში, პირდაპირ გეტყვით, რომ ევროკავშირის ენერგოდირექტივების ქართულად გადმოთარგმნის გარდა, არაფერი წერია; არ წერია ფინანსური მექანიზმები _ ყველაფერი დამოკიდებულია უცხოურ დონორ ორგანიზაციებზე. შეფასების დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო წლიურად ადმინისტრაციული შენობების 1% –ის რეაბილიტაციას ჩაატარებს ანუ საბაზისო ენერგოეფექტურ მდგომარეობამდე მიიყვანს. არადა, ენერგოგაერთიანების მოთხოვნაა წლიურად, მინიმუმ, ადმინისტრაციული შენობების 3%-ის რეაბილიტაცია. აი, ეს “კეთდება” საქართველოში ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში.
საქართველო არის ენერგოგაერთიანების წევრი და ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს, ენერგეტიკულად ევროკავშირში ვართ, რადგან მოგვიწევს იმ რეგულაციების გადმოტანა, რაც ევროკავშირშია და ენერგოსექტორის რეფორმირება, მათ შორის, შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით. ეს ენერგოეფექტურობას არ ეხება, მაგრამ პარიზის შეთანხმებით, საქართველოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ 1990-იან წლებთან შედარებით, ემისიებს 35%-ით შეამცირებდა. სინამდვილეში, აქ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი: საბჭოთა კავშირის გზაგასაყარზე, საქართველოს ნორმა იყო ძალიან დიდი ემისიები და დღეის მდგომარეობით, იმის მესამედიც არ გვაქვს. ამიტომ, როდესაც საუბრობ, რომ 35%-ით შეამცირებ ემისიებს, გულისხმობ, რომ… გაზრდი! ენერგოგაერთიანების წევრობამ უკვე შემოიტანა ახალი ვალდებულებები საქართველოსთვის, რაც გულისხმობდა არა 35%-ი, არამედ, მინიმუმ, 47%-იან ნიშნულს და მინიმუმ, 20 მილიონი ტონა CO2-ის ეკვივალენტს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რაც პარიზის შეთანხმებით ჰქონდა განსაზღვრული, მასზე 7 000 000 ტონა CO2-ის ეკვივალენტით ნაკლები უნდა განესაზღვრა. ეს ცვლილებები განახორციელა necp-ში საქართველოს მთავრობამ და მკაცრი მიზანი ჩაწერეს ზუსტად იმიტომ, რომ ენერგოგაერთიანება ასე ითხოვს. შესაბამისად, ვალდებულები ვართ, მათ მოთხოვნებთან შესაბამისად მოხდეს ჩვენი გეგმების, მიზნების თუ სტრატეგიების თანხვედრა. ამიტომ როცა საუბარია ენერგოეფექტურობაზე, აქ რაღაც გარე კონვენციებზე აღარც უნდა ვიფიქროთ, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
დავით ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ 2023-2024 წლების ენერგობალანსში ცენტრალური სისტემიდან ენერგიის მოხმარების შემცირება, ძირითადად, კერძო ინიციატივების შედეგია:
_ ადამიანებმა თითონ დაიწყეს ვარვარა ნათურების შეცვლა, რადგან ძვირი მოსდიოდათ გადასახადები. სხვადასხვა საწარმოებმა, მაგალითად, მეღვინეებმა, სასტუმროებმა დაიწყეს სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟება ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე. ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, სახელმწიფოს რომ ენერგოეფექტურობის მხარდამჭერი შესაბამისი პოლიტიკა განესაზღვრა. Necp-ში თვითონვე უწერიათ, რომ თბილისში, გამთბარი შენობებიდან იკარგება 40%-ი, იმიტომ, რომ ეს შენობები არ არის ენერგოეფექტურად დათბუნებული. დათბუნების შემთხვევაში, გაზის მოხმარება შემცირდებოდა მინიმუმ 20%-ით. შესაბამისად, შემცირდებოდა გაზის იმპორტირება თუნდაც მარტო იმით, რომ ძველი შენობების რენოვაცია მომხდარიყო. აღარ ვსაუბრობ ახალ შენობებზე, რომლებიც გარკვეული მოთხოვნებით უნდა აშენდეს, მაგრამ რამდენად სრულდება ამ მოთხოვნების შესრულება, გაუგებარია, _ ამბობს ჭიპაშვილი.
CENN-ის პროექტის მენეჯერის, ვახო ქოჩორაძის თქმით, ენერგოეფექტიანობას აქვს ორი მხარე: ერთი _ ტექნოლოგიური და მეორე _ ქცევითი. ორივე შემთხვევაში, ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს რესურსის გამოყენების მინიმალური ნარჩენების შექმნით. პირველ რიგში, ენერგოეფექტიანობა ამ კუთხით ყველანაირად ამცირებს მოთხოვნას სხვადასხვა ტიპის ენერგიაზე და ასევე, ამცირებს სათბური გაზების გამოყოფას:
_ ენერგიაზე ძალიან დიდი მოთხოვნის პირობებში, თუ გვინდა საქართველოში დავნერგოთ ელექტროეფექტური მიდგომები სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, ორი მიმართულებით უნდა ვისაუბროთ: ეს არის ტექნოლოგიური ხაზი, ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ პროდუქციაში ჩაბრუნება, როგორც ნედლი მასალა. ასევე, სამანქანო ინდუსტრიის, კომპიუტერული გაჯეტების და სხვა მოწყობილობების სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის უფრო უკეთესად გამოყენება; მშენებლობა ისე უნდა იწარმოებოდეს, რომ არ დაკარგოს სითბო, ნაკლები გაზი გამოიყენოს. სწორედ ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტებია მსოფლიოში ძალიან განვითარებული. მაგალითად, ევროპაში მშენებლობის გარკვეული სტანდარტი გულისხმობს შენობების ისე აგებას, რომ არ დაკარგოს სითბო. საქართველოშიც უკვე ინერგება და არსებობს ამის სტანდარტები და საქართველო ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მიყვეს სხვა ქვეყნების ტექნოლოგიურ გამოცდილებას, რაც მათ გააჩნიათ.
ძალიან მნიშვნელოვანია ქცევითი ნაწილიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი სხვადასხვა კამპანია ტარდება. მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი რომ დაზოგოს ენერგია? აქ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივი საყოფაცხოვრებო ჩვევებიდან დავიწყოთ; მაგალითად, კბილებს ხეხვისას, როცა წყალი არ გჭირდება, წყალი გამორთო! მაგალითად, გაზის 99%-ი იმპორტირებულია. ჩვენ თუ ვიყენებთ ნაკლებ გაზს, ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის უკეთესია. თუ მზის ელექტროგამათბობელი გიდგას და მზის ენერგიის გარდა არაფერს მოიხმარ, შეზღუდული აღარა ხარ. ჩვენს კონტექსტში, მე ხაზს გავუსვამდი გაზის მოხმარების შემცირებას. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ენერგეტიკა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაზის შესახებ უკვე ვთქვი, შეშის მოხმარებას თუ შევხედავთ, შეშის დღევანდელი ტემპებით მოპოვება თუ გაგრძელდება საქართველოში, ძალიან ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ 10 წელიწადში კრიზისი დადგება _ განსაკუთრებით რეგიონებში, მოსახლეობას აღარ ექნება გათბობის საშუალება. ამიტომ, დღესვე უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ საშუალებებზე, შენობების დათბუნებაზე, ენერგოეფექტიან ღუმელებზე, არალეგალური ჭრის მოწესრიგებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება სამომავლოდ _ დადგება მეტი ენერგეტიკული სიღარიბე, ვიდრე დღეს არის.
_ ამ მიმართულებით ხომ არ ახორციელებთ რამე პროექტს?
_ გვქონდა და მიმდინარე პროექტიც გვაქვს, რომელიც მეტწილად ეხება ტყეებს და შეშის ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებას, როგორც პოლიტიკის, ადგილობრივ დონეზე, ისე ტექნოლოგიური გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან იმ კუთხით, რომ შეიქმნას და უკვე შექმნილია კიდეც საწარმოები, რომლებიც ქმნიან მაღალი დონის ენერგოეფექტიან ღუმელებს, ბევრად ნაკლები შეშის მოხმარებით, ვიდრე გავრცელებული ე.წ. “სვანური ღუმელები“. ვარიგებთ ამ ენერგოეფექტიან ღუმელებს, ვმუშაობთ ბრიკეტების საწარმოების გაძლიერებაზე, რაც ცოტა პრობლემურია და გვაქვს სამომავლო გეგმებიც ამ მიმართულებით. თუმცა, ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მასშტაბურია და საჭიროებს ქვეყნის დონეზე, მუნიციპალიტეტების, პატარა სოფლების დონეზეც კი სერიოზულ ჩარევას, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე სახელმწიფო და კერძო სექტორის მხრიდან. აქ არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება ევროკავშირის დახმარებაზე, რადგან მათი ფასდაუდებელი ჩართულობის გარეშე, უამრავი საქმე ამ სფეროში ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ, არ გამოვიდოდა!