,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები ირინე იმერლიშვილი, იოსებ ჯაჭვლიანი და თამაზ ჯაფარიძე. კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას, ირინე იმერლიშვილმა კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები იმის საშუალებას იძლევა, რომ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების გამოკლების შემთხვევაში საკრებულოს შემადგენლობა წელიწადში ერთხელ კი არა, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, არამედ სამჯერ შეივსოს.
ამგვარად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული, ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების რაოდენობა სამს მიაღწევს, არჩევნები კანონით დადგენილი წესით ჩატარდება უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში. მოქმედი კანონით უფლებამოსილებაშეწყვეტილთა რაოდენობა ხუთი უნდა ყოფილიყო, არჩევნები კი წელიწადში ერთხელ გამართულიყო. ირინა იმერლიშვილის შეფასებით, ეს საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.
პარლამენტის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საშური და დროულია და მას ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი.
საბოლოოდ, სხდომაზე დამსწრე ორივე კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
გაერთიანებულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის და „საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის განხილვა იმ მოტივით გადაიდო, რომ საკანონმდებლო ინიციატივას თან არ ახლდა მთავრობის დასკვნა ფინანსური დასაბუთების შესახებ.