მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები აღმაშფოთებელს უწოდებენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დამოკიდებულებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურის შერჩევისადმი. ამის გამო დევნილთა საინიციატივო ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” პრეს-სამსახურის უფროსმა, ქეთევან ჯაყელმა გვითხრა, ეს განცხადება უკვე გაიგზავნა პრეზიდენტთან, პრემიერთან, იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის უზენაეს საბჭოში.
დევნილთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 8 აპრილის დადგენილება, რომლითაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად ამავე თანამდებობაზე დროებით დაინიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია – მიღებულ იქნა საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციების, საქართველოს კანონების უხეში დარღვევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
აფხაზეთის კონსტიტუციაში და ასევე აფხაზეთის კანონის ,,აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აღნიშნულია, რომ მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ გ. ბარამია გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ვ. ყოლბაია პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია აფხაზეთის კონსტიტუციისა და ზემოაღნიშნული კანონის იმპერატიული მოთხოვნები.
უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპი სახელმწიფო შტოების ურთიერთგამიჯვნის შესახებ. კერძოდ, პარლამენტის წევრს არა აქვს უფლება ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში. ვახტანგ ყოლბაია არის უმაღლესის საბჭოს დეპუტატი და იმავდროულად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეც, რაც საქართველოს კონსტიტუციის უხეში და ცალსახა დარღვევაა.
უმაღლესმა საბჭომ დაარღვია საქართველოს კანონი ,,თავისუფლების ქარტია”, რომლის თანახმადაც წარსულში სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები არ შეიძლება დაინიშნონ საქართველოს მთავრობის წევრებად, მინისტრებად და მათ შორის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებად.
ვ. ყოლბაია 1987-1989 წლებში იყო გალის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, შესაბამისად მას არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა აფხაზეთის მთავრობის წევრის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა”.