გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა აქტიურად უნდა ინტეგრირდეს ევროკავშირის პროცესებში, თუმცა, მისი სწრაფი გაწევრიანება ამ ეტაპზე შეუძლებელია, _ იუწყება rbc.ua.
ნიქოზიაში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ, მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება ამჟამად არ განიხილება და ასეთი სცენარი უახლოეს მომავალში არარეალურია.
„ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებელი გაწევრიანება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“, _ აღნიშნა მერცმა.
ამავდროულად, კანცლერმა ხაზი გაუსვა უკრაინის ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთქმედების გაღრმავების აუცილებლობას. ეს გულისხმობს ევროკავშირის სტრუქტურებში უფრო მჭიდრო მონაწილეობას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიმართულებებში თანდათანობით ჩართვას.
მაგალითად მან მოიყვანა, რომ შესაძლებელია უკრაინის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს სხდომებში ხმის მიცემის უფლების გარეშე.
მერცის თქმით, უკრაინის სრულფასოვანი წევრობა საბოლოო მიზნად რჩება, მაგრამ ამის მისაღწევად აუცილებელია შუალედური ნაბიჯები.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ დაახლოებამ ახლა ასევე დააჩქაროს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ და მომავალში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალი ხიდის ფუნქცია შეასრულოს“, _ ხაზგასმით აღნიშნა მან.
კანცლერმა დასძინა, რომ ბოლო დღეებში ეს მიდგომა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა.





































































