როგორც მან გვითხრა, თანამოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები” და “თავისუფალი დემოკრატების” სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფმა, მოიკვლია მასალები ოზურგეთის გამგეობის მიერ ქალაქ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში 301 კვ/მ მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით.
_ ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და კატეგორიულად მოვითხოვთ, სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყებას აქტების გამყალბებელი და სახელმწიფო ქონების უკანონო გასხვისების ხელშემწყობი თანამდებობის პირების მიმართ, _ თქვა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, მიწის ნაკვეთი გაიყიდა აუქციონის წესით 2005 წლის 20 მაისს. ოზურგეთის რაიონული გამგეობის 2005 წლის 15 აპრილის #77 დადგენილების მიხედვით, ქალაქ ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე 301.7 კვ/მ მიწის ნაკვეთი შევიდა აუქციონის წესით გასაცემი მიწების ნუსხაში.
_ ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 23 მაისის #181 დადგენილების შინაარსის მიხედვით, განცხადება აუქციონის გამართვის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთში “ალიონი,” 2005 წლის 19 აპრილს. 2005 წლის 19 აპრილს გაზეთი”ალიონის” ნომერი არ გამოსულა. გაზეთი, რომელშიც შესაბამისი განცხადება იყო გამოქვეყნებული, გამოვიდა 2005 წლის 20 აპრილს.
განცხადებაში მითითებული არ იყო აუქციონის გამართვის თარიღი და დრო. შინაარსიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულ პირებს უფლება ჰქონდათ, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე მიემართათ გამგეობისთვის განცხადების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში. შესაბამისად, აუქციონი ვერ ჩატარდებოდა 2005 წლის 20 მაისს. თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 21 და 22 რიცხვი არასამუშაო დღეები იყო, აუქციონი უნდა ჩატარებულიყო არაუადრეს 2005 წლის 23 მაისისა; გაყალბებულია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 23 მაისის #181 დადგენილება, რომლის მიხედვითაც განცხადების გამოქვეყნების თარიღად მითითებულია 2005 წლის 19 აპრილი. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული აქტების გამყალბებელი და სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაყიდვის ხელშემწყობი მოხელეები დღესდღეობით ისევ მაღალი თანამდებობის პირები არიან, “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მოუწოდებს შეისწავლონ საკითხი და მათი კომპეტენციის ფარგლებში გაატარონ კანონით დადგენილი ღონისძიებები გამყალბებელი თანამდებობის პირების მიმართ.
_ ბატონო თეიმურაზ, იქნებ დაგვიკონკრეტოთ გამყალბებელი თანამდებობის პირების ვინაობა?
_ არ იქნება ჩემგან მართებული, რომ კონკრეტულად დავასახელო პიროვნებები. პროკურატურამ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. კონკრეტული პირები დღესაც მუშაობენ თანამდებობებზე, ისინი ცვლიან ერთ თანამდებობას მეორე თანამდებობით. მე მგონი, დავაკმაყოფილე თქვენი კითხვა.
_ ნაწილობრივ.
_ დანარჩენზე პასუხს პროკურატურა გაგცემთ.
_ პსპ-ს წარმომადგენლებთან ხომ არ გქონდათ შეხვედრა?
_ არა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ მოხდა პსპ-სთვის ფართის გადაცემა, სადაც კლინიკა-აფთიაქი უნდა აშენდეს. საერთოდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ცუდი მდგომარეობაა მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სხვა ქალაქებში არ არის. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, არ არსებობს ქალაქის განაშენიანების გეგმა.