ახლახან ამ ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილები გაიყვანეს _ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირის შეხვედრაც ამას უკავშირდებოდა.შეხვედრაზე გაგარინის ქუჩის მცხოვრებლები სხვა პრობლემებზეც ალაპარაკდნენ:_ კარგია, რომ ბუნებრივი აირი შემოიყვანეს, მაგრამ თუ ხელშეწყობა არ იქნება, ქუჩიდან სახლში ბუნებრივ აირს მოსახლეობის 80% ვერ შევიყვანთ. უმუშევრები ვართ და ერთდროულად გადახდის საშუალება არ გვაქვს, _ გვითხრეს მათ.
ქუჩაზე ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა და თვეზე მეტია, საკანალიზაციო ჭებიდან ფეკალური მასა გადმოდის:
_ ფულიც შევაგროვეთ, რომ საკანალიზაციო სისტემა გაგვეწმინდა, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. წყალკანალიდან გვპირდებიან, მოვალთ და გავწმენდთო, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს. თუ ასე გაგრძელდა, აქ ეპიდემია გაჩნდება. საკუთარი ძალებით ვერაფერს გავხდით, დახმარება გვჭირდება, _ აღნიშნა მოსახლეობამ.
მამეშვილი მოსახლეობას ამ და სხვა პრობლემების გადაჭრაში დახმარებას შეჰპირდა:
_ მოსახლეობამ უნდა შექმნას ამხანაგობები, გარკვეულ წილს ხელისუფლებაც გაიღებს და ამ პრობლემებს ერთად მოვაგვარებთ, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.
უკმაყოფილება გამოთქვეს ამავე ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებლებმაც:
_ რაც სახურავი შეუცვალეს ჩვენს საცხოვრებელ ბინებს, წყალი თქრიალით ჩამოგვდის, ალბათ, არასწორი გადახურვის გამო. დაზიანებულია სახურავიდან ჩამომავალი წყლის სადინარებიც, გთხოვთ, გადაიღოთ, რა მდგომარეობაშია საკანალიზაციო ჭები, ეზოში აუტანელი სუნი დგას. ხელისუფლებამ რაღაც უნდა მოგვიხერხოს, _ აშკარა უკმაყოფილებას არ მალავდა მოსახლეობა.
ალეკო მამეშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობის მიერ დასმულ პრობლემებს უყურადღებოდ არ დატოვებს:
_ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა აუცილებლად გამოიყოფა. მთავარია, ამ ეტაპზე მოსახლეობას ბუნებრივი აირის შეყვანის საშუალება მიეცემა. რაც შემეძლება, დავეხმარები, რომ განვადებები გაუკეთდეთ. არ არის ეს ისეთი პრობლემა, რომელსაც არ მოევლება, _ თქვა მამეშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved