(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურულმა კარატისტებმა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს. გურიის კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ თურქიას თქმით, 11-12 დეკემბერს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი “ოპენ-თბილისი”, რომელშიც მონაწილეობას 5 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი და უკრაინა) წარმომადგენლები იღებდნენ: _ ლანჩხუთის სპორტსკოლის გუნდი 10 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილი. 9 საპრიზო ადგილი მოვიპოვეთ: 4 _ პირველი, 2 _ მეორე, 3 _ მესამე. პირველ დღეს გუგა ივანაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა, საბა გოგოძემ კი _ მეორე. კიდევ ერთმა ჩვენებურმა, ონისე ცინცაძემ ორ დისციპლინაში შეძლო მედლის მოპოვება _ კუმიტეში (ორთაბრძოლა) ვერცხლი და კატაში (ფორმალური კომპლექსი) _ ბრინჯაო. ასევე მესამე იყო დათო წილოსანი. გოგონებში გვასახელა თამუნა ცეცხლაძემ, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. მეორე დღეც წარმატებით ჩაატარეს ჩვენმა სპორტსმენებმა: შანსი არავის დაუტოვა ნიკა ჩხაიძემ _ მან ბრწყინვალედ მოიგო ყველა ბრძოლა, განსაკუთრებით ფინალი, სადაც მოუგო მოწინააღმდეგეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატზე ნიკა ნახევარფინალში გადასასვლელი ბრძოლაში დაამარცხა. თათია თურქია აბსოლუტურ კატეგორიაში პირველი იყო. ამ წარმატებით თათიამ სარეიტინგო ქულები აიმაღლა. სხვათა შორის, იგი საქართველოს ნაკრების ლიდერია და თებერვალში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სერბეთში გაიმართება. ასევე მედლის მოპოვება შეძლო სალომე მითაიშვილმა _ ის მესამეადგილოსანი გახდა.
თურქიას თქმით, ლანჩხუთელმა კარატისტებმა წელს სხვადასხვა სინჯის 86 მედლის მოპოვება შეძლეს: _ 36 ოქრო, 24 ვერცხლი, 23 ბრინჯაო. კიდევ გუნდური პირველობა მოვიგეთ მცხეთაში. ეს გასულ წელთან შედარებით სამი მედლით ნაკლებია, თუმცა, შარშან ამდენი პირველი ადგილის დაკავება ვერ შევძელით. იმედს ვიტოვებთ, რომ წინა წლის საერთო მაჩვენებს წელს გავაუმჯობესებთ. 26 დეკემბერს ტარდება რესპუბლიკური ტურნირი ქალაქ მცხეთაში. თუ ამ შეჯიბრებაში წარმატებით გამოვედით ანუ მინიმუმ 4 სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შევძელით, 2009 წლის შედეგებზე უფრო მაღალი მაჩვენებლით დავასრულებთ 2010 წელს,” _ დასძინა მერაბ თურქიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved