ეს ფოტოები 2011 წლის 27 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, ნაცვალაძეების უბანში, მეწყერსაშიშ ზონაშია გადაღებული და აქაურების დღევანდელობას ასახავს.
ოჯახებს, რომელთა სახლები ფოტოებზეა აღბეჭდილი, საკუთარი საცხოვრებელის დატოვება სასწრაფოდ ესაჭიროებათ _ ყოველ წუთს მოსალოდნელია, ეს სახლები დაინგრეს და ტრაგედია მოხდეს! 19 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, მათი სახლის ნაპრალები გაფართოვდა, ამას ემატება დახეთქილი წყლის მილებიდან გამომავალი წყალი, რომელიც შეკეთებას აღარ ექვემდებარება და ეზოებში მდინარესავით მოედინება.
2010 წლის 14 სექტემბერს, მეწყრის შედეგად, ნანული ნაცვალაძის სახლი მთლიანად დაინგრა. იქვე დაბმული სამი ძროხა, რომელიც ამ ქალბატონის ერთადერთი მარჩენალი იყო, ნანგრევებში მოექცა და დაიხოცა. თავად ქალბატონი ნანული სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენელმა მაშინ ნანული ნაცვალაძე მოინახულა და დახმარება აღუთქვა, თუმცა, 5 თვის შემდეგ, ის ისევ დანაპირები დახმარების მოლოდინშია.
ოთხი მცირეწლოვანი შვილის მშობლები ამირან ხიმშიაშვილი და მისი მეუღლე სოციალურად დაუცველები არიან. ამირანს მამის დანატოვარი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი თავზე დაენგრა. ამის შემდეგ ხიმშიაშვილებმა სახლის მშენებლობა დაიწყეს, თუმცა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო აშენება ვეღარ შეძლეს. მათი ოჯახი მრავალშვილიანობის დახმარებას იღებს, როგორც თვითონ ამბობენ ორ თვეში, ხან კიდევ სამ თვეში ერთხელ: “მადლობა ღმერთს, საბოლოოდ თანხა იყრის თავს, რომელიც მხოლოდ პირველადი მოხმარების კვების პროდუქტების შესაძენადაც არ მყოფნის. ერთი წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში დავრეგისტრირდი, ფულად დახმარებას ვიღებდი, თუმცა, ერთი წელია, აღარ მიმიღია. ასე მითხრეს, არ გეკუთვნოდაო და ამის მიზეზი ჩემი ხელფასი _ 50 ლარი ყოფილა” _ ხიმშიაშვილი ასკანის საჯარო სკოლაში მუშაობს.
ქეთევან ნაცვალაძეს სასწრაფოდ სჭირდება თავშესაფარი
მანანა შათირიშვილი თავის გოგონასთან ერთად ამ სახლში ათენ-აღამებს და არ იცის, როდის დაენგრევა თავზე
აქ ცხოვრობენ ამირან ხიმშიაშვილი და მისი მეუღლე ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად
ნანული ნაცვალაძე თავისი სახლის ნანგრევებთან ხელისუფლების დანაპირებს ელოდება