(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ნატო კიკვაძე 40 წელს მიტანებული ქალბატონია. იგი დედასთან და ერთ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში ცხოვრობდა; ცხოვრობდა, რადგან, დღეს მისი საცხოვრებელი სახლი ნანგრევებადაა ქცეული.
_ რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი შვილი (დედაჩემი ჩემ დასთან იყო წასული) დასაძინებლად დავწექით. შუაღამე იქნებოდა, რაღაცამ შეგვაზანზარა და საწოლიანად ქვემოთ ჩავვარდით. თავზე ნანგრევები გვეყრებოდა. ავტეხეთ ყვირილი, მეზობლებმა ძლივს გამოგვიყვანეს ნანგრევებიდან. “კუხნაში” გადმოვედით, მაგრამ, როგორც ხედავთ, აქაც არ შეიძლება ცხოვრება. ბავშვი დღემდე შიშის ქვეშ არის, ტირის, აქედან წავიდეთო, მაგრამ არც წასასვლელი მაქვს და არც არანაირი საშუალება. ბავშვის მამასთან 11 წელია განქორწინებული ვარ და დედაჩემთან ვცხოვრობ. 11 წლის განმავლობაში 11 თეთრი არ გაუმეტებია თავისი შვილისთვის. არადა, ვიცი, კარგი სამსახური აქვს, _ ამბობდა “გურია ნიუსთან” საუბარში ნატო კიკვაძე. სამწუხაროდ, ჟურნალისტებს არაერთი ოჯახის გაჭირვება გვინახავს, მაგრამ ჩვენთვისაც კი საშინელი სანახავი იყო დანგრეული სახლი, დალეწილი ავეჯი, მიმოფანტული, დამსხვრეული ჭურჭელი. ღობეზე მიფენილი სველი ტანსაცმელი და თეთრეული, თავს დამტყდარი ნგრევისგან დაბნეული და შეშინებული დედა-შვილი. მეზობლები ადასტურებენ, რომ ოჯახს ძალიან უჭირს და გვთხოვდნენ, როგორმე დავხმარებოდით მათი ამბავი რაიონის ხელისუფლებამდე მიგვეტანა.
სასიამოვნოა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ამჯერად ოპერატიულობა გამოიჩინეს _ 22 თებერვალს, სოფლის რწმუნებულთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაზარალებულო ოჯახი მოინახულეს. ანტონ ხუნდაძემ კიკვაძეებს 100 ლარი გადასცა, გამგებელი კი უახლოეს მომავალში პატარა, მაგრამ საცხოვრებლად ვარგისი სახლის შეძენას დაპირდა ოჯახს. “მთავარია, გადარჩით, აწი ჩვენ მოგხედავთ”, _ ასეთი იმედიანი სიტყვებით დაამშვიდეს დაზარალებულები პირველმა პირებმა. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს, თუ როგორ შეასრულებენ ისინი დანაპირებს და მკითხველს გავაცნობთ, რამდენად უნდა ვიქონიოთ ხელისუფლების იმედი გაჭირვების ჟამს.
იმავე დღეს, ხუნდაძემ და გიორგაძემ სოფელ ბურნათში მცხოვრები ნათელა ძნელაძის საცხოვრებელი მოინახულეს _ სახლის ერთი ნაწილი თოვლმა ჩამოანგრია, თუმცა გადარჩენილ ოთახებშიც არ შეიძლება ცხოვრება, რადგან სიძველისგან სახლი მთლიანად ამორტიზირებულია. იმედია, რაიონის ბიუჯეტიდან ქალბატონი ნათელას დასახმარებლადაც გამონახავენ საჭირო თანხას.