(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 24 თებერვალს, ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩის მეოთხე კორპუსის სახურავსა და კედლებზე კასკადიორებივით მოსიარულე მაშველები გამოჩნდნენ. როგორც აქ მცხოვრებლებმა თქვეს, ე. წ. “ჟოლობი” ყველა ადგილზე დაზიანებულია და წვიმის წყალი სახურავიდან ოთახებში თქრიალით ჩადის.
_ რამდენჯერ შეგვპირდნენ, არჩევნების დროს ამ სახურავის შეცვლას, ვინ მოთვლის, მაგრამ, არაფერი, _ ცხარობდა კორპუსის ერთი მცხოვრები.
_ მერე, მაშველები რა შუაში არიან? ხედავ, როგორ დაცოცავენ? _ მაშველებს “შეეშველა” მეორე მცხოვრები და კედელზე თოკით ოსტატურად მოსიარულე გიორგი კარტოზიაზე მიანიშნა.
როგორც გავიგეთ ამ დღეს მაშველებმა შესაძლებლობის ფარგლებში, შეაკეთეს აღნიშნული კორპუსის სახურავზე განლაგებული საწვიმარი ძაბრები და ღარები.