ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები 80 წლის უსუფ ქათამაძე “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში მისი ოჯახის პრობლემებზე სასაუბროდ მოვიდა.
_ ჩემი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, პურის ფულიც აღარ გვაქვს. სახლში სამი შვილიშვილი მყავს. სკოლის მოსწავლეები არიან, არც ერთს არ აქვს სახელმძღვანელო. ბავშვებზე ვწუხვარ და მათი მრცხვენია, რომ ვერაფერს ვუკეთებ. ნორმალურად რომ გამოვკვებოთ, იმასაც ვერ ვახერხებთ. გახსოვთ, ალბათ, მე სტუმრად ჩამოსულ მინისტრებს უნდა შევხვედროდი, იმ სახელმძღვანელოების ჩამონათვალი უნდა მიმეწოდებინა, რომელიც ჩემს შვილიშვილებს სჭირდებოდათ და ვერ ვყიდულობდი. მინდოდა, საკუთარი თვალით ენახათ, რა გაჭირვებაში ვართ, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. მაინც ვცდილობ და ხავსს ვეჭიდები, იმედი მაქვს, არ გამწირავენ, _ გვითხრა ქათამაძემ.
ადრე ქათამაძეების ოჯახს სოციალური დახმარება დანიშნული ჰქონდა, შემდეგ ოჯახში ცვლილებები მოხდა _ შვილი გარდაეცვალათ, მეორე თავისი ცოლ-შვილით რუსეთში წავიდა, ახლა ერთი შვილიღა დარჩათ ცოლ-შვილთან ერთად.
სოციალური მომსახურების სააგენტომ ქათამაძეების ოჯახი 2011 წლის 10 თებერვალს შეისწავლა და სარეიტინგო ქულების მიხედვით, მას სამედიცინო პოლისიც არ მიაკუთვნა.
_ მითხრეს, რომ ქულები მაღალი მაქვს და ვერანაირ სოციალურ დახმარებას ვერ მივიღებ, _ განაგრძობს უსუფ ქათამაძე, _ ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ჩემი პენსიაა, რომელიც წინასწარ მაქვს გამოტანილი. ახლა აღარც პურის ფული შემრჩა. ისევ თქვენი იმედი მაქვს _ გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ ხელისუფლებას და მგონია, უყურადღებოდ არ დამტოვებენ _ სხვა საშველს ვერ ვხედავ!
უსუფ ქათამაძის ოჯახური მდგომარეობა სოციალური მომსახურების სააგენტოში მოვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ მას მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 75 770, რაც არანაირი სოციალური დახმარების დანიშვნას არ ითვალისწინებს. გავარკვიეთ, აგრეთვე, ჰქონდა თუ არა უფლება სოფლის რწმუნებულს, ქათამაძის დასახმარებლად მიემართა სააგენტოსთვის. პასუხად მივიღეთ, რომ ოჯახისთვის შევსებულ დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს, რომ ის უკიდურესად ღატაკია, რაც ქათამაძეების ოჯახისთვის შევსებულ დეკლარაციაში არ ჩანს. ამდენად, ვერც სოფლის რწმუნებული მიმართავს სააგენტოს შემწეობის დასანიშნად. დარჩა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შემოთავაზებული სოციალური დახმარებების პაკეტი, რის მისაღებადაც, ქათამაძეების ოჯახმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიმართოს.