გასულ კვირას, თბილისში, აქციაზე _ “მეც პატიმარი ვარ” ათი ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი გოჩა ჩხაიძე. მისი თქმით, მსგავს აქციას უკვე მესამედ შეუერთდა, მაგრამ პირველად მოხდა, როცა სამართალდამცავებმა დააკავეს და ტყეში ექვსი საათი ამყოფეს.
_ ქვეყანაში, ერთი წლის განმავლობაში, წამების შედეგად 142 პატიმარია გარდაცვლილი და მე გამიჩნდა სურვილი, მონაწილეობა მიმეღო სამშვიდობო აქციაში _ “მეც პატიმარი ვარ”. პირველად მარტში შევუერთდი აქციის ორგანიზატორებს და შემდეგ აქციებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი.
_ რა მოხდა 4 აპრილს?
_ კინო სახლის წინ დაწყებული აქცია, უზენაეს სასამართლოსთან გაგრძელდა. მოხდა ისე, რომ აქციის რამდენიმე მონაწილემ კვერცხები ვესროლეთ სასამართლოს შენობას, სადაც, ვფიქრობ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას ხშირად არ იღებენ და ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელი ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის. პოლიციამ ჩემთან ერთად ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის ქალბატონები და ჩვენთვის უცნობი გზით წაგვიყვანეს. შემდეგ აღმოვჩნდით აეროპორტის გზაზე _ შსს სამინისტროს გამჭვირვალე შენობის უკანა მხარეს, სადაც ტყეა და პოლიციელებმა იქ ექვსი საათი გვამყოფეს, რის შემდეგ, ღამის პირველ საათზე, სასამართლო შედგა! ვის გაუგია ღამის პირველ საათზე სასამართლო პროცესი?! თან ჩვენმა წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ კვერცხები დავუშინეთ შენობას და არა პოლიციელებს, ჩვენ კი ბრალი სწორედ პოლიციელებისთვის კვერცხების დაშენაში გვედებოდა. ამ ვიდეოჩანაწერს ყურადღება არ მიაქცია მოსამართლე გოცირიძემ, მაგას თუ მოსამართლე ჰქვია და ასეთ სასამართლოს _ სასამართლო!
_ თქვენ ახსენეთ, რომ პოლიციას ტყეში ექვსი საათი ჰყავდით. რა მოხდა იქ?
_ არაფერი, ექვსი საათის განმავლობაში აქტს ადგენდენ, რის შემდეგ დაიწყო ხუთსაათიანი სასამართლო. ყველას ერთნაირი ბრალდება გვქონდა წაყენებული _ ათივე კაცი, თურმე, ვიგინებოდით, ვიფურთხებოდით, პოლიციელებს ვესროდით კვერცხებს. ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა _ კვერცხები ვესროლეთ სასამართლოს შენობას და კიდევ ვესვრი! მესმის, რომ ეს არ არის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო საშუალება, მაგრამ, ქართული სასამართლო მართლა იმსახურებს ამას. 2009 წლის 6 მაისს, შინაგან სამინისტროს სამმართველოს შენობის წინ, პატიმრების მხარდამჭერი აქციის დროს, სამართალდამცავებმა მესროლეს ლეტალური ტყვია, რომლის გამოყენება იმ დროს, კანონის მიხედვით, არ შეიძლებოდა. მაშინ არავინ არ დაუსჯიათ და არც ამბავი არ უკითხავს არავის ხელისუფლებისგან. როდესაც კვერცხი ვესროლე შენობას, სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დამაკისრა.
4 აპრილს, ათი კაცი გაგვასამართლეს. ოთხ მათგანს რამდენიმედღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენებს _ 400-400 ლარიანი ჯარიმა. _ გვითხრა გოჩა ჩხაიძემ.
მედია-კავშირმა “ობიექტივმა” იმავე დღეს გაავრცელა გიორგი გეგეჭკორის მცირე კომენტარი ინციდენტთან დაკავშირებით:
_ ბატონო გიორგი, რატომ დაიჭირეთ აქციის მონაწილეები?
_ იმიტომ რომ კვერცხებს ისროდნენ.
_ რომელი მუხლით გაასამართლებთ კვერცხების სროლისთვის?
_ კომენტარს ჩვენი პრესსამსახური მოგვიანებით გააკეთებს.