რამიშვილმა შეკითხვა მხოლოდ ნაციონალ დეპუტატებს დაუსვა და იგი ასე ჟღერდა: “რა ნაკლი აქვს მიხეილ სააკაშვილს?”
როგორც მოსალოდნელი იყო, დეპუტატთა უმეტესობამ მესიანური პათოსით განაცხადა, რომ საქართველოს აბსოლუტურად უნაკლო პრეზიდენტი ჰყავს. მათ შორის იყო ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი კორნელი კუკულავაც: _ რა ნაკლი, რის ნაკლი?! რა თქმა უნდა, უნაკლო პრეზიდენტი გვყავს!!! _ ასეთი იყო ჩოხატაურელთა რჩეულის პასუხი.
საზოგადოება, როგორც ჩანს, სტერეოტიპებს ამსხვრევს _ აქამდე, უნაკლო და უზადო მორწმუნეთათვის მხოლოდ ღმერთი იყო ზეცაში; თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასე ბევრი აღარ ფიქრობს _ როგორც გავარკვიეთ, გურიასაც უნაკლო ხელისუფლება ჰყავს და კაბინეტებში ნამდვილი ანგელოზები სხედან!
ლევან ჩხიკვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსი: _ ჩვენი გამგებელი უნაკლოა. ყოველ შემთხვევაში, ნაკლი მე ვერ აღმოვუჩინე.
დოდო მამალაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი: _ საერთოდ არ მიყვარს ადამიანის ნაკლზე საუბარი, თუმცა არც მგონია გიას რაიმე ნაკლი ჰქონდეს.
დავით ჯინჭარაძე, ჩოხატაურის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი: _ აქვს თუ არა ნაკლი გიორგაძეს, ვერ გეტყვით, რადგან ამაზე არასოდეს მიფიქრია.
გია გიორგაძის უნაკლობა სოფლის რწმუნებულებმაც დაგვიდასტურეს. გამგებლის თუნდაც ერთ, პაწია ნაკლს ვერც მისი მოადგილე დიმიტრი კორიფაძე ასახელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის ნაკლის დასახელება იურისტმა ედიშერ ჯიბუტმა კატეგორიულად იუარა: _ რას მერჩით, რა გინდათ, მაინცდამაინც ჩემგან გინდათ გაიგოთ?! არ ვიცი მე არავის ნაკლი!
ამ უწყინარმა შეკითხვამ საჯარო სამსახურებში მომუშავე ადამიანები ისე შეაშინა, რომ ბევრი კაბინეტშიც კი ჩაიკეტა.
ეთიკისა და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ურიდიამ განგვიმარტა, რომ ხუნდაძე “ნამდვილად უნაკლოა”. ხელმძღვანელის ნაკლის შესახებ საუბარი არც ერეკლე მრელაშვილმა და ზაზა ბასილიამ ისურვეს.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზაურ ოსეფაიშვილმა გვითხრა, რომ ხუნდაძეს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: _ სუფრაზე, როცა თამადობს, ანტონი ბევრს ლაპარაკობს, _ აღნიშნა ოსეფაიშვილმა.
არც საკუთარ და არც სხვის ნაკლზე არ უსაუბრია თავად ხუნდაძეს. კითხვაზე, რა ნაკლი აქვს გურიის გუბერნატორს, გვიპასუხა: “ჩვენ ძალიან კარგი გუბერნატორი გვყავს, რომელსაც ნაკლს ვერ მოუძებნი!”
ჩოხატაურის გამგებლის გია გიორგაძის თქმით, გუბერნატორის ნაკლი “მისი ლმობიერებაა”.
ჩოხატაურის მსგავსად, ვერც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვიპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელიც ოზურგეთის გამგებლის, გია ტაკიძის ნაკლის შესახებ გვეტყოდა რამეს. გამგებლის მოადგილემ, მიხეილ გოგოტიშვილმა თანამშრომლების მოსაზრება, ტაკიძის უნაკლობის შესახებ დაგვიდასტურა.
_ გიას არანაირი ნაკლი არ აქვს, ჩვენ ხელში გაზრდილი ბიჭია, _ გვითხრა ოზურგეთის გამგეობის სტაჟიანმა თანამშრომელმა, მზევინარ სალუქვაძემ.
_ ქალბატონო მზევინარ, ყველა გამგებელი, რომელიც თქვენი აქ მუშაობის მანძილზე მოვიდა და წავიდა, ტაკიძის მსგავსად უნაკლო იყო?
_ წასულებზე ვერაფერს გეტყვით. მათი აქ მუშაობისას რომ გეკითხათ, გიპასუხებდით.
_ ახლა გვითხარით, თუნდაც ტაკიძის წინამორბედის _ ავთო მექვაბიშვილს ნაკლი რა იყო?
_ არ ვიცი ავთოს ნაკლის შესახებ, _ აღნიშნა სალუქვაძემ.
სხვა ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა გია ტაკიძემ:
_ მე ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს _ უნაკლო ადამიანი ქვეყნად არ არსებობს. უყურადღებო ვარ და ამის გამო, საკუთარ თავს ხშირად ვსაყვედურობ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბევრი საქმის და გადატვირთული რეჟიმის გამო, ვიღაც უყურადღებოდ დამიტოვებია და ეს შემდეგ ძალიან, ძალიან მაწუხებს…
თუმცა, თვითკრიტიკულმა ოზურგეთის გამგებელმა გუბერნატორის ნაკლზე საუბარი არ ისურვა: _ ძალიან გთხოვთ, სხვის ნაკლზე საუბარს ნუ მომთხოვთ, _ გვითხრა ტაკიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის თეიმურაზ მოქიას თქმით, ოზურგეთს უნაკლო საკრებულოს თავმჯდომარე ჰყავს. მოქიას, ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძეც დაეთანხმა.
_ მე და ალეკო ბავშვობის მეგობრები ვართ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად უნაკლოა, _ გვითხრა საკრებულოს აპარატის უფროსმა, პაატა ბურჭულაძემ.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, “უნაკლო” ალეკო მამეშვილმა ჩვენი მიღება პრესსამსახურის წარმომადგენლის გარეშე არ ისურვა, ის კი ადგილზე არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ორი ადამიანი დაგვხვდა, არავის აღმოაჩნდა იმის კომპეტენცია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჩვენი “აუდიენცია” უზრუნველეყო. მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ მამეშვილის ნახვა და ჩაწერა საკრებულოს აპარატის უფროსის, პაატა ბურჭულაძის კაბინეტში. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს გუბერნატორის ნაკლის დასახელება ვთხოვეთ:
_ ასეთ დროს პირველად მთხოვეს კომენტარი და არ ვიცი რა გიპასუხოთ…(?!) ახლა სამუშაო საათები დამთავრებულია და…(?!)
_ ბატონო ალეკო, უფროსის ნაკლის დასახელება მხოლოდ სამუშაო საათებშია ნებადართული?! თან, ექვსს მხოლოდ ოთხი წუთი გადასცდა…
_ ხო, მაგრამ…
_ აბა, სამუშაო საათებში პრესსამსახურის გარეშე არ მიგვიღეთ!
_ ასეთია ბრძანება (ნეტავ, რომელი “უნაკლო” უფროსის ბრძანებაა?! ავტ.)…
_ ბატონო ალეკო, თქვენს, როგორც ხელმძღვანელის ნაკლზე ხომ არ მეტყველებს ამასწინანდელი ფაქტი _ როგორც კი საზღვარგარეთ წახვედით, თქვენი თანამშრომლები სამუშაო საათებში რესტორანში, რბილად რომ ვთქვათ, შეზარხოშდნენ?
_ მართლა არ მინდა ამაზე საუბარი და ამაზე მე რეაგირება მოვახდინე.
_ არც ის გინდათ გვითხრათ, რა ნაკლი აქვს ვალერი ჩიტაიშვილს?
_ ჩიტაიშვილს ნაკლი არ აქვს!
_ როგორ, მთლად უნაკლოა?!!
_ კი, ნამდვილად უნაკლოა!
გურიის გუბერნატორს, ვალერი ჩიტაიშვილს ვთხოვეთ, რეგიონული მართვის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ნაკლის შესახებ ესაუბრა:
_ ეს რა შეკითხვაა?!! მე მირჩევნია თქვენ ნაკლზე ვისაუბრო, _ “დაბალი ღობე” იპოვა ჩიტაიშვილმა.
_ თქვენი ხელმძღვანელი რომ არ ვარ?! თუმცა, მაინც ძალიან საიტერესოა, თქვით და აუცილებლად დავბეჭდავთ.
_ ამაზე როცა მოვიცლი, მაშინ გესაუბრებით, _ გვითხრა ქვეშევრდომებისგან ანგელოზივით უნაკლოდ შერაცხულმა გუბერნატორმა და ტელეფონი ნაკლით დახუნძლული ჩინოვნიკივით გაგვითიშა.
როცა ამ გამოკითხვას ვამზადებდი, რამდენიმე რესპონდენტმა კითხვა უკან დამიბრუნა: _ შენი ხელმძღვანელის ნაკლზე რომ გკითხონ, რა, უპასუხებო?! კი, ვუპასუხებ და თანაც, დარწმუნებული ვარ, ამის გამო, სამსახურიდან არავინ გამაგდებს: მას, როგორც ყველა ადამიანს, აქვს ნაკლი _ მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი და დამყოლი ნატურა ჩანს, საკმაოდ ფიცხია და გაბრაზებულს თავშეკავება უჭირს; თუ მისი ყვირილი ისმის, აუცილებლად ჯობია დაიმალო _ ყველამ ვიცით, რომ ეს სულ ცოტა ხანს გასტანს. ზედმეტი მოთმინებაც მისი ნაკლია _ უჭირს უმაქნისი ან არაკვალიფიციური თანამშრომლის მიმართ გადამჭრელი ზომების მიღება; ეს კი საქმეს ვნებს ან აფერხებს. ჩემი მრავალი ნაკლიდან კი, მხოლოდ ერთს გაგიმხელთ: მე რომ გაზეთის რედაქტორი ვყოფილიყავი, ჟურნალისტის მოსაზრებას ჩემი ნაკლის შესახებ არ დავბეჭდავდი!