(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის მოსახლეობა ენერგოკომპანიის ქმედებით აღშფოთებულია: _ ნინოშვილში არის ერთი პატარა კუთხე, რომელსაც “დაბლა ყელას” ეძახიან. როგორც სხვას, ჩვენც გვაქვს ჩვენი ტრანსფორმატორი, რომელიც 25 ოჯახს ემსახურება. როგორც ყველა ტრანსფორმატორს, მასაც აქვს საერთო მრიცხველი, რომლის ჩვენების მიხედვით, უკანონო ვალი გვედება. რადგან “ძალა აღმართს ხნავს”, ჩვენც ამ ვალს პატიოსნად ვიხდით. აპრილში, ჩვენი ცოდვით თუ სირცხვილით, ის მრიცხველი დაიწვა. გვითხრეს, ეს თქვენი პრობლემა არ არის, გადაიხადეთ მხოლოდ ინდივიდუალურ მრიცხველზე აღრიცხული თანხაო. რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცით, მაგრამ მეორე დღეს მოგვადგნენ და 600 კვტ.სთ. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოგვთხოვეს. ხალხს, როგორც ყველგან, აქაც უჭირს, მაგრამ ეს ვალიც დავფარეთ, თუმცა, რად გინდა? მესამე დღეს ისევ მოვიდნენ და ახლა გაორმაგებული _ 1200 კვტ.სთ.-ის საფასურის დაფარვა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუქს გაგითიშავთო. ლანჩხუთის ქსელებში “სიტყვის შემსრულებელი” ხალხი მუშაობს და 26-ში, როცა მთელი საქართველო თბილისში დაძაბულ სიტუაციას ადევნებდა თვალს, დილის 10 საათზე შუქი მართლაც გაგვითიშეს. გვესმის, “დიდ კაცთან” “პატარა კაცსა” მართალი არასდროს გასდის, მაგრამ იქნებ, გაგვაცნონ ის “მგელი”, რომელმაც უნდა შეგვჭამოს _ ლანჩხუთელია, სენაკელი, ბათუმელი თუ იტალიელი. ჩვენც ჩვენი მხრივ თადარიგს დავიჭერთ, რომ ჩვენი ძვალი ყელში არ გაეჩხიროს, თორემ ამ “მგლის” დახრჩობასაც ჩვენ დაგვაბრალებენ, _ ამბობს მოსახლეობა.
სამწუხაროდ, მხოლოდ ნინოშვილელებს არ აქვთ ასეთი პრობლემა და “თანხების მოთხოვნის” საკითხში “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბადალი არ ჰყავს! მერე რა, რომ ამის გამო მომხმარებელი ზარალდება. როცა მისთვის პასუხის მომთხოვნი არავინაა, პირობებსაც ცალმხრივად უყენებს მოსახლეობას. ამ დროს კი, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ რეკომენდაციებითა და იმ ყბადაღებული პიარით შემოიფარგლება, რომლის მიხედვითაც “სულ მალე მთელი რაიონი გამრიცხველიანდება”! მანამდე კი ნინოშვილისა თუ სხვა სოფლის მოსახლეობა, იძულებულია, გადაიხადოს არა ის, რასაც მოიხმარს, არამედ რასაც მას “გამოუწერენ”. ჩვენ არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ ენერგოკომპანია ნინოშვილელთა პრობლემას გამოეხმაურება.