(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტუმრად ეწვივნენ უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკის ქარხანა “ენერგოსოკოლის” დირექტორი ვიქტორ კუბრაკი და კომპანია “დემოსის” სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელი ალტერნატიული ენერგეტიკის დარგში ალექსანდრ ხორუნჟი. როგორც გამგეობის პრესსამსახურში ამბობენ, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რევაზ ჩიტიძეს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილეს ჩაის საშრობი ღუმელის და სხვა მოწყობილობების დამზადების ტექნიკური საკითხები. ასევე, ისაუბრეს ბამბუკის წარმოების შესახებ.
უკრაინელებმა მოინახულეს ანასეულის ჩაის ინსტიტუტი; ლანჩხუთის ჩაის მიმღებ_გადამამუშავებელი საწარმო შპს “არომატი_91”; დაათვალიერეს ჯიხეთის დედათა მონასტერი; იყვნენ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში, 1 საბავშვო ბაღსა და პირველი საჯარო სკოლაში, სადაც საქვაბეების ნახვის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრება, გათბობის პისილიზური ქვაბების განთავსების პერსპექტივის შესახებ _ ეს ქვაბები ეკონომიურია, მუშაობს მყარ საწვავზე უკვამლოდ და უნარჩენოდ.
_ ამის შემდეგ სტუმრები კულტურის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს დაესწრნენ, აღფრთოვანება გამოთქვეს ქართული ფოლკლორით და აღნიშნეს, რომ ასეთი სიამოვნება კარგა ხანია არ მიუღიათ, დაათვალიერეს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. სტუმრებსა და მასპინძლებს შორის გაიმართა გულთბილი შეხვედრა. საკრებულოს თავმჯდომარემ მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ორივემ მხარემ ერთმანეთს გაუზიარა საინტერესო წინადადებები, რომელთა გახორციელება უახლოეს მომავალში ერთობლივი თანამშრომლობით იგეგმება, _ ამბობენ პრესსამსახურში.