ბანკის თანამშრომლების მოყოლილი კურიოზები
ფანჯარა
ჩემი მეგობარი ტრენერია კომპიუტერულ სფეროში. ერთ დღეს ტრენინგების შემდეგ დარბაზში ცოტა ხნით დარჩა. იქვე, კომპიუტერთან, იჯდა ბანკის თანამშრომელი გოგონა. მორჩა თუ არა ტრენერი საქმეს, წასვლა დააპირა და ამ გოგონასაც უთხრა, დროა, უკვე წავიდეთო. გოგონამ ჰკითხა, გავთიშო კომპიუტერიო? ჩემმა მეგობარმაც უპასუხა, არა, უბრალოდ ფანჯრები დახურეო.
გოგომაც არ დააყოვნა, და მიადგა სატრენინგო ოთახის ფანჯრებს და ყველა საგულდაგულოდ ჩაკეტა ამ პაპანაქება ზაფხულში.
ჩატევა
იმავე ტრენერს ასეთი რამეც შეემთხვა: ერთერთ ჯგუფში, შედარებით ხანში შესული ქალბატონი გადიოდა სწავლებას. ასწავლა ფოლდერების შექმნა და იმათი ზომების ნახვა. შემდეგ მიადგნენ იმ ეტაპს, როცა ცოპყ/პასტე უნდა ესწავლათ და მისცა დავალება ჯგუფს, გადაეტანათ მპ3 ფაილი ახალ შექმნილ ფოლდერში. მოულოდნელად ეს ხანში შესული ქალბატონი წამოხტა და დოინჯშემოკრულმა ამ საწყალ ბიჭს საყვედურის ტონით უთხრა: შენ, შვილო, ვის აბრიყვებ?!
დაბნეული ტრენერი ეკითხება, რა მოხდა ქალბატონოო?
ქალბატონი დიდ მცოდნესავით დასვა მორიგი კითხვები: _ აბა, როგორ ჩავა 4 მეგაბაიტიანი ეს შენი ფაილი 1 კილობიტიან ახალ ფოლდერში! ორლიტრიან ქილაში სამლიტრიანი ქილა ჩაეტევა? არა! _ თვითონვე უპასუხა საკუთარ კითხვებს და დატოვა ჯგუფი.
კურთხევა
საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, ერთ-ერთ საკრედიტო მენეჯერთან, რომელიც ძალიან მორწმუნე ბიჭია, მოვიდა მისი კლიენტი, რომლის მანქანები იმყოფებოდა ფოთში და ეკითხება: “ჩემი მანქანებს, რომლებიც სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი”-ში მაქვს დაზღვეული, რამე რომ დაემართოს, ეს კომპანია ზარალს თუ ამინაზღაურებსო.
კრედიტ-მენეჯერი პასუხობს, რომ საომარი მდგომარეობა ფორსმაჟორია და “ჯი პი აის” მხრიდან ზარალი ანაზღაურებას არ ექვემდებარებაო. კლიენტმა თავში შემოირტყა ხელები, მილიონებს ვკარგავო.
მერე ეკითხება, სხვა რა შემიძლია გავაკეთოო?
უყურებს ეს კრედიტ-მენეჯერი დანაღვლიანებული (განიცადა კლიენტის გასაჭირი) და ცოტა ხანში პასუხობს: “რა ქენი და მოდი, მანქანები მაინც აკურთხებინე”.
“საფასური”
ეს ამბავი ბანკი “რესპუბლიკას” ფოთის ფილიალში მოხდა. ყოფილი წყალთა მელიორაციის სამსახურის ფუნქციების შემსრულებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა მიიტანა 150 000-ლარიანი გადარიცხვის ქვითარი. დანიშნულება: “წყლით მომსახურების საფასური”. ბუღალტრის გამოწერილი ქვითარი დირექტორმა მოლარე-ოპერატორს გადასცა, რომელმაც გადახედა საბუთს თუ არა, სიცილი ატეხა. მოკლედ, წუთებში ეს ქვითარი ბანკის ყველა თანამშრომელმა ნახა და ყველა სიცილით კვდება.
კომპანიის დირექტორი გაბრაზდა, თქვენ სიცილს როდის დაამთავრებთ, მეჩქარებაო.
ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აუხსნა, რომ ამ გადარიცხვას ვერ შეასრულებდა. ამან დირექტორი კიდევ უფრო გააბრაზა, თუმცა, მალევე თავადაც სიცილი აუტყდა, როცა იმავე თანამშრომელმა აუხსნა, ასეთ მომსახურებაში ამხელა თანხის გადახდა რა ამბავიაო. დახედა საბუთს და დანიშნულებაში ბუღალტერს ასო “წ” გამორჩენოდა.
“ლოგინი”
ბანკში მენეჯერი თათბირს ატარებს. ამ დროს ურეკავს მდივანი, მენეჯერი ტელეფონზე ხმამაღლამოლაპარაკეს რთავს:
_ ბატონო ნუგზარ, ლოგინში (Log in) პატარა ასოს და დიდ ასოს აქვს მნიშვნელობა?