ქვილორიას მფარველად თავისი მეჯვარე, პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე მოიაზრება. საშტატო განრიგის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს სულ სამი მოადგილე ჰყავს: ინფრასტურქტურის საკითხებს მიხეილ გოგოტიშვილი კურირებს, სოფლის მეურნეობის _ ლაშა ღლონტი, ხოლო ქვილორია ამ დრომდე სოციალურ საკითხებს აგვარებდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ტაკიძის სასამართლო პროცესი 30 აგვისტომდე გაიმართება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც გადაწყდება, ვინ დაინიშნება გამგებლად.
მანამდე კი უკვე სახელდება ტაკიძის შემცვლელები. ამ ეტაპზე კანდიდატურების რაოდენობა ოთხია:
შალვა ბოლქვაძე, რომელიც დღეს გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსია. ბოლქვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოდან ერთი წლის წინ დაითხოვეს.
2010 წლის 2 ივნისს, ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ ტყაჩირში, სათბურიდან ერთი მილიონ შვიდასიათასი ევრო ამოიღეს. ამ რეიდს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია უწოდეს, სპეცოპერაციას კი რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონის უფროსის კოტე არჩაიას და მისი მოადგილის, შალვა ბოლქვაძის გათავისუფლება მოჰყვა. ასევე, მეორე ვერსიით, მისი ორგანოებიდან დათხოვის მიზეზად ე.წ. ბახმაროს სკანდალი სახელდება. აქედან გამომდინარე ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ სამართალდამცავი ორგანოებიდან საეჭვო მიზეზებით დათხოვილ ბოლქვაძეს, გამგებლად არავინ დანიშნავს.
წყაროს თქმით, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს, 9 აგვისტოს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც მას თათბირი მიჰყავდა, გურიის გუბერნატორისთვის მისი მოადგილის ლაშა შაფაქიძის კანდიდატურა შეუთავაზებია: – ვალერ, აგერ შენი მოადგილე შაფაქიძე ჩამოიყვანე და დასვიო.
წყაროს ვარაუდით, შაფაქიძესაც ნაკლები შანსები აქვს. მას შემდეგ, რაც ნიკოლაიშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, კულუარებში კიდევ ორი კანდიდატურის ვინაობა გაჟღერდა _ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე
ლელა იმედაშვილს წარმატებულ ქალბატონად მიიჩნევენ. მის სახელსა და გვარს არა ერთი პროექტის გახორციელება უკავშირდება. ის განათლების სამინისტრომ გასულ წელს საქართველოში ყველაზე საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელად დაასახელა. იმედაშვილი ბოლო ორ არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. იგი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე იმედაშვილის დაა.
რაც შეეხება პეტრე სალუქვაძეს, მას ნათესაური კავშირი აქვს ალექსანდრე იმედაშვილთან _ იმედაშვილი სალუქვაძის მეჯვარეა.
სალუქვაძე წლების განმავლობაში მუშაობდა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში, იყო არასამთავრობო სექტორშიც და ბოლოს ისევ საჯარო სამსახურს დაუბრუნდა.
სალუქვაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
გამგებლის ვინაობა სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ საკრებულოს სხდომაზე დასახელდება.