“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები _ გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე გასული კვირის პარასკევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათს სტუმრობდნენ. თარგამაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მხარე უფრო სწრაფად დადგეს ფეხზე, მოძლიერდეს, მომაგრდეს, გაჩნდეს უფრო მეტი სამუშაო ადგილი და პროდუქციის გავრცელების მეტი არეალი. “ქრისტიან-დემოკრატებმა” დიდხანს ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, რის შემდეგაც მოსახლეობას დაუთმეს ტრიბუნა.
მოსახლეობამ “ქრისტიან-დემოკრატებს” იმ პრობლემების შესახებ უამბო, რომლებიც სოფელს აწუხებს: გზა, წყალი, გაზი _ ეს არის უმთავრესი, რაზეც ხალხი ოცნებობს. სოფელს არ აქვს ეკლესია, არის პატარა სამლოცველო, სადაც მამა შალვა (გორგაძე) კვირაში ერთხელ ამოდის.
_ ბევრი პრობლემაა _ ახალგაზრდობა თურქეთშია გადახვეწილი, სოფელს აუცილებლად სჭირდება ეკლესია _ სანთლები მაინც ავუნთოთ შვილებს, რომ მშვიდობიანად დაგვიბრუნდნენ, _ ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.
_ 190 000 ლარი თუ 195 000 ლარი წლიური ხელფასი ჰქონია მაია ნადირაძეს. ჩემმა მეზობელმა შვილს ოპერაცია გაუკეთა _ 4 000 ლარი გადაიხადეს და ორი სახლი გირაოში ჩადეს, ექიმებისთვის ფული რომ გადაეხადათ. როგორ შეიძლება, ერთ ადამიანს ამდენი ხელფასი ჰქონდეს, მეორე კი ღატაკი იყოს?! ძალიან ცუდი მდგომარეობაა ყველა სფეროში _ მაგალითად, გზა ავიღოთ. სამხატვრო გალერეაში გაკეთებული გზების სურათები იყო გამოფენილი. ღონისძიების მიწურულს, რამაზ ნიკოლაიშვილს იუმორით ვკითხე, ნამეტანი მომეწონა ეს გამოფენა, მაგრამ აქ კონჭკათის გზა რომელია,-მეთქი? კონჭკათი საერთოდ არ ვიციო, _ მიპასუხა. 20 წლის განმავლობაში ხრეში არ დაყრილა გზაზე _ ორიოდე დღის წინ დაიწყეს რაღაც სამუშაოები. კომუნისტების დროს ორჯერ დაიგო ასფალტი. შემდეგ კაციშვილს არ გამოუხედავს ამ გზისკენ, _ მიმართა “ქრისტიან დემოკრატებს” სოფლის მკვიდრმა, ანგული ჩანჩიბაძემ.
შეხვედრის ბოლოს, “ქრისტიან-დემოკრატებმა” კონჭკათის სამლოცველოს საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცეს.