(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ “ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, სერგო გეგეშიძის ინფორმაციით, სექტემბრიდან სოფლების _ ჩაისუბნის და გორაბერეჟოულის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყება.
_ ახალი ბოძები უკვე ჩამოტანილია და სამუშაოებიც დაწყებულია. სავარაუდოდ, ერთ თვეში, გორაბერეჟოულში და ჩაისუბანშიც გამრიცხველიანების პროცესი დასრულდება, _ გვითხრა გეგეშიძემ.
მისივე თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სრული გამრიცხველიანება მალე დასრულდება და ინდივიდუალური მრიცხველი ყველა სოფელში იქნება.
ამ დრომდე, ჩოხატაურის უმეტეს სოფელში კომუნალური მრიცხველია დამონტაჟებული და მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა თანაბარი გადანაწილების პრინციპით უწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს _ ჩოხატაურელები “ენერგო-პრო ჯორჯიას” “უთოფო ყაჩაღობაში” ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კომპანია, მათ ზედმეტ თანხებს არიცხავს.
გეგეშიძე აღნიშნავს, რომ ამ პრობლემებს ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოაგვარებს. თუმცა, ვერ გვეუბნება, ზუსტად როდის დასრულდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სრული გამრიცხველიანება.