ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესში დარღვევები შეინიშნება. როგორც მერეს უბნის მოსახლეობა აცხადებს, ახალი სადენების გაყვანა ძველი, დაზიანებული ბოძების გამოუცვლელად მიმდინარეობს.
დაზიანებული ბოძების გამოცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ ელექტრიკოსებიც და ამბობენ, რომ, როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში, იცვლება ყველა დაზიანებული ბოძი.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს “ენერგო-პრო ჯორჯიას” აჭარა-გურიის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი სურმავა და პრობლემას მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობაში ხედავს: _ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის, რომელია საღი და რომელი დაზიანებული ბოძი. თუ ბოძი არ არის დაზიანებული, მაშინ მისი შეცვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჩვენ მას მხოლოდ რეაბილიტაციას ვუტარებთ და შემდეგ ვამონტაჟებთ სადენებს. მერწმუნეთ, მაკვანეთი გამონაკლისს არ წარმოადგენს და საჭიროების შემთხვევაში, ელექტროგადამცემ ბოძებს აქაც ისევე შევცვლიდით, როგორც სხვაგან, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში სურმავამ.
“გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრისას, მაკვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ მხოლოდ უკიდურესად დაზიანებული ბოძები იცვლება, თუმცა, ამ ეტაპზე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი შეჩერებულია: _ ამ ეტაპზე შეჩერდნენ, რადგან, როგორც ვიცი, არ აქვთ ახალი ბოძები, რომლითაც დაზიანებული უნდა შეიცვალოს, _ გვითხრა მაჟორიტარმა.