საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ ეს განცხადება მეორე დღესვე დააკმაყოფილა და გამგებლის მოვალეობის შესრულება დიმიტრი კორიფაძეს დაევალა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე დღით _ 30 სექტემბრიდან ჩოხატაურს ახალი გამგებელი ეყოლება. ამ პოსტს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი დაიკავებს, რომელსაც საკრებულო ხვალ დაამტკიცებს.
ლელა იმედაშვილი 1969 წლის 14 აპრილს, ოზურგეთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ფილოსოფია და მიიღო კვალიფიკაცია _ ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მასწავლებელი; სასწავლებლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტში, უფროს მასწავლებლად; 1994 წელს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში პედაგოგად გადმოვიდა; 1998 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურიის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსად დაინიშნა; 2006 წლიდან დღემდე კი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იყო. 2010 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ის წლის ყველაზე საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელად დაასახელა. ჰყავს მეუღლე _ ავთანდილ სვანიძე (სვანიძე რამდენიმე წლის წინ, ჩოხატაურის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო ამჟამად “ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის სერვისცენტრის მმართველია) და ორი შვილი _ სალომე და გიორგი.
ინფორმაცია, რომ ჩოხატაურს მალე ახალი გამგებელი ეყოლებოდა, “გურია ნიუსმა” ორი კვირის წინ გაავრცელა. თუმცა, ოფიციოზმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ორშაბათს წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია იმედაშვილის გამგებლად შესაძლო დანიშვნის შესახებ, რაც იმედაშვილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ არ დაადასტურეს, თუმცა, იმავე დღის ბოლოს გვითხრეს, რომ ჩოხატაურის გამგებელი ნამდვილად იმედაშვილი გახდებოდა. გამგებლობის სურვილის შესახებ განაცხადი იმედაშვილმა ჩოხატაურის საკრებულოს, გუშინ წარუდგინა.
წყაროს ინფორმაციით, იმედაშვილს მხარს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი უჭერს და ხვალ ჩოხატაურელ ჩინოსნებს ის პირადად წარუდგენს ახალ გამგებელს.
ჩოხატაურს პირველად ეყოლება ქალი გამგებელი. იმედაშვილს კოლეგები ძლიერ და კარგ მმართველად ასახელებენ.
ლელა იმედაშვილი, რევოლუციის შემდეგ ჩოხატაურისთვის რიგით მეცხრე გამგებელი იქნება. უცნობია რამდენ ხანს დაჰყოფს ამ პოსტზე ახალი გამგებელი, თუმცა, როგორც გვითხრეს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ჩოხატაურში მმართველი გუნდი სწორედ მას ანდობს.
უნდა ითქვას, რომ იმედაშვილს საარჩევნო მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე ის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა ოზურგეთში, საპარლამენტო არჩევნების დროს კი _ გოჩა შანიძის საარჩევნო შტაბს.
რაც შეეხება გია გიორგაძეს, იგი ისევ გამგებლის მოადგილის თანამდებობას დაუბრუნდება. წყაროს თქმით, ხელისუფლებას მასთან მხოლოდ ერთი პრეტენზია _ ლმობიერი პოლიტიკის გატარება ჰქონდა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ახალი გამგებელი სერიოზულ საკადრო ცვლილებებს განახორციელებს და არ არის გამორიცხული, თანამდებობებზე ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ. იმედაშვილი ამ საკითხზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.