(გურია ნიუსი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესიდან პოლიტიკაში ჩართვამ, არ არის გამორიცხული, საფეხბურთო კლუბი “ჩიხურა” შეიწიროს. საჩხერული კლუბი პირველი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს, დღემდე წაუგებლად ასპარეზობს და ჩვენებურ “გურიასთან” ერთად, ზონიდან უმაღლეს ლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატია. “ჩიხურა” ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი ფინანსური შესაძლებლობებით _ მას დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. წლების წინ, ბიზნესმენი სერიოზულად იყო დაინტერესებული “ჩიხურას” წინსვლით, ამისთვის ის ფულს არ იშურებდა და გუნდი უმაღლეს ლიგაშიც ჰყავდა, თუმცა, შემდეგ, როგორც ჩანს, კლუბის ფულებით ხელის მოთბობა მოინდომეს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება საქართველოში, ასეთ რამეს კი ივანიშვილი ნათესავებსაც კი არ პატიობს. მართალია, მან კლუბის პირდაპირ დაფინანსებაზე უარი თქვა, თუმცა, შემდგომში მისი კომპანიებიდან საჩხერის ბიუჯეტში შესული თანხებით “ჩიხურა” სერიოზულად ფინანსდება. როგორც ამბობენ, ბიზნესმენი ფეხბურთელებს ფინანსურადაც ახალისებს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პირველიგელი კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობას ბევრი უმაღლესლიგელი გუნდი ნატრობს.
ამ დროს კი, საფეხბურთო კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ივანიშვილის დაფინანსების მიღება აუკრძალეს: _ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეკრიბა კლუბის ხელმძღვანელები და მოსთხოვა, უარი ეთქვათ ფინანსურ დახმარებაზე. ფეხბურთელებს შეუთვალეს _ მორჩა, დღეიდან ივანიშვილის ფულს ხელი არ მოკიდოთ და მაგ თანხას ჩვენ გადაგიხდითო… _ უთქვამთ მობურთალებისთვის. ეგ კი არა, მალე ექიმებსაც და ყველა იმ ადამიანებსაც ასე მოექცევიან, ვისაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდები აფინანსებენ. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბს, ივანიშვილის “ჩასანაცვლებლად” ამ ეტაპზე, ალბათ, მართლაც შეუქმნიან კარგ პირობებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, რისი გამკეთებელია ხელისუფლება, ქართული კლუბებისთვის “ნაშოვნი სპონსორებითაც” შეიძლება ვიმსჯელოთ _ გასული სეზონი კლუბების უპატრონობის გამო ფეხბურთის ფედერაციას კინაღამ ჩაეშალა, _ ამბობს ჩვენი წყარო.
ზემოთ ნახსენები პრობლემის გამო უკვე ქართულ სპორტულ ფორუმებზეც ალაპარაკდნენ ფეხბურთის გულშემატკივრები:
_ ძალიან ცუდი იქნება, თუ “ჩიხურა” ასპარეზობას ვერ გააგრძელებს. ასეთ გუნდებს პრობლემები კი არ უნდა შეუქმნა, პირიქით, ხელი უნდა შეუწყო და დაეხმარო. ალბათ, არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ ე.წ. “პერიფერიებში” უკეთესი გუნდები კეთდება, ვიდრე დედაქალაქში: ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ქუთაისი, ლანჩხუთი (ვინმე არ გამომრჩეს)… ამ ბოლო დროს საჩხერეშიც კარგი გუნდია. თუ გვინდა ქართული ფეხბურთის განვითარება, რაიონის გუნდები უნდა წამოვწიოთ. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინ უმაღლესი ლიგა თბილისის ჩემპიონატს ჰგავდა და მეტი არაფერი.
_ მერე, ბიჭო, რო იძახი, არაო _ რა, ეგრე რომ იქნება, არ იცი შენ? ახლა მითხრეს, ჯერ იმენა გუნდისთვის არაფერი უთქვამთ, მარა ეგ ლაპარაკი რომ იქნება, რად უნდა თქმა. ბიძინას დაფინანსების გარეშე მაგ გუნდი დაიშლება. კარგად იცი, რა ხელფასები და პირობები აქვთ. მაგხელა ბიუჯეტი, მგონი, თვითონ ქალაქს არ აქვს და რისი დამფინანსებლები არიან?, _ წერენ ფორუმზე.
ჩვენ კომენტარისთვის საჩხერის “ჩიხურას” მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით:
_ ბატონო სოსო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გამო, თითქოს კლუბში მოვიდნენ და გითხრეს, რომ ივანიშვილის დახმარება არ მიიღოთ.
_ ჯერჯერობით, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ვარჯიშს და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის.
_ ანუ არავინ მოსულა და ივანიშვილის დახმარება არ მიიღოთო, არ უთქვამთ?
_ არა, არა…