_ 7 ნოემბრის შემდგომ, მე ვაკვირდებოდი მოვლენებს, თუმცა, ამ დაკვირვების და ანალიზის პროცესში, სააკაშვილმა მოახერხა სიცრუის ისეთი მანქანის ამოქმედება, რომ ფსევდო ოპოზიციური და ნამდვილი ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების გარჩევა გართულდა. მიუხედავად ამისა, კარგად გავერკვიე სიტუაციაში, იმედს ვიტოვებდი, რომ ერთი პარტიის ფინანსური დახმარება და გარედან რჩევის მიცემა საკმარისი იქნებოდა, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყვა. ამის შემდეგ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება და მოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვხედავდი, სამშობლოს ვკარგავდი. ეს გადაწყვეტილება მძიმე იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა მქონდა. მას შემდეგ, რაც ეს ნაბიჯი გადავდგი, არ წყდება პოლიციის მხრიდან ზეწოლა ჩემს ნათესავებზე, ახლობლებზე, _ თქვა ბიზნესმენმა.
_ კონსტიტუცია უბის წიგნაკად გაიხადეს. აუცილებელი იქნება, ძირეული ცვლილებები შეთანხმდეს მოსახლეობასთან და მერე უნდა დავიწყოთ ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა; უნდა გათავისუფლდეს მედია _ ამის გარეშე ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს; უნდა შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რომ საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა; ბოლო უნდა მოვუღოთ ყველაზე დიდ უკანონობას, ადამიანების უმუშევრობას. სამუშაო ადგილების შექმნა იქნება უპირველესი ამოცანა და ეს იქნება სფერო, რომელზეც მუდმივი მეთვალყურეობა გვექნება. დაწვრილებით გეგმებზე მომავალი პარტიის პროგრამაში მოგახსენებთ. ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება _ ეს ნიშნავს ერთიან, გამთლიანებულ, გაბრწყინებულ საქართველოს, _ დასძინა ბიზნესმენმა.
_ მე ვიქნები გულწრფელი თქვენ შეკითხვებზე და თქვენც შეეცადეთ, იყოთ გულწრფელნი. მე მოვედი არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საქართველოს გასამარჯვებლად. მე მოვალე ვარ, ყველას ვუთხრა, რა ხდება, _ განაცხადა მეცენატმა.
ივანიშვილის პრესკონფერენცია საათნახევარს გაგრძელდა და იქ მყოფმა ყველა ჟურნალისტმა კითხვის დასმა ვერ მოახერხა, რაც კამათის მიზეზი გახდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტები ცდილობდნენ შეკითხვები გაეწელათ, დრო გაეყვანათ და სხვა მედიასაშუალებებს მათ მიერ დასმული კითხვების პასუხის მოსმენის საშუალებას არ აძლევდნენ. მათი “მხრიდან “ჩამჭრელი” შეკითხვები რამდენიმე პუნქტად იყო ჩამოყალიბებული და სასურველი პასუხის მიღებას, სხვისი შეკითხვების გადაფარვის ფონზე ცდილობდნენ, რაც დანარჩენ კოლეგებში საფუძვლიან გაღიზიანებას იწვევდა. ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე, ივანიშვილი ჟურნალისტების დაწყნარებას ცდილობდა და მათ კოლეგიალობისკენ მოუწოდებდა.
პირველი კითხვის დასმის უფლება, შეთანხმებისამებრ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს მიეცა, რომელმაც ბიზნესმენს დაცვის მიერ ჟურნალისტების შემოწმებისთვის საყვედური უთხრა და დაინტერესდა, ხომ არ აპირებს ივანიშვილი ამ მეთოდით ჟურნალისტებთან ურთიერთობას მომავალშიც და არის თუ არა ეს ის დემოკრატია, რითაც ივანიშვილს ევროპის გაოცება სურს.
ივანიშვილმა ჟურნალისტს დამშვიდება და დაძაბულობის მოხსნა ურჩია:
_ უმჯობესია, პრესკონფერენციაზე ასეთი “მომზადებული” არ მოხვიდეთ, დასვით ის შეკითხვები, რომელიც პირადად გაინტერესებთ და შეკვეთილ შეკითხვებს ნუ დასვამთ. ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა, ნამდვილი მედია და არა ის, რასაც წარმოადგენს “პირველი არხი”, “რუსთავი 2” და “იმედი”. თავი დავანებოთ ერთმანეთის მოტყუებას, თვალებში შევხედოთ ერთმანეთს, გავუღიმოთ და სიმართლე ვთქვათ, _ დასძინა ივანიშვილმა და “მაესტროს” და “კავკასიის” თემასაც შეეხო:
_ “მაესტროს” და “კავკასიას” მე მცირე შენიშვნები მივეცი. ვფიქრობ, რომ ისინი თუ ობიექტურები არიან, უნდა იყვნენ მთლიანად ობიექტურები და არა ნახევრად ობიექტურები.
პრესკონფერნეციაზე, “გურია ნიუსის” შეკითხვა ასე ჟღერდა: _ ბატონო ბიძინა, საქართველოს ხელისუფლებისთვის თბილისის გარდა პრაქტიკულად სხვა ქალაქი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით დროგამოშვებით გამართულ პიარ აქციებს. თქვენ რა გეგმები გაქვთ რეგიონებთან დაკავშირებით და როგორ აპირებთ ურთიერთობას საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ მოქალაქეებთან?
_ მე მესმის თქვენი გულისტკივილი და გეთანხმებით. გპირდებით, რომ ჩვენთვის თბილისი არ იქნება უმთავრესი. საქართველო მარტო თბილისი არ არის და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რეგიონებიც ისეთივე პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებიან, როგორც დედაქალაქი. საქართველო კონკრეტულ ქალაქებად არ იყოფა, _ გვიპასუხა ბიზნესმენმა.
პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დააყენებს:
_ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია მაქსიმალურად მოირგო თავის ხასიათზე, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, თუ თვითონ ვერ მოახერხებს განცხადების დაწერას, _ განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელია სააკაშვილის იძულება, მას მოქალაქეობა დაუბრუნოს: _ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობა არ აღმიდგება, გვაქვს პარალელური გათვლებიც, მაგრამ შედეგი იქნება იგივე. მივალთ არჩევნებამდე და შევცვლით სააკაშვილის მთავრობას. მოქალაქეობა უკანონოდ ჩამომართვეს, მაგრამ ვერ ჩამომართმევენ ქართველობას და სამშობლოს სიყვარულს, რომელიც ძალიან დიდია, _ თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში ელიტარულ კორუფციას ადგილი არ ექნება: _ არც ერთი ჩემი თანამოაზრე არ მიიღებს ინდულგენციას, არ დავუშვებ არავითარ კორუფციას და მასთან ბრძოლა უმაღლესი ეშელონებიდან დაიწყება. უპირველეს ყოვლისა, ელიტური კორუფცია უნდა აღმოიფხვრას, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ნაციონალური მაუწყებლების უმრავლესობამ ბიზნესმენს შეკითხვები რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დაუსვა.
_ კრემლის პროექტი, აგენტი _ ჩემზე ძირითადი შეტევა ამ კუთხით ხორციელდება. მუდმივად ამ თემას ატრიალებენ და აჟიტირება ხდება, თითქოს მე საქართველოში მტრული განზრახვით ვარ გამოგზავნილი. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ 9 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი პასუხი არ აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში, მინდა მოგმართოთ, ჩემი მიზნები ჩემი ქმედებით შემიფასოთ _ 20 წლის წინ საქართველოში 450 ტრაქტორი გამოვგზავნე და იქიდან მოყოლებული მუდმივად სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მე შეიძლება საქართველოსთვის საშინელება ჩავიდინო? _ განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
მან ჟურნალისტებს მოუწოდა, კარგად დააკვირდნენ სააკაშვილს: _ თუ მტრების გეშინიათ, შეხედეთ სააკაშვილს. განა მასში არ ჩანს ის, რაც გინდათ რომ მე მომაწეროთ? განა მტრული არაა ამდენი ძალადობა? გარდა ამისა, ორ კარგ მაგალითს მოვიყვან _ კახა ბენდუქიძეს, რომელიც, პირდაპირ რუსეთიდან წამოსული მინისტრად დასვეს და გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ასევე რუსეთიდან წამოსული დღეს საგარეო საქმეთა მინისტრია. რატომ მათ მიმართ არ დაისვა ეს შეკითხვები? მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას _ ჩემზე, როგორც რუსეთის პროექტზე, აგენტზე თუ იმედზე ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ არაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი. არ არსებობს ჩემ მიერ ჩადენილი არანაირი კანონდარღვევა, _ აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის უაზრო განცხადებებმა ქართველებს რუსეთის ბაზარი დააკარგვინა: _ რუსული ბაზარი ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდელ პერიოდში დაიკარგა. სააკაშვილმა თავისი არადიპლომატიური და გაუაზრებელი განცხადებებით წყობიდან გამოიყვანა რუსეთის მთავრობა და მიაღწია იმას, რომ რუსული ბაზარი მარტო საქართველოსთვის დაიკეტა. ეს მოხდა ომამდე. მისი გაუაზრებელი განცხადებების შედეგად, საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა უდიდესი ბაზარი. დღეს მთელი მსოფლიო ახერხებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას და ეს ჩვენც უნდა შევძლოთ, _ აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისრა: _ მოვიშველიებ ტალიავინის განცხადებას და სპეციალური რეზოლუციის ტექსტს, სადაც წერია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, რომლებსაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა, როგორ იბომბებოდა ლიახვის ხეობა გაუგებარი ფორმირებების მიერ. იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს მოსახლეობა გამოეყვანა, საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა, რაც კეთდებოდა, მან დაიწყო რეგიონის გაუაზრებელი დაბომბვა და ეს ფიქსირდება ყველგან. სამი ტელევიზია ამ ყველაფერს ისე გადმოგვცემს, თითქოს ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ. ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია? განა არ გვახსოვს, რის შემდეგ წამოვიდა რუსეთისგან დიდი აგრესია? მსოფლიოში ყველამ ყველაფერი იცის, ნუ ვცდილობთ ხალხის გაბრიყვებას. ასეთი იყო სიტუაცია, ასე გვახსოვს ჩვენ და ვერ წაშლიან მას მეხსიერებიდან, ვერ მოახდენენ ჩვენს ზომბირებას, _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვერანაირი ქმედება, ვერც კანონიერი და ვერც უკანონო, მას ვერ შეუშლის ხელს, მივიდეს არჩევნებამდე: _ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სააკაშვილს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას, ის საკუთარ გარემოცვასაც აღარ სჭირდება. ის ვერ მიიღებს ხმების რაოდენობას, რომლის გაყალბების შედეგადაც შესაძლებელი იქნება არჩევნებში მისი გამარჯვება. ჩვენ არჩევნების გზით შევცვლით სააკაშვილის მთავრობას. იმედიანად იყავით _ ყველაფერი კარგად იქნება, _ აღნიშნა ბიზნესმენმა.
ივანიშვილმა იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებთან ერთადაც მთავარი მიზნის მიღწევას გეგმავს: _ ჩემს გუნდში იქნება მაქსიმალურად ახალი სახეები. რაც შეეხება თანამშრომლობას, მე თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვაპირებ. ჩვენ მოვდივართ საქართველოს გამთლიანებისთვის. აქედან გამომდინარე, უნდა მოვახერხოთ ყველა ძალასთან თანამშრომლობა, თუმცა, თანამშრომლობა არ ნიშნავს გაერთიანებას, _ განაცხადა ბიზნესმენმა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში, ივანიშვილმა ასე უპასუხა: _ მიმაჩნია, რომ სექსუალური და რელიგიური უმცირესობები არიან ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრები, როგორც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა და მათდამი დამოკიდებულება იქნება ისეთივე, როგორც ყველასთან.
ივანიშვილის თქმით, პრესკონფერენცია შემდგომშიც გაიმართება და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიზნესმენი რეგიონულ მედიასთან ცალკე შეხვედრასაც გეგმავს.