ჩვენ, ქართული მედიის წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ თბილისის მერიის პროექტს სათაურით “მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა”, სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან, ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისაკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას. გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ,რომ ბოლო წლებში ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა თავისუფალი პრესის კონტროლქვეშ მოქცევას.
აუქციონების გამართვის საბაბით,ამ დღეებში იძულებით შეაწყვეტინეს საქმიანობა არსებული საგაზეთო ჯიხურების ნაწილს. თბილისის მერიის ბოლო ნაბიჯები უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს, ყოველივე ეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ჟურნალებს და გაზეთებს და აფერხებს თავისუფალი სიტყვის მიღწევას საზოგადოებამდე.
ჩვენ ამ ნაბიჯებს განვიხილავთ ქვეყნის განვითარების, საზოგადოების ინტერესების, მედიისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებად.
ჩვენ მოვუწოდებთ და მოვითხოვთ თბილისის მერიისგან ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეჩერებას. მოვითხოვთ რომ ეს ე.წ. “ჯანსაღი კონკურენციის” საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და შესაბამისად, თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები, სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.