(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გუშინ, საღამოს, ლანჩხუთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის საავადმყოფოში 12 წლის ბიჭიც დაიღუპა. ჩვენ საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში დავრეკეთ, სადაც შეკითხვის დასმის შემდეგ გვიპასუხეს, რომ “თანამშრომელი არ იყო და ცოტა ხანში დაგვერეკა”. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ისევ ვცდილობდით კვლავ დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონი დაკავების სიგნალს იძლეოდა. ასევე, ვცადეთ “ადიტტის” დირექტორს თინათინ გოგუაძეს შევხმიანებოდით, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა.
ბოლოს და ბოლოს მიმღებს, როგორც იქნა, დავუკავშირდით, მაგრამ ახლა უკვე გვითხრეს, რომ “არაფერი იციან, რადგან ახლახანს შეიცვალნენ”.
ცოტა გასაკვირი კი არის, საავადმყოფოში გარდაიცვალა თუ არა მოზარდი, თუნდაც მორიგედ საღამოს გამოსულმა პირმა არ იცოდეს. რადგან უკვე გვიანი ღამე იყო, ინფორმაციის დაზუსტება არ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათ საღამოს, “ადიტტის” ცენტრში, 6 თვის ჩვილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა.