(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 12 დეკემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში გაიმართა შეხვედრა თემაზე “ოჯახური ძალადობა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები”. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ძალადობის იმ ფაქტებზე, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. საუბარი შეეხო, როგორც აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, ასევე პრობლემის აღმოფხვრის სავარაუდო გზებს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის იურისტის, ქეთი თოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში ძალადობა არ დარჩეს მხოლოდ “ოჯახურ” პრობლემად, რომელში ჩარევისაგან თავს იკავებს საზოგადოება:
_ ის გარემოება, რომ ძალადობა ხდება ოჯახში, არ ამცირებს მის საზოგადოებრივ საშიშროებას. საქართველოს კანონმდებლობა აწესრიგებს ძალადობის მსხვერპლის დაცვის მექანიზმებს როგორც სამართლებრივი, ისე სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემად რჩება კანონის რეალობაში გახორციელება. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, პრობლემის აღმოფხვრას ხელს უშლის თავად ძალადობის მსხვერპლის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომელიც ცდილობს, დამალოს ძალადობის ფაქტი სიტუაციის უკიდურეს გამწვავებამდე. მნიშვნელოვანია, ასევე ყურადღება მიექცეს არა მარტო მსხვერპლის, არამედ მოძალადის რეაბილიტაციას, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობის შემდგომი გამოვლინება, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას ქეთი თოიძემ.