ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დეკემბრის დასაწყისში ჩავედით. ჩვენი ინტერესის საგანი ამჯერად ციტრუსის წლევანდელი მოსავალი იყო. შრომელები დღემდე მსჯელობენ, თუ რამ განაპირობა წელს ასეთი მცირე მოსავალი. ერთ დროს ყველაზე მდიდარი სოფელი, ახლა იქაურებს ყველაზე ღარიბ სოფლად მიაჩნიათ.
სოფლის ცენტრში სამი საშუალო ასაკის ადამიანი და რამდენიმე ახალგაზრდა შეგვხვდა. ჩვენც მათ გავესაუბრეთ;
ომარ ხომერიკი: _ უამინდობის ბრალია, თუმცა, თავისი დროზე უნდა პატრონობა. 300-400 ლარი მაინც სჭირდება სასუქს, მაგრამ ამის საშუალება არ არის, მთავრობა არ გვეხმარება. პრეზიდენტმა რომ ჩამოიაროს, მასაც ვეტყვი ამას. 45 ლარი ღირდა ერთი ტომარა სასუქი. მანდარინის მყიდველი ამ დრომდე მოდიოდა და მიჰქონდა პროდუქტი, ახლა კი არავინ მოსულა.
_ ადრე, როდესაც შრომაში შემფუთავი ქარხანა იყო, 7-8 ათასი ტონა ციტრუსს იღებდა, ახლა მოიშალა ყველაფერი. გლეხის ამბავი არავის არ აინტერესებს და არ აწუხებს, უპატრონოდ ვართ დაყრილი, _ გვითხრა 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა.
_ კარგი იქნება, მინერალური სასუქები დაგვირიგონ. ჩვენს მიწაზე სხვა მოჰყავდა საქართველოს პრეზიდენტს მიწის დასამუშავებლად. გურულ, კახელ, მეგრელ გლეხს მისცეს ის თანხა, რაც ბურების ჩამოყვანა დაჯდება და ჩვენ თვითონ მოვუვლით ყველაფერს.
შრომის ცენტრიდან გზა პირდაპირ გავაგრძელეთ. გზაზე სუფსაში მცხოვრები ჯუმბერ ლორია შეგვხვდა, რომელიც შრომაში ნათესავს სტუმრობდა:
_ სუფსაში ციტრუსის არც თუ დიდი ნაკვეთი მაქვს, მაგრამ რაც არის, ისიც არ ვარგა. რა მოხდა წელს, ვერ გეტყვით. ახლა ჩემს ნათესავთან ვიყავი. წელს არც მასთან არის ციტრუსის კარგი მოსავალი, საჭმელი მანდარინიც არ აქვს.
_ თქვენი აზრით, რატომ არის წელს ციტრუსის ასე ცუდი მოსავალი?
_ ციტრუსს სჭირდება მოვლა და პატრონობა, ხალხს კი პურის ფული არ აქვს. პროდუქციის რეალიზაციასაც ვერ ახდენს გლეხი. მოკლედ, ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ალბათ, ოდესღაც მოგვხედავს ვინმე.
_ არავინ არ კითხულობს ჩვენს ამბებს, არავინ არ მოსულა. ადრე გორიდან ან აზერბაიჯანიდან მოდიოდნენ და მიჰქონდათ ციტრუსი, ახლა კი არავინ არ ჩანს. რამდენიმე დღის წინ ლიმონის ყიდვის მსურველები გამოჩნდნენ. მოთხოვნა ყვითელ ლიმონზეა. სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის ამ საქმისადმი და არავის არ აინტერესებს, როგორ გავყიდით ციტრუსს. ყოველ წელს იმდენი გვიჯდება სასუქის, წამლის ყიდვა, რომ მოსავლის აღების დროს ვერ ხდება დანახარჯის ამოღება. თხილმა აჯობა ციტრუსს. სააკაშვილი ათ-ათი ლარით გვიზრდის პენსიას, პარალელურად კი, პროდუქტებზეც იზრდება ფასები, _ გვითხრა შრომაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა,
რომან ცეცხლაძე: _ როდესაც კოლმეურნეობა არსებობდა _ ვარგოდა თუ არ ვარგოდა ის წყობა, ეს სხვა ამბავია, ციტრუსის მიღება ქარხანაში ხდებოდა, იმ დროს შრომაში და ნატანებში საჩვენებელი ციტრუსი იყო, ყველა საპატიო ადამიანი აქ მოჰყავდათ.
ბოლო წლებში აჭარიდან, სამეგრელოდან მოდიოდნენ და გაჰქონდათ ციტრუსი. ახლა კი თუ ვინმემ გამოიარა, ჩალის ფასად მიაქვს ხალხის ნამუშევარი. რაც ახლა მშენებლობები მიდის, კარგია, მაგრამ ხალხისთვის თუ არის რომელიმე?
ქეთო ბოლქვაძე, 75 წლის: _ შრომა მიყრუებული სოფელი გახდა. ამოვარდება თუ არა ქარი, შუქი ითიშება. ეს ცხოვრება ხომ არ არის?! გულზე ვსკდები, სააკაშვილის რომ ეხუტებიან ეს მლიქვნელები. ჩახუტება კი არა, უნდა გაიგოს პრეზიდენტმა, რომ ხალხს უჭირს.
იუზა ხომერიკი: _ კოლმეურნეობის დროს მილიონერი სოფელი იყო, ახლა ხალხი ფიქრობს, ლუკმა პური როგორ იშოვონ.
შრომაში მოგზაურობის ბოლოს აგრონომს, გივი ხომერიკს ვეწვიეთ, რომელიც სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა, ჩვენთვის მოიცალა და საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:
გივი ხომერიკი: _ სოფელი შრომა ძალიან მცირემიწიანი სოფელია. გულსატკენია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგრარულ სექტორს ყურადღება არ ექცევა. ჩვენს სოფელში რასაც ხედავთ, ეს ჩაის პლატანციებით და ციტრუსით გაკეთდა. 400 ჰექტარი ჩაის პლანტაციიდან, დღეს არც ერთი ჰექტარი არ არის. 4 ათას ტონა ჩაის ვკრეფდით, ახლა არც ერთი კილოგრამი არ იკრიფება. სოფელს ასევე ჰქონდა ავტოპარკი, გვყავდა რამდენიმე ტრაქტორი, რომლითაც ციტრუსებს ვმკურნალობდით. რამდენიმე წელია, თუ ინდივიდუალურად აკეთებს ვინმე, თორემ ციტრუსი არ შეწამლულა. ჩემი მუშაობის პერიოდში, არ მახსოვს ასეთი მცირემოსავლიანი წელი და ასეთი უხარისხო ნაყოფი. ეს განპირობებულია აგროტექნიკის დაბალი დონით, ხალხის ეკონომიკური პირობებით, ვერ შეიძინეს მინერალური სასუქები. შხამქიმიკატებზე ლაპარაკიც არაა, ისეთი ფასი აქვს. გურიაში, და დასავლეთ საქართველოში დაავადებების საწინააღმდეგოდ არაფერი კეთდება. თხილის კულტურა ძალიან კარგი კულტურაა, შემოსავლიანია, კარგი ფასი აქვს, ამიტომ, მასიურად გადავიდა მოსახლეობა თხილის გაშენებაზე, თუმცა, დაავადება თხილის კულტურაზეცაა გაჩენილი, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს.
“კარმიდამო ჩემი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს ლაშა ღლონტს ესაუბრა.
_ ლაშა, 2010 წელს ციტრუსის მოსავალი რამდენი ტონა იყო?.
_ 11 000 ტონა, აქედან, სარეალიზაციო (ხარისხიანი) 9 000 ტონა.
_ წელს რამდენ ტონა ციტრუსს ელოდებით?
_ 6 400 ტონას, აქედან, სარეალიზაციო 4 500 ტონა იქნება.
_ რამ განაპირობა მოსავლის სიმცირე?
_ ყვავილობის პერიოდში იყო ჭარბი ნალექები, რამაც გამოიწვია ყვავილების დაზიანება და ლპობა, ასევე ვერ მოხდა მწერებისაგან დამტვერვა და ნაყოფის გამონასკვა; გაზაფხული და შემოდგომაც იყო ძალიან ცივი და ნალექიანი, რის გამოც, მცენარე ვერ ჩაეტია სავეგეტაციო პერიოდში და ნაყოფის შეფერილობა კვლავ რჩება მომწვანო-მოყვითალო, ზომაც არასტანდარტულია, რაც შემდგომ მის სარეალიზაციო ფასში უარყოფითად აისახება.
_ მოსახლეობა ამბობს, რომ მათ არ აქვთ საშუალება სასუქი შეიძინონ, არ ხდება ციტრუსის შეწამვლა, დაავადებების მკურნალობა… რას აკეთებს სახელმწიფო ამ კუთხით.
_ ჩვენ შეგვიძლია, ფერმერებსა და გლეხებს დავეხმაროთ შემდეგი მომსახურებით: გავუწიოთ კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება ოჯახურ პირობებში დაამზადონ ესა თუ ის სასუქი და რაციონალურად მოახდინონ მისი გამოყენება; დავაკვალიანოთ, სად და რომელ კომპანიაში შეიძლება შეიძინონ ხარისხიანი, იაფი პრეპარატები და სასუქები; უფასოდ გავუკეთოთ PH-ის მარტივი ანალიზი. რაიონში ხდება ტექნიკის მობილიზება და მექანიზაციის პარკის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ყველა ფერმერს შეეძლება, წამლობა ჩაატაროს მაღალხარისხიანად, რაც აამაღლებს ეკონომიკურ ეფექტიანობას.