ვაზი მცენარის გვარია ვაზისებრთა ოჯახისა, აერთიანებს 1000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც, უმთავრესად, დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის პირობებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკლით ემაგრება; აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება. ვაზი შეიძლება იყოს ბუჩქისებრი ანუ უშტამბო და შტამბიანი. შტამბზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები, ანუ მხრები და ერთწლიანი რქები და ყლორტები. ვაზის რქაზე, ფოთლის ყუნწის იღლიაში, მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.
ვაზის ფოთოლი მომრგვალო, ოვალური, გულისმაგვარი ან კვერცხისებრია: დაუნაკვთავია ან 3-5 ნაკვთიანი, იშვიათად მრავალნაკვთიანი. ჯიშის მიხედვით ფოთოლი შეიძლება იყოს ბრტყელი, ღარისებრი, ძაბრისებრი, ქვემოთ ან ზემოთ ნაპირებშეკეცილი. ფირფიტა შეუბუსავი ან შებუსულია, ხშირად სქელი, ქეჩისებრი ბუსუსით. ფერად ღია ან მუქი მწვანეა, მოწითალო ან მოყვითალო ელფერი და ლაქები აქვს.
ყვავილი წვრილია, შეკრებილი საგველა ყვავილედად, ორსქესიანი, ან ფუნქციურად ცალსქესიანი. ყვავილის ნაწილებია: ჯამი, გვირგვინის ფურცლები მტვრიანები და ბუტკო. ჯამი განუვითარებელია, გვირგვინი _ ხუთფურცლიანი.
საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან _ საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრი, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა; სუფრის ჯიშებიდან _ გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯეთული; ჰიბრიდული ჯიშებიდან _ ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, სახალხო თეთრი, ვარძია, მუსკატური რქაწითელი, კოლხური და სხვა.
ვაზის ნაყოფი ორბუდიანი, წვნიანი, სხვადასხვა ფერის მარცვალია. მტევანი შეიძლება იყოს პატარა, საშუალო ან დიდი; ცილინდრული, ცილინდრულ-კონუსური, კონუსური, ფრთიანი, უფორმო ან განტოტვილი; ძალიან თხელი, საშუალო სიკუმსის კუმსის და ძლიერ კუმსი; მარცვალი მრგვალი, მომრგვალო, ოვალური, კვერცხისებრი, მოგრძო ან გრძელია; ფერად ღია მწვანე, მწვანე. ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი, მოყვითალო-ქარვისფერი, მოწითალო-ქარვისფერი, მოწითალო ღვინისფერი, მონაცრისფრო ან შავ ფერში გარდამავალი მუქი ლურჯი.
ყურძენი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, კალიუმის ნატრიუმის, კალციუმის, რკინის, ალუმინის, მაგნიუმის მარილებს. ჩ და B ჯგუფის ვიტამინებს, A პროვიტამინს (კაროტინი), აგრეთვე, ზოგიერთ ფერმენტს და ფიტონოციდს.
ქიმიური შემადგენლობით ყურძნის წვენი ახლოა დედის რძესთან. ყურძნის სამკურნალო თვისებები შორეულ წარსულშიც იყო ცნობილი, თუმცა სამეცნიერო აღიარება მხოლოდ XIX-ში მოიპოვა.
ყურძნი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, აქვს მსუბუქი ამშლელი და ოფლმდენი თვისებები, ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას და აადვილებს ამოხველებას.
კლინიკური გამოკვლევებით დასტურდება, რომ ყურძნის პასტერიზებული წვენის ხანგრძლივი მიღება სასიკეთოდ აისახება ადამიანის ორგანიზმზე. ყურძნის წვენი არაგულირებს სისხლის მიმოქცევას. პროფესსორ ნ. უმიკოვის მიხედვით, ყურძნის წვენი შესაძლებელს ხდის წნევის ნორმალიზებას.
ყურძენს ფართოდ გამოიყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ. მათ შორის: ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების მოდუნებისა და ჭამის მადის გაქრობისას, სისხლნაკლულობისა და ფილტვის ტუბერკულოზის საწყისი ფორმების, ბრონქიტისა და პლევრიტის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთების (თანმხლები ყაბზობით, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით), ბუასილის, პოდაგრის, გულის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს. თირკმლის კენჭოვანი დაავადებისას ყურძენი გამოიყენება როგორც კენჭების დამშლელი და ორგანიზმიდან გამომტანი.
ხალხურ მედიცინაში გამომშრალი ყურძნის ნახარში, ხახვის წვენთან, ერთად გამოიყენება ხველის საწინააღმდეგოდ.
მედიცინა გამოიყენებს ყურძენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სისხლნაკლულობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ნეფრიტის, ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში (პირველ სტადიაზე), როგორც ძალების აღმდგენ ეფექტურ საშუალებას.
ყურძნისაგან ამზადებენ პრეპარატ ნატუროზას, რომელიც გამოიყენება დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის, კოლაფსისა და შოკის შემთხვევაში.
ყურძნით მკურნალობას ამპელოთერაპია ეწოდება. ამ მიზნით იყენებენ ე.წ. სამკურნალო ჯიშებს. ყურძნით მკურნალობის შედეგად ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესის გააქტიურება, შარდის მომატებული გამოყოფა, ნაწლავების მოტორული ფუნქციის გაძლიერება, მადის მომატება.
წარსულში ექიმები ურჩევდნენ ყურძნის მიღებას დღეში სამჯერ, უზმოზე. ჭამამდე 1 საათით ადრე.
ყურძნით მკურნალობა ძალიან ეფექტურია სისხლნაკლულობის დროს. ის შეიცავს სამ მეტად საჭირო ვიტამინს, აუცილებელს სისხლის წარმოქმნისთვის. ესენია: ფოლის მჟავა, ვიტამინი K და ვიტამინი P.
ყურძენი საუკეთესო მატონიზებელი საშუალებაა სხვადასხვა ასტენიური მდგომარეობისას, ძალების გამოცლისა და ნერვული სისტემის დაავადებებისას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს (ჰიპერტონიის საწყისი სტადია, ათეროსკლეროზი და სხვა) რეკომენდებულია ახალი ყურძენი და ახალგამოწურული ყურძნის წვენი. გლუკოზა, რომელსაც უხვად შეიცავს ყურძენი, დადებითად აისახება გულის კუნთების ტონუსზე.
ყურძენი ძალიან სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებებისას, ბრონქული ასთმისა და პლევრიტის შემთხვევაში. ფილტვის ტუბერკულოზის საწყის ფორმების მკურნალობისთვის ეფექტურია ყურძნის ჯიშები: “იზაბელა” და “ჰამბურგული მუსკატი”. მაღალი ტემპერატურის თანხლებით მიმდინარე დაავადებებზე ექიმები ურჩევენ ყურძენს ოფლის მოსადენ საშუალებად.
როცა დარღვეულია ორგანიზმის ცხიმოვან და მინერალურ ნივთიერებათა ცვლა, ყურძენი ინიშნება სასიცოცხლო ძალთა ფუნქციის გასაძლიერებლად.
რძემჟავა დიათეზით დაავადებულებს ურჩევენ ყურძნით მკურნალობას, რადგან მას გამოაქვს ორგანიზმიდან დაავადების გამომწვევი მჟავა.
კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას, როცა დაბალია კუჭის წვენის სეკრეცია, აგრეთვე ყაბზობისა და ბუასილის შემთხვევაში, ექიმები ურჩევენ დიეტურ მკურნალობის კურსს ყურძენთან ერთად.
მორფინით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლისას უნიშნავენ ყურძენს; გლუკოზის მაღალი შემცველობა მას შხამის საწინააღმდეგო საშუალებად აქცევს.
თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებისას, მათ შორის ქრონიკული ნეფრიტის დროს ურჩევენ ყურძნით მკურნალობას. ყურძენი კარგი შარდმდენი საშუალებაა.
ყურძენს აქვს ბაქტერიების გამანადგურებელი ძალა; მასში არსებული ფიტონციდები და არომატული ნივთიერებები აჩერებს ნაწლავური ფლორის ლპობის პროცესს, კლავს ნაწლავურ ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს. ამ თვალსაზრისით სასარგებლოა ყურძნის ჯიში “ვარდისფერი ტაიფი”, რადგან მასში ყველაზე მეტია დამცავი შენაერთები.
გამომშრალი ყურძენი _ ქიშმიში მთლიანად ინარჩუნებს თითქმის ყველა თვისებას. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმის მარილებს და ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებისას ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს: აიღეთ 100 გრ ქიშმიში და 10 წთ. ხარშეთ 1 ჭიქა წყალში (ნელ ცეცხლზე) გაწურეთ. მიიღეთ 3-4 ჯერ დღეში. მეტი ეფექტისთვის შეიძლება ჩაუმატოთ ახალგამოწურული ხახვის წვენი. თეთრი ან წითელი ღვინის ზომიერად (დღეში 50-60 მლ) მიღება ამაღლებს ორგანიზმში “კარგი” ქოლესტერინის დონეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის შემცველობას.
რადგანაც ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა ვერ სვამს, ადამიანის იმუნური სისტემის გასაძლიერებელი იდეალური საშუალებაა ქიშმიშის ჩაი. მას ასე მოამზადებთ: 750 მლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 250 გრ. ქიშმიში, ჩაასხით 1 ჩ.კ. ბადაგი, გადმოდგით, შეფუთეთ 1 საათით. გაწურეთ, დადგით მაცივარში და მიირთვით 200-250 მლ. ყოველდღე.
ყურადღება! ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.
ყურძნით მკურნალობა და ყურძნის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის, რადგან ყურძენში მაღალია შაქრის, ძირითადად, გლუკოზის შემცველობა.
არ შეიძლება ყურძნის ჭამა:
კუჭის წყლულოვანი დაავადებისას; კოლიტისას, რომელსაც ახლავს აშლილობა; მუცლის შებერილობისას; ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვის ქორნიკული ანთებისას; გულის მწვავე უკმარობისას, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მაღალი არტერიული წნევა; თირკმლის ქრონიკული უკმარობისას;
ყურძენი აჩქარებს კარიესიანი კბილის ქსოვილის დაშლას. ამიტომ, სანამ ყურძნით მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებლად მოიწესრიგეთ კბილები. ყურძნის ყოველი ულუფის მირთმევის შემდეგ, პირში კარგად უნდა გამოივლოთ სოდიანი წყალი.
გაითვალისწინეთ, რომ ყურძნით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ: აუდუღარი რძე, ცხიმიანი ხორცის კერძები სპირტიანი სასმელები და მინერალური წყალი.
გთავაზობთ ყურძნიანი სალათის რეცეპტს
აიღეთ 2 კონა ფოთლოვანი სალათი, 1 დიდი თავი წითელი ხახვი, 5 ს.კ. ღვინის ძმარი, 200 გრ. ყურძენი (წინასწარ გამოაცალეთ წიპწები, 1 კონა ტარხუნა, 100 გრ. მაგარი ყველი (სასურველია თხის), 5-6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი, ახალდაფქული შავი წიწაკა.
მომზადება:
1. ნახევარრკალებად დაჭრილი ხახვს დაასხი ძმარი და დატოვეთ 10 წთ.
2. წვრილად დაჭერით ფოთლოვანი სალათა, დაამატეთ ტარხუნა და ყურძნის მარცვლება; ხახვი ამოიღეთ მარინადიდან და მოათავსეთ ჯამზე სხვა ინგრედიენტებთან ერთად.
3. დარჩენილ ძმარს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მოასხით სასალათე მასას. მოაფრქვიეთ მარილი და წიწაკა, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის სასალათეში. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
ბადაგი ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით
საბადაგე ტკბილი უნდა დადგათ ცეცხლზე მოზრდილი თუჯის ქვაბით. როცა გაცხელდება, ქაფი მოხადეთ. იმდენი უნდა ადუღოთ, რომ ნახევარი სითხე დარჩეს. გაციების შემდეგ შეგიძლიათ ჩაასხათ კოკებში ან ბოთლებში; მიღებული ბადაგი უნაკლოდ ინახება.
ცოტა რამ ვაზის ფოთლების შესახებ
ვაზის ფოთლებს აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები.
გამხმარი ფოთლების ფხვნილი გამოიყენება დასალევად (2-4 გრ) საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად.
ფოთლების ნახარში და ნაყენი გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანგინის დროს და როგორც ჩამოსაბანი საშუალება _ კანის დაავადებებზე. დაქუცმაცებული ფოთლების საფენი აჩქარებს ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების მოშუშებას.
P.S. ზემოთ ვახსენეთ, რომ ყურძნის წვენი შემადგენლობით ძალიან უახლოვდება დედის რძეს. ამიტომაცაა იგი ასე სასარგებლო და სასიამოვნო, ასე აუცილებელი ადამიანის ორგანიზმისთვის. აქვე მინდა ჩვენი უსაყვარლესი ნოდარ დუმბაძის სიტყვები შეგახსენოთ: “იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია _ ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.”
ჩვენმა წინაპარმა ვაზი და სამშობლო თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, სათუთად ჩაგვაბარა და იმედიანი წავიდა.
მინდა მეც იმედით გთხოვოთ: მოუარეთ, გააშენეთ, გიყვარდეთ ვაზი. ისიც უშურველად დაგიბრუნებთ სამაგიეროს, სიკეთით გადაიხდის თქვენს შრომას და მერწმუნეთ მისი ნაყოფი დედის რძესავით შეგერგებათ.