(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასული წლის მიწურულს, ლანჩხუთელმა მობურთალმა გოგონებმა სკოლბურთში ქვეყნის მასშტაბით ჩემპიონობა მოიპოვეს. საფეხბურთო ცენტრში გამარჯვებულებს და მათ მწვრთნელს, ავთანდილ ორმოცაძეს შეხვედრა მოუწყვეს. ცენტრის დირექტორმა, დურმიშხან ჩხაიძემ ჩემპიონებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა პირველი ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში გოგონებს შორის. 2012 წელი უეფამ გამოაცხადა ქალთა ფეხბურთის განვითარების წლად. ეს პირველობა დაფინანსებული იყო უეფას მიერ, სადაც მონაწილეობას, დებულების თანახმად, იღებდნენ 15 წლამდე ასაკის გოგონები, თითო გუნდი ყველა რეგიონიდან. გურიის გუნდის ძირითადად ბირთვს წარმოადგენს ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეები (დირექტორი ემზარ ჩიჩუა). რეგიონებთან ერთად მონაწილეობდა დედაქალაქის გუნდი. ღონისძიება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რამაც ბავშვების აღფრთოვანება გამოიწვია, _ აცხადებს გუნდის თავკაცი ავთანდილ ორმოცაძე, _ კენჭისყრით პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონთან მოგვიხდა, რომელსაც ქუთაისი წარმოადგენდა და იგი ფავორიტად ითვლებოდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თანდათან გამოიკვეთა ლანჩხუთელთა უპირატესობა. ანგარიში თამუნა თავდიშვილმა ულამაზესი გოლით გახსნა, შემდეგ რომანჩუკმა ორამდე გაზარდა ანგარიში, მეორე ნახევარში კი ისევ თამუნა თავდიშვილმა გაიბრწყინა. “გურიამ” გაიმარჯვა 3:0. მეორე შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ლაგოდეხის გუნდი დაამარცხა _ 6:0.
ფინალში “გურიას” მეტოქე ზუგდიდის ძლიერი გუნდი იყო. ანგარიში ზუგდიდელებმა გახსნეს და “გურია” წაგების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ამ დროს გააქტიურდა ჩვენი გუნდის ლიდერი თამუნა თავდიშვილი, რომელმაც რომანჩუკის შესანიშნავი პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრის მიწურულს კი ისევ თამუნა თავდიშვილი ოსტატურად გასცდა სამ მოწინააღმდეგეს და უძლიერესი დარტყმით გამარჯვება მოუტანა გუნდს. ყველა მოთამაშეს გადაეცა მედლები, გუნდი კი დაჯილდოვდა თასით. ლანჩხუთელთა მეკარე თიკო ჯიჯიეშვილი ტურნირის აღმოჩენად დაასახლეს, თასი გადაეცა ანა რომანჩუკს _ საუკეთესო თავდამსხმელს, თამუნა თავდიშვილი კი ბომბარდირი გახდა _ მან სამ შეხვედრაში 7 ბურთი გაიტანა,” _ გვითხრა ავთანდილ ორმოცაძემ.
“გურიამ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: თიკო ჯიჯიეშვილი; ნათია თავდიშვილი; ნანა გოგუაძე; მაკა ასკურავა; თამუნა თავდიშვილი; ანა კვაჭაძე; ია ალელიშვილი; ნინო ჩხარტიშვილი; ანა რომანჩუკი; სალომე ჩიბურდანიძე; მწვრთნელი ავთანდილ ორმოცაძე.
ლანჩხუთის გამგებელმა, გია გოგუაძემ გამარჯვებულებს სიურპრიზი მოუწყო და ბათუმში, ხულიო იგლესიასის კონცერტის ბილეთებით დააჯილდოვა ისინი.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელმა გოგონებმა 2003 წელსაც იმარჯვეს და პარიზში ფინალურ ტურნირზე იასპარეზეს.