რომ კანონი ერთნაირ, გაურკვეველ პირობებში აყენებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ, ბიზნესს, არაკომერციულ იურიდიულ პირებს და რაც მთავარია, მოქალაქეებს. მმართველი გუნდის სატელიტი მესამე სექტორის წარმომადგენლებიც კი, ნათლად ვერ განმარტავენ, რა მექანიზმებით და პროცედურებით შეიძლება ამ კანონის ამუშავება, რომლის მიხედვითაც, კონტროლის პალატას დამატებითი და თან აბსურდული უფლებები მიენიჭა.
მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ კანონის ამგვარი გამკაცრება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიას კანონპროექტი სხვა სახით გაეგზავნა და ამდენად, ცხადია, კომისია ვერც დადებით რეკომენდაციას გასცემდა. ეს ფაქტი, დაადასტურა კიდეც კომისიის წარმომადგენელმა.
ამ კანონში და პარალელურად, სხვა კანონებში შეტანილი ცვლილებები, იურისტების აზრით, აუარესებს პირველ რიგში, არა პოლიტიკური ჯგუფების მდგომარეობას, არამედ კერძო პირების, მოქალაქეებისთვის წარმოადგენს საფრთხეს; იგი ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს და შეზღუდოს მისი კონსტიტუციური უფლებები.
დაწვრილებით ინფორმაციას ამ ცვლილებების შესახებ, ანალიზს, მოსაზრებებს, მისი შეცვლისთვის მიმართულ აქტივობებს “გურია ნიუსი” პერმანენტულად გაგაცნობთ; მანამდე კი, გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გამოკითხვა. ამ მიზნით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ერთი კითხვით მივმართეთ:
_ იცნობთ თუ არა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს?
გამოკითხული მოქალაქეებიდან (სულ გამოიკითხა 50 მოქალაქე), არც ერთმა არ ისურვა ფოტო გადაეღო. მათგან მხოლოდ შვიდმა დააფიქსირა სახელი და გვარი; დანარჩენი მხოლოდ დიქტოფონის გარეშე დათანხმდა ეპასუხა კითხვაზე; უმრავლესობის პასუხი ერთგვაროვანია: _ არ ვიცნობ, არ მაინტერესებს, ჩემგან შორს არის, არ ვერევი პოლიტიკაში. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსგავსი “კანონის ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ იშრომონ დილიდან საღამომდე და როგორმე ოჯახის გამოკვება შეძლონ”.
თ. ბურჭულაძე, 42 წლის: _ სიმართლე გითხრათ, არ ვარ გარკვეული და კარგად არ ვიცნობ, თუმცა საქმის კურსში ვარ.
ო. ბურჭულაძე: _ რაღაცას კი მოვკარი ყური, კი გავიგე ტელევიზიიდან, თუმცა სიმართლე გითხრათ, ალბათ, არ მაინტერესებს, თორემ უფრო მეტი მეცოდინებოდა.
მ. აბაშიძე, 50 წლის: _ არ მაინტერესებს; რა აზრი აქვს? ყველაფერი მაინც ერთი პარტიისთვის, ნაციონალებისთვის კეთდება.
მ. მექვაბიშვილი, 50 წლის: _ აზრზე არ ვარ, რაღაც შეზღუდვაზე რომ არის საუბარი ამის შესახებ მსმენია, სხვა ნამდვილად არ ვიცი.
ნ. ქარჩავა, 45 წლის: _ არ ვიცი. მე, უბრალო დიასახლისი ვარ, პოლიტიკაში არ ვერევი და არც მაინტერესებს.
ვ. დარჩია: _ არ ვიცი.
მ. პაპავა: _ იმისთვის, რომ უბრალო ადამიანებმა ამ კანონის აზრი იცოდნენ, თანაბრად უნდა იზრუნონ იურისტებმა, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა. ჩვენთვის ხელმისაწვდომი და გარკვეული ეს ინფორმაცია არ ყოფილა.