“გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ მასალებზე, ერთ-ერთ გაზეთში ვრცელი კომენტარი გააკეთა კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ანთაძემ, სადაც განაცხადა, თითქოს ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციები აბსურდი და ჭორია. იქვე მიზეზიც დაასახელა: “ეს იმის ბრალია, როცა ინფორმაციას თავს ვერ უყრიან და თავის გამართლების მიზნით იგონებენ ტყუილებს…” მართალია, ბატონ ლევანს “ზოგიერთი მედიასაშუალების სახელი” კონკრეტულად არ დაუსახელებია, მაგრამ მისი პასუხები სწორედ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ მასალებს ეხებოდა.
“გურია ნიუსმა” ყველა ის კითხვა, რაზედაც განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები არსებობდა, “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ლალი ბრეგვაძეს გადაუგზავნა. ჩვენ მეორე დღესვე დაგვიკავშირდა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, ზაზა ჯაფარიძე და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ. მანამდე კი ორ დეტალზე გვსურს ყურადღების გამახვილება: ანთაძე ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვას, _ ბატონი ირაკლი სირაძის განთავისუფლება იმ დროისთვის კლინიკაში არსებულ გაუგებრობას უკავშირდება? _ პასუხობს: “ბატონი ირაკლი, სხვათაშორის, არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი მეგობარია და ჩემი დიდი თხოვნა იყო, რომ ის დარჩენილიყო, მაგრამ თავად გადაწყვიტა სხვა სამსახურში გადასვლა. ეს აბსოლუტურად მისი გადაწყვეტილება იყო…”
“გურია ნიუსთან” ინტერვიუში კი ზაზა ჯაფარიძე აცხადებს: “რაც შეეხება სირაძეს, ის თვითონ არ წასულა სამსახურიდან _ ჩვენ გავათავისუფლეთ”.
სირაძის გათავისუფლების მიზეზებს დეტალურად ზაზა ჯაფარიძის ინტერვიუდან შეიტყობთ, რაც შეეხება სამედიცინო ცენტრის კლინიკურ დირექტორს, დავით მდინარაძეს, იგი ზაზა ჯაფარიძის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმავე მედიასაშუალებასთან ასეთ კომენტარს აკეთებს: “ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, თითქოს მე და ნესტორმა საყვედური მივიღეთ. ზღაპრული სამყაროდანაა ეს ყველაფერი. ჯერ ერთი, რომ არც ჩემთვის და არც ნესტორისთვის საყვედური არავის უთქვამს და საერთოდ, ვფიქრობ, არც ვიმსახურებ. ვცდილობ, საქმე ისე ვაკეთო, შენიშვნაც არავისგან მივიღო, ასე რომ, ტყუილია ეს და აბსურდი.”
ახლა კი თავად ზაზა ჯაფარიძეს მოვუსმინოთ:
_ ბატონო ზაზა, როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის 35-მა ექიმმა, ცენტრის ხელმძღვანელების სახელზე, კოლექტიური განცხადება დაწერა. ისინი ითხოვდნენ, გაეგოთ, რამდენია მათი ხელფასი და რატომ არ უფორმებენ შრომით ხელშეკრულებას. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით და საერთოდ, რატომ წამოიჭრა შრომითი ხელშეკრულების პრობლემა?
_ შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებულია. უბრალოდ, ჩვენ რომ მენეჯმენტში შევედით პირველი ოქტომბრიდან, მაშინ ერთთვიანი ხელშეკრულება იყო, შემდეგ კიდევ ერთი თვით გაგრძელდა და ახლა მუდმივი ხელშეკრულებები კეთდება. აბა, ისე როგორ იქნებოდა?
_ სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობთ თქვენთან, რადგან ექიმთა იმ ნაწილს, რომლებმაც მოგვმართეს, ხელფასებთან და შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები.
_ საქმეც მაგაშია, ვის ჰქონდა? ვინ არის ეგ რამდენიმე ადამიანი? ანონიმურია მათი ვინაობა?
_ არ ამჟღავნებენ ვინაობას საჯაროდ, ალბათ, იმის შიშით, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებთ…
_ უმიზეზოდ არავინ გაგვითავისუფლებია და არც აწი გავათავისუფლებთ, მაგრამ წესრიგს ყველა უნდა მიეჩვიოს _ წესრიგი და დისციპლინა ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს. თუ ვინმეს წესრიგი არ მოსწონს და უნდა ისევ ისე იყოს, როგორც აქამდე, როცა მუშაობდნენ სრულიად დანგრეულ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის აუწყობელ სისტემაში, ღიად გეტყვით, მაგას მე ვერ შევეგუები.
შესაძლოა, არის რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანი, მაგრამ მთელი მხარის ჯანდაცვისა და გურული მოსახლეობის ინტერესებს ვერ ვანაცვალებ 2-3 ადამიანს.
_ ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ შეხვედრისას, მათ ესთეტიურ მხარეზე მიუთითეთ და განუცხადეთ _ ოზურგეთში სილამაზის სალონი არ გაქვთ, ქალები ქალებს რომ არ გავხართო? რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს?
_ მსგავსი რამ არავისთვის მითქვამს და არც სილამაზის სალონი მიხსენებია, თუმცა, ნამდვილად არ უარვყოფ იმ ფაქტს, მიმეთითებინა, რომ ექიმი უნდა გამოიყურებოდეს შესაფერისად. მითქვამს და თუ საჭირო იქნება, კიდევ გავიმეორებ _ არსებობს გარკვეული წესი, რომელიც უნდა დავიცვათ. რა არის ამაში გაურკვეველი და მიუღებელი? პაციენტი რომ მოდის საავადმყოფოში და მოწესრიგებული ექიმი უნდა დახვდეს, ეს უცნაურად ეჩვენება ვინმეს?
შენობაში არის ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, რაშიც კომპანია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს და ამ პირობებში ექიმი რატომ უნდა დადიოდეს შალებში გახვეული? გვაქვს გასახდელიც, სადაც შეუძლიათ, ფორმაში მოვიდნენ და ისე დახვდნენ პაციენტებს. ამაზეა საუბარი, სხვაზე კი არაფერზე.
_ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ეკონომისტმა, ირაკლი სირაძემ თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. რა იყო ამის მიზეზი?
_ რაც შეეხება სირაძეს, ის თვითონ არ წასულა სამსახურიდან _ ჩვენ გავათავისუფლეთ.
_ რატომ გაათავისუფლეთ?
_ მთელი ეს უკმაყოფილება ხელფასებთან დაკავშირებით იქედან წამოვიდა, რომ სირაძემ არასწორად დათვალა ხელფასები. ორი სიტყვით აგიხსნით _ არ შეიძლება, ადამიანმა იმაზე მეტი ხელფასი აიღოს, ვიდრე თანხას შემოიტანს. ხომ მეთანხმებით? ას ლარს რომ შემოიტან და ასოც ლარს გაიტან, ასეთი სიტუაცია წარმოგიდგენიათ? საუბარია იმაზე, რომ ეკონომისტმა სწორად უნდა დათვალოს ხელფასი. მიუხედავად იმისა, რომ სირაძე თბილისშიც მყავდა, დავატრენინგეთ, ვასწავლეთ, მაინც ვერ შეძლო იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ჩვენ გვქონდა. ამიტომ მოგვიხდა მისი გათავისუფლება სამსახურიდან.
_ შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის ფაქტი, რომ სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ანთაძეც აპირებს თანამდებობის დატოვებას?
_ ლევან ანთაძის განთავისუფლებაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. ეს საკითხი არ დამდგარა არანაირი ფორმით.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ექიმების მიერ დაწერილი განცხადებების გამო, საყვედური მიიღეს ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით მდინარაძემ და ქირურგმა ნესტორ თოიძემ. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
_ მდინარაძისა და თოიძისთვის სიტყვიერი შენიშვნები არა ერთხელ მიმიცია, მათ შორის დილის კონფერენციებზე. ეს მუშა პროცესია და ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს
_ გინეკოლოგ ირინა კოპალეიშვილთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ. თქვენ საყვედური გითქვამთ მისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ მის დანიშვნაში “ნახევარი საქართველო ჩაერია”. ამას კოპალეიშვილი “გურია ნიუსთან” ინტერვიუშიც ადასტურებს. საკადრო ცვლილებების გატარების დროს, რამდენად მისაღებია ასეთი სახის პროტექციები? პროფესიონალი კადრები ხომ საკონკურსო წესით ირჩევა?
_ მე რომ ეგ მივუთითე, სწორედ მაგან გამოიწვია გაღიზიანება, სხვამ არაფერმა. როდესაც საკადრო ცვლილებები მიმდინარეობდა, ვეცადე, პერსონალი მაქსიმალურად შემენარჩუნებინა. თუმცა, ნამდვილად არ მჭირდებოდა ისევ 4 პედიატრი და 8 მეან-გინეკოლოგი, მაგრამ ყველას მივეცი იმის საშუალება, სამსახური ჰქონოდა. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ რომ პეტიციებს გიწერენ და უკმაყოფილოები არიან, აი, ეგ არის გაუგებარი. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, ხელფასს, რომელიც უნდა გაიყოს 2 კაცზე, ვყოფ 8 კაცზე, რომ უმუშევრები არ დარჩნენ. ეს ყველაფერი მათ მშვენივრად იცოდნენ.
_ პაციენტებს პრეტენზიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ტუბკაბინეტიც ამავე ცენტრშია განთავსებული. რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ტიპის დაავადების მქონე ადამიანების მკურნალობა და მიღება ამავე კლინიკაში?
_ არანაირი პრობლემა არ არის. მართალია, იმავე შენობაშია, მაგრამ ცალკე შესასვლელი აქვს და ყველა ნორმა დაცულია. თქვენი გაზეთის საშუალებით შემიძლია, განვუმარტო მოსახლეობას, რომ ტუბკაბინეტი აბსოლუტურად იზოლირებულია და არავის არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
_ ე.ი. მთელი ის პრობლემები, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, იმითაა გამოწვეული, რომ მედპერსონალის გარკვეული ნაწილი იმ ქაოსისა და უწესრიგობის შემდეგ, რაც თქვენს მისვლამდე იყო, ახალ რეჟიმს ვერ ეგუებიან?
_ ნამდვილად, ეჭვი გეპარებათ მაგაში? ნამყოფი ხართ იქ და გინახავთ, რა ხდებოდა მანამდე? ერთადერთი თხოვნა მაქვს მათთან _ დაიცვან დისციპლინა, იმიტომ, რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა. ექიმი დროზე უნდა მოვიდეს და დროზე წავიდეს, უნდა გამოიყურებოდეს შესაბამისად. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამაში სილამაზის სალონებში სიარულს არ ვგულისხმობ და რაღა თქმა უნდა, არც ძვირიან ტანსაცმელს _ ელეგანტურობასა და ესთეტიურობაზეა საუბარი. ნამდვილად არ არის ისე, როგორ ინფორმაციებსაც თქვენ გაწვდიან. ძალიან ბევრი დრო იკარგება ამ ჭიდაობაში. ისეთ პრობლემებს ქმნიან, რომ ამაღლებული და საჭირბოროტო საკითხებისთვის ვეღარ მოვიცალეთ ჯერ. იმაზე რომ გაგიმახვილებენ ყურადღებას, თითქოს სილამაზის სალონში ვაგზავნი ვიღაცეებს, გრჩება ადამიანს დრო, რომ ცოტა მაღალმატერიალურზე ვისაუბროთ და ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ ოზურგეთში?
ჩემი მიზანია, ოზურგეთს და გურიას ჰქონდეს აწყობილი სამედიცინო სისტემა და აუცილებლად მივაღწევთ ამას! ვიღაც 2-3 ადამიანის კერძო ინტერესებს ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ მოსახლეობის ჯანმრთელობას და მათ ინტერესებს. არის ოზურგეთში ის გუნდი, ვინც ამ საქმეში გვერდით მიდგას. მე ყოველთვის მზად ვარ, ვითანამშრომლო თქვენთან და ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი.