ყველა ახლად შექმნილი პოლიტიკური ძალა ცდილობს, იმოქმედოს პოტენციური ამომრჩევლის ადამიანურ გრძნობებზე და დაპირდეს მას მომავალი კეთილდღეობა, დასაქმება, სამშობლოს გამთლიანება.
ამ მხრივ, არც ლანჩხუთში ახლადდაფუძნებული პარტია _ “განახლებული საქართველოსთვის” აღმოჩნდა გამონაკლისი _ მისი წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ საქართველო გახდება გამთლიანებული, დასაქმებული ადამიანებით დასახლებული სახელმწიფო. ოღონდ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს პარტია უმრავლესობით მოვა პარლამენტში.
ახალი პოლიტიკური პარტიის “განახლებული საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაცია ახლახან ჩამოყალიბდა ლანჩხუთში. პარტიის შექმნის ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუაა. გულუა რუსეთის მოქალაქეა, ამიტომ, პარტიული მოღვაწეობა საქართველოში მისმა დამ, ნანა გულუამ დაიწყო. ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა ალექსანდრე მახათაძე, პარტიის შტაბ-ბინა კი ლანჩხუთის ცენტრში, თბილისის ქუჩაზე მდებარეობს. “განახლებული საქართველოსთვის” მარტის დასაწყისში ოზურგეთსა და ჩოხატაურშიც გეგმავს წარმომადგენლობების გახსნას.
როგორც ჩანს, პარტიას ფინანსურად არ უჭირს _ დაფინანსებაზე საუბრისას გაგვიმხილეს, რომ კონტროლის პალატამ გულდასმით შეისწავლა მათი ბიუჯეტი და დაადგინა: დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა, თანხები არ შემოდის უცხო ქვეყნიდან და არც ივანიშვილის ფულთან აქვს რაიმე კავშირი. ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, საიდან იღებს ეს ორგანიზაცია პარტიული მუშაობისთვის საჭირო თანხებს _ ამის გამხელა თავმჯდომარემ არ ისურვა.
მინდია გულუა სოხუმელია. ომის შემდეგ რუსეთში წავიდა და იქ მილიონერი გახდა. ადგილობრივ ოფისში არ უარყოფენ, რომ გულუას მჭიდრო კავშირები აქვს როგორც რუსულ ბიზნესწრეებთან, ასევე _ პოლიტელიტასთან. რუსეთის გარდა, გულუას ბიზნესი აქვს ისრაელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო პერიოდში ის ჩამოშორდა ბიზნესსაქმიანობას და საზოგადოებრივი მოძრაობით დაკავდა. ეტყობა, ყოფილ ბიზნესმენს გადაწყვეტილი აქვს რუსეთში ნაშოვნი ფული საქართველოს პარლამენტში საკუთარი ძალების მოყვანას მოახმაროს.
“განახლებული საქართველოსთვის” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარისგან კონკრეტული პასუხები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ _ პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ალექსანდრე მახათაძე ზოგადი განსაზღვრებებით შემოიფარგლა. როგორ აპირებენ ყველაზე მტკივნეული საკითხის _ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, გვიპასუხეს, რომ მინდია გულუა ამას პირადი კავშირებით, აფხაზებთან დიალოგის გზით მოახერხებს.
პარტიის პროგრამა ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი უჭირთ. მაგალითად, ცოტა ბუნდოვანია პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, თუ როგორ აპირებენ დასაქმების პრობლემის გადაჭრას; ამ პროგრამაში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგადაა მიჩნეული, მაგრამ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი განვითარებისთვის, როგორ უნდა იქცეს საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელ და გამსაღებელ ქვეყნად ჴ გაურკვეველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მოხდა და ისინი ხელისუფლების სატელიტები იქნებიან მომავალ არჩევნებში, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი რომ გადმოიბირონ. ამ ხმების არსებობა პარტიის ოფისშიც დაგვიდასტურეს, მაგრამ რაიმე კავშირი ხელისუფლებასთან კატეგორიულად უარყვეს.