“ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის #13 დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. საქართველოს მთავრობის დადგენილების და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვრა.
როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, კობა ხაბალაშვილმა განგვიმარტა, ვინც 2004 წლის შემდეგ შეიძინა 5 ჰექტარზე მეტი ფართობი და დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, ის, ერთ ჰექტარზე, წლიურად 73 ლარს გადაიხდის. უფრო კონკრეტულად კი გადასახადი სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო ნაკვეთისთვის ერთ ჰექტარზე 73 ლარია. საძოვრებზე ერთ ჰექტარზე _ 16 ლარი, სათიბებზე _ 20 ლარი. ტყის მიწებზე კი _ 73 ლარი. გასულ წელს ასეთი კატეგორიის მიწაზე 30 ლარი იყო დადგენილი. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის, შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე გადასახადი არ გაზრდილა და ისევ 3 ლარს შეადგენს.