კონტროლი პალატის ავადსახსენებელი უწყება ჟურნალისტმა ელენე გურგენაძემაც მიიღო _ მას იმის გამო იბარებდნენ დაკითხვაზე, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას ხელი მოაწერა.
ელენეს ერთი საათის განმავლობაში კითხავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კონტროლის პალატის თანამშრომლად გაეცნო. მისმა ოჯახის წევრებმაც მოაწერეს ხელი ამ მოთხოვნას, მაგრამ ისინი რატომღაც არ დაუბარებიათ.
,,თავაზიანად მექცეოდნენ. აინტერესებდათ, ამ ხელმოწერაში ავიღე თუ არა რაიმე თანხა. ჩემს ოჯახის წევრებს პოლიტიკასთან შეხება არ აქვთ, არც ერთი მათგანი არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ჩვენ, უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას და რა ფული უნდა აგვეღო? დაკითხვაზე ინტერესის გამო წავედი. მაინტერესებდა, რა კითხვებს დამისვამდნენ’’.
_ იცოდნენ თუ არა თქვენი პროფესიის შესახებ?
_ არ იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საშუალებით რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ. მეკითხებოდნენ, ხომ არ ვიცოდი რამე სხვა ხელმომწერების შესახებ.