ოზურგეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 5 მაისს, ბახვიჰესის მშენებლობას მოინახულებდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში სატრაქტორო პარკს გახსნიდა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მთისპირისა და მერიის რწმუნებულებს დაუკავშირდა _ ვლადიმერ ჩავლეშვილმა და ვაჟა ჩანჩიბაძემ “გურია ნიუსთან” საუბარში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს: _ამასთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, _ გვიპასუხეს მათ.
“გურია ნიუსი” ასევე დაუკავშირდა გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს. ინფორმაცია პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ორთავემ უარყო: _არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, _თქვეს მათ.