თუ ადრე მისი ჩამოსვლა მედიისთვის ცნობილი ხდებოდა, ამჟამად მან ჟურნალისტების გარეშე მოისურვა მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ინარიძემ გვითხრა, ეს კორპორაციული შეხვედრა იყო და სამინისტროს არ სურდა ჟურნალისტების მოწვევა. “გურია ნიუსი” შეხვედრას მაინც დაესწრო _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე საათზე მეტხანს მარტო იდგა ნოდარ სურგულაძე და გამალებით ესაუბრებოდა პარტერში მსხდომ პედაგოგებს განათლების სისტემაში მომხდარ რეფორმებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე.
სურგულაძის ჩამოსვლის შემდეგ, ოზურგეთში სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზიას ჩამოსვლა “გურია ნიუსისთვის” ასევე შემთხვევით გახდა ცნობილი _ ვიზიტის შესახებ ჩვენმა ზუგდიდელმა კოლეგამ მოგვწერა სოციალურ ქსელში. ჩვენ დავუკავშირდით სამინისტროს პრესსამსახურს. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, გოროზია ნამდვილად იმყოფებოდა ოზურგეთში, კონკრეტულად დაბა ნარუჯაში, სადაც მან ლურჯი მოცვის პლანტაცია მოინახულა.
_ ეს მოულოდნელი შეხვედრა იყო, ნიუსიც არ გვაქვს გავრცელებული, შემიძლია, გავიგო დეტალები და შემდეგ მოგაწოდოთ ინფორმაცია, _ გვითხრეს პრესსამსახურში. აქ ისიც გვითხრეს, რომ მინისტრს “რუსთავის 2” ახლდა მხოლოდ, რაც სიახლე არ ყოფილა ჩვენთვის _ ბოლო დროს რეგიონული მედიის წარმომადგენლებს გვეუბნებიან, რომ ვიდეოკადრები ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისგან ავიღოთ. პრესსამსახურში ისიც გვითხრეს, რომ ზაზა გოროზია მხოლოდ ნარუჯაში ჰქონდა შეხვედრა, თუმცა, გავიგეთ, რომ ის სოფელ ბახვშიც იმყოფებოდა.
“გურია ნიუსისთვის” კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა “დაიხურა” _ გასულ კვირას, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გრიგოლეთს სტუმრობდა. გურიის ყოფილი გუბერნატორისგან გაცხადდა, რომ სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება და ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი. ხელშეკრულების დადების ცერემონიას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი ესწრებოდნენ.
სამინისტროს პრესშეფის მაია სიხარულიძის თქმით, ინფორმაცია, თურმე, სააგენტოებისგან უნდა აგვეღო ან მათი ვებ-გვერდი გვენახა:
_ ჩვენი ვიზიტების შესახებ ანონსები ყოველთვის ვრცელდება სააგენტოების მეშვეობით და შესაბამისად, იქედან იღებენ რეგიონული თუ ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები ინფორმაციას.
_ თქვენ მოვალეობაში არ შედის მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება?
_ ვავრცელებთ ანონსებს სააგენტოების მეშვეობით, რომლებიც რეალურად მუშაობს და იყენებს ყველა მედია საშუალება. კონკრეტულად, ამ შეხვედრაზე იყო გავრცელებული ანონსი სააგენტოების მიერ. თუ პირადად თქვენი გინდათ შეგატყობინოთ, არც ეს არის პრობლემა, თუმცა, პირადად თქვენი კონტაქტი არ მაქვს.
_ პირადად ჩემზე არ მაქვს საუბარი, კარგი იქნებოდა “გურია ნიუსისთვის” და, საერთოდ, ყველა მედიასაშუალებისთვის იყოს ცნობილი მინისტრის ოფიციალური შეხვედრების ანონსი.
_ კი, ბატონო, შეგიძლიათ მომწეროთ საკონტაქტო ინფორმაცია და როდესაც გვექნება გურიაში შეხვედრა, აუცილებლად დაგიკავშირდებით.
მინისტრების და ადგილობრივი ხელისუფლების ვიზიტების შესახებ ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე “გურია ნიუსთან” ვრცელ კომენტარს აკეთებს: _ ჩვენი პიარჯგუფები ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობენ იმ ფორმატში, რაც უშუალოდ მათი ფუნქციების შესაბამისად აქვთ განსაზღვრული. უფრო მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში, პრესსამსახურს არც ევალება პირადად დაურეკოს მედიასაშუალებას, მაგრამ ჩვენთან ამას აკეთებენ. ასე ხდება, მაგალითად, საკრებულოს სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, როცა საკმარისია ამის თაობაზე ინფორმაცია ვებ-გვერდზე დაიდოს ან დებულებით განსაზღვრულ ადგილას გამოქვეყნდეს. ასევე, პირადად ატყობინებენ მედიასაშუალებებს ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარ დაგეგმილი თუ მიმდინარე აქტივობების შესახებ და თუ თუ დაწვრილმანებაში არ ჩამითვლით, ხშირად ჩვენივე ტრანსპორტით უზრუნველვყოფთ ხოლმე მათ გადაადგილებას. ჩვენ, ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ, მედია არ ამოვაგდოთ ოპერატიულობის რეჟიმიდან იქ, სადაც საკითხი მყისიერი პასუხების გაცემის საშუალებას იძლევა, დავეხმაროთ მათ სათანადო კომენტარის დროულად მოპოვებაში, _ ამბობს ლელა თავართქილაძე.
მისივე თქმით, მინისტრების გადაადგილებებისა და მათი გურიაში ვიზიტების თაობაზე ადგილობრივ პრესსამსახურებს ხშირ შემთხვევაში წინასწარი ინფორმაცია არ აქვთ, ან არასრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ: _ მათი დაანონსება კი, გარდა იმისა, რომ ადგილობრივების კომპეტენცია არ არის, ხშირ შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს პრესსამსახურს, რადგან ყოფილა მათი შეცვლის თუ კორექტირების შემთხვევები. დამეთანხმეთ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და ზოგადად, აღმშენებლობის აჩქარებული ტემპების პირობებში, ეს სრულიად ბუნებრივი რამ არის. მერწმუნეთ, ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევები და მედიის მხრიდან ის ცუდ ტონად იქნა მიჩნეული. თუმცა, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ და გეტყვით, რომ თუ თქვენ სამინისტროების ვებგვერდებზე(?!) უფრო ხშირად შეხვალთ, იქ მათი ნებისმიერი აქტივობის თაობაზე ოპერატიულად შეიტყობთ. ზოგადად კი, შევთანხმდეთ იმაში, რომ მედიის ნაკლებადინფორმირებულობა მარტო პრესსამსახურებს არ დავაბრალოთ.
სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შესახებ შემიძლია გაცნობოთ, რომ ეს ჩვენი ყოველდღიურობაა _ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი სამუშაო დროის მეტ ნაწილს სწორედ ხალხთან ატარებს და ეს კარგია. ამ შემთხვევაში წინასწარ გაწერილი გრაფიკი, უბრალოდ, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. შესაბამისად, ვერც ვერავინ შეგატყობინებთ, რომ, ვთქვათ, მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ წუთებში მოსახლეობის ერთ ჯგუფს ხვდება, საკრებულოს თავმჯდომარე მეორე სოფელში სხვა ჯგუფს, და დაესწარითო. ერთხელ და საბოლოოდ რომ გავფანტოთ რაღაცა გასაიდუმლოებული შეხვედრებისა და შეთქმულების თეორიების შესახებ მითი, მე თქვენ ოფიციალურად გიდასტურებთ და საჯაროდ გატყობინებთ კიდეც, რომ ასეთ შეხვედრებს ვმართავთ და კვლავაც გავმართავთ. შეხვედრები იქნება სოფლის ცენტრშიც, საყანე ფართობებშიც, პლანტაციებშიც და ყველგან, სადაც ამის მოთხოვნა იქნება და ამის საჭიროებას დავინახავთ. რაც შეეხება მედიის დასწრებას, თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ყველა მსგავს შეხვედრას, რადგან იგი საჯაროა. ეს თქვენი უფლებაა და ამას, მერწმუნეთ, ვერავინ მოგიშლით, _ ამგვარ თეორიას ავითარებს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შესახებ თავართქილაძე.