მინისტრმა გურიაში ვიზიტი ლანჩხუთიდან დაიწყო, ოზურგეთში გააგრძელა და ჩოხატაურში დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის მინისტრის სტუმრობა არავის შეუტყობინებია. უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს კითხვაზე _ რომელ საათზე ესტუმრებოდა ჭიაბერაშვილი ჩოხატაურს, გვპასუხობდნენ, რომ არაფერი იცოდნენ.
თავად მინისტრმა კი, მისი ვიზიტის მედიისგან დამალვა ასე გაამართლა: _ მე ვიცი, რომ საქართველოში ყველაზე განვითარებული მედია სწორედ გურიაშია. ვიცოდი, რომ მაინც გაიგებდით ჩემს ვიზიტს და აღარ შეგატყობინეთ. თუმცა, მომავალში აუცილებლად შეგატყობინებთ, _ გვითხრა ჭიაბერაშვილმა.
ჩოხატაურის საავადმყოფოს შენობის დანახვისთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში შესვლის სურვილი არ გაუჩნდა, რაზეც გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა დასძინა, რომ “აDითის” ხელში სულ ჯანმრთელად ვერ არიან.
მიუხედავად სურვილის არქონისა, მინისტრმა საავადმყოფოს შენობა მაინც დაათვალიერა, თუმცა, მიმღებში შესვლისთანავე, მასპინძლებს სთხოვა, რომ იმ სუნში, რომელიც საავადმყოფოში იდგა, დიდხანს ნუ გააჩერებდნენ.
ჭიაბერაშვილმა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილებაც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ შპს “ადითი” ის კომპანიაა, რომელიც ნაკისრს ვალდებულებებს არ ასრულებს.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, “ალფასთან” დასრულებულია მოლაპარაკება და ამ ზაფხულს კომპანია ჩოხატაურში და ლანჩხუთში ახალი კლინიკის მშენებლობას დაიწყებს.
ჩვენს მსგავსად, ჭიაბერაშვილის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ საავადმყოფოს მედპერსონალისთვის, ამიტომაც მინისტრთან გასაუბრება მხოლოდ მორიგე ექთნებმა და ექიმებმა მოახერხეს.
_ სახელმწიფოს ინტერესი, ჩვენი, ყველასი ინტერესია, რომ ახალი კლინიკები იყოს. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულმა ინვესტორმა რამდენიმე რაიონი ჩაგვიგდო. გურიაში, ლანჩხუთი და ჩოხატაურია მათ შორის. მე ლანჩხუთშიც ვიყავი. იქაც ველაპარაკე მედპერსონალს. სამწუხაროდ, ინვესტორს ვალდებულება აქვს, რომ 2013 წლის პირველ აპრილამდე გააკეთოს რაღაც, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ დარჩენილ დროში მათ რამე გააკეთონ. ამიტომაც, რვა რაიონს, სადაც “ადითია”, მათ შორის ლანჩხუთსა და ჩოხატაურს, არ დავტოვებთ უყურადღებოდ. გურიაში მზღვეველი არის “ალფა”, მათთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ გაკეთდეს ამისგან დამოუკიდებლად ალტერნატივა. ჩვენ ორი ინტერესი გვაქვს _ ერთი არის, რომ სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულები, ჩოხატაურის მთელი მოსახლეობა იყოს კმაყოფილი და მეორე _ ექიმები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ნორმალურ გარემოში მუშაობის საშუალება. ამიტომაც, ვსაუბრობთ “ალფასთAნ”, რომ გაკეთდეს ცალკე კლინიკა და მედპერსონალი, რომელიც აქ მუშაობს, იქ გადავიყვანოთ, _ თქვა ჭიაბერაშვილმა.
მინისტრმა მედპერსონალის ხელფასების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ადითთან” ამის გამო, გამგებლებსაც და სამინისტროსაც ყოველთვიურად უწევთ საუბარი: _ ყველა იმ ინვესტორის მიერ, რომლებიც გვყავს, მთელ საქართველოში იყო იხსნება ახალი კლინიკები, ყველგან გადავდივართ სრულიად ახალ დონეზე. თუმცა, როგორც აღვნიშნე, არის რამდენიმე რაიონი, სადაც გვიღალატა ინვესტორმა და ვართ ამ მდგომარეობაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაიონებში დავიწყოთ ახალი კლინიკების მშენებლობა და მივიდეთ იქამდე, რომ ექიმებს ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონდეთ, ამ პერიოდში არ იყოს სახელფასო დავალიAნებები, _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა
მისივე თქმით, ოზურგეთში ვიზიტისას სულ სხვა თემაზე უწევდა საუბარი:
_ ოზურგეთში, სადაც “ალფას” კლინიკაა, სრულიად სხვა დონეა. იგივეა მთელ საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს რაიონები ჩავარდა, _ აღნიშნა მინისტრმა.
მანვე ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ “ადითის” კუთვნილი რაიონებიდან ავადმყოფების გადინება ხდება, რომლის მიზეზი, ინვესტორის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებია, თუმცა, არ დაუკონკრეტებია ამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რა სანქციები გატარდება კომპანიის მიმართ.
უნდა ითქვას ისიც, რომ “ადითი” იმ კომპანიის შვილობილია, რომელიც პროექტს “100 ახალი საავადმყოფოს” ფარგლებში მონაწილეობდა და რომლის მიმართ უკმაყოფილება, სწორედ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რამდენიმე წლის წინ, პრემიერმა გილაურმა საჯაროდ გააცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ჩოხატაურის ცენტრში მდებარე მამული გუდავაძის მშენებარე კლინიკა მოინახულა და მის სამომავლო პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, თუკი ორი კერძო პირი _ მამული გუდავაძე და “ალფას” ხელმძღვანელობა მოილაპარაკებენ, არ არის გამორიცხული, ახალი საავადმყოფო გუდავაძის კუთვნილ შენობაში განთავსდეს, რომლის რემონტი რამდენიმე დღეში დასრულდება.
ჩოხატაურში ვიზიტი ჯანდაცვის მინისტრმა გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურის დათვალიერებით დაასრულა, რომლის უფროსის კაბინეტში პრეზიდენტის ფოტო, ხოლო შესასვლელთან, ფანჯარაზე, ნაციონალების საარჩევნო ნიშანი _ წითელი ხუთიანი დახვდა გაკრული.