“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ პირველ სართულზე შემამოწმეთ და ისე ამოვედით, რა საჭიროა ხელმეორედ შემოწმება? მანდატურმა გვიპასუხა: იქნებ ჩანთაში ბომბი გაქვთ?!
“გურია ნიუსმა” მოითხოვა წარმოედგინათ კანონი სადაც წერია, რომ სასამართლო დარბაზიდან გამოსულ პირს ჩხრეკა უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ, შემიყვანეს ოთახში სადაც ქალბატონი მანდატური შემოვიდა. ჩანთიდან გადმოვყარეთ ყველაფერი. მანდატურებმა წარმოადგინეს სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება, მაგრამ მისი გაცნობის საშუალება არ მოგვეცა, რადგან როგორც კი კითხვა დავიწყე, ოთახში მანდატურებმა დიქტოფონი ჩართეს და თითოეული ჩანაწერი მოისმინეს. როგორც კი დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩანაწერი არ გაგვიკეთებია, მეხსიერების ბარათს დაუწყეს ძებნა, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს. ავუხსენი, რომ ჩამწერ აპარატს მეხსიერების ბარათის გარეშეც შეუძლია მუშაობა. ფოტოაპარატში დაათვალიერეს ყველა გაღებული ფოტო, მაგრამ ვერაფერი ნახეს.
მანდატურების საგანგებო ჩხრეკის თვითმხილველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, იურისტი ლელა ტალიურიც იყო. რომელსაც გამორთული მობილური გამოართვეს პირადობის მოწმობასთან ერთად.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რამდენად კანონიერი იყო სასამართლო შენობის მე-6 სართულზე ჟურნალისტების საგანგებო ჩხრეკა და ამასთან დაკავშირებით კომენტარი, იურისტ ლელა ტალიურს თხოვა.
_ ქალბატონო ლელა, რამდენად კანონიერია მანდატურების უპრეცედენტო შემოწმების ფაქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-6 სართულზე, რომლის თვითმხილველიც თავად იყავით?
_ ვფიქრობ, უსაფრთხოების გადამეტებული ზომები იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, ვინმე ხომ არ ახორციელებდა სხდომის ჩაწერას. ან ვინმეს ხომ არ ჰქონდა დიქტოფონი. თუმცა, მე გამორთული მობილური გამომართვეს პირადობის მოწმობასთან ერთად და ისიც ჩაიბარეს.
_ როგორც ვიცი, თქვენ მოითხოვენ დოკუმენტი რის საფუძველზე ხორციელდებოდა ასეთი სახის შემოწმება. რა ეწერა დოკუმენტში?
_ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მაჩვენეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ივნისის ბრძანება, რომლის სრულყოფილად გაცნობის საშუალება არ მომეცა.
როგორც ჩანს, ბრძანება წინასაარჩევნოდ ჩამწერი საშუალებებისა და ვიდეო თვალის გამოყენების საკითხს ეხება. ჩვენ დავინტერესდებით ამ ბრძანებით. შესაბამისად, მის სამართლებრივ შეფასებას და კანონთან შესაბამისობას შევისწავლით.
_ სანამ მე-6 სართულზე ავიდოდი, სასამართლოს შესასვლელში დამონტაჟებულ დეტექტორზე გავიარე. ხელჩანთაც სკანერზე გაატარეს. მანდატურებმა პირადობის მოწმობის ჩვენების შემდეგ შენობაში შემომიშვეს. თქვენი აზრით, რა საჭირო იყო მე-6 სართულზე მანდატურების ამოყვანა და იქ ხელმეორედ შემოწმება?
_ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი პრეცედენტი, როდესაც დამატებითი უსაფრთხოების ზომებისთვის მათ მაგიდაც კი დადგეს. ხელმეორედ ჩამოგვართვეს პირადობის მოწმობები. დარწმუნებული ვარ, სხვა პროცესზე, დამსწრეების მიმართ ასეთ პირად ჩხრეკას არ ახორციელებენ.
ჩვენი მხრიდან, ვინც არ ვახორციელებდით ჩაწერას და უბრალოდ ვესწრებოდით, გვაინტერესებდა რა ხდებოდა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მათი ქცევა კრიტიკას და შეშფოთებას იმსახურებს.