პარტიის შტაბში მისულებს, დაგვხვდა ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” თემურ ჩხაიძე და მისი თანამოაზრეები – ლანჩხუთის “გურიის” ყოფილი ფეხბურთელები დავით უგრელიძე, მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი. ისინი შტაბის წევრებისთვისაც კი მოულოდნელად ჩამოსულან ლანჩხუთში და სამუშაო შეხვედრას მართავდნენ.
დავით უგრელიძე: “ერთად, კოორდინირებულად უნდა შევძლოთ ბოროტების დაძლევა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში სუფევს. გარეგნულად ჩანს, რომ ჩვენი მოძრაობა პასიურობს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ჩვენ ერთ, სწორად დაგეგმილ სტრატეგიას ვემორჩილებით. ამ ეტაპზე ხდება ციფრების შეჯერება _ ეკონომისტების დიდი გუნდი მუშაობს, თითოეულ თეთრს ითვლიან, რომ ხალხი მოტყუებული არ დაგვრჩეს. როცა ამომრჩეველი კითხულობს, რამდენი იქნება პენსია, ჩვენ ვეუბნებით, რომ გაიზრდება საარსებო მინიმუმი და პენსია მას მიუახლოვდება. მაგრამ ადამიანს აინტერესებს კონკრეტული ციფრი, ამიტომ ახლა მიდის მუშაობა, რომ დადგინდეს, რამდენი იქნება პენსია, ესა თუ ის გადასახადი, რა ეღირება ენერგომატარებლები. ამის შემდეგ მივალთ თითოეულ სოფელში, შევხვდებით ყველა მხარდამჭერს და გავაცნობთ პროგრამას. ხალხს, ჩვენს მხარდამჭერებსაც და ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებსაც. ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი მინდა ვუთხრა, რომ, მართალია, 20 წელია ვისმენთ დაპირებებს და ვერ ვიღებთ შედეგებს, მაგრამ ახლა ისეთი კაცი მოდის, სახელი რომ არ აქვს გატეხილი. მას არ უნდა ტყუილი დაპირებები მისცეს ადამიანებს. ამიტომაა, რომ პროგრამაში დაწვრილებით იქნება გათვალისწინებული ყველას ინტერესი _ მთელი საზოგადოების, მთელი ქართველი ხალხის.”
თემურ ჩხაიძე: “მომავალი კვირიდან პროგრამა საბოლოოდ იქნება მზად. ყოველდღიურად შევხვდები მოსახლეობას. ყველა პრობლემას მივიტან მათ ყურამდე (იგულისხმა “ქართული ოცნების” სათაო ოფისი). ესაა ჩემი უშუალო მოვალეობა. ბიძინა ივანიშვილმა ამასწინათ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ყოველ დილით იმაზე ფიქრით ვიღვიძებ, ვინმე მოტყუებული არ დამრჩესო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის”.
შეხვედრის ბოლოს ქართული ოცნების შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ელგუჯა ჩხაიძეს ვკითხეთ, სიმართლეს შეეფერებოდა თუ არა დილით გავრცელებული ხმები, რომ პარტიის კოორდინატორები ხელფასების მიუღებლობას აპროტესტებდნენ.
ელგუჯა ჩხაიძე: “არავინ, არც ერთი კოორდინატორი ჩვენთან ხელფასს არ იღებს _ ისინი ნებაყოფლობით მუშაობენ. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი ტიპის სამუშაოში ადამიანებს ხელფასს მისცემდნენ, მაგრამ ჩვენთან ეს შეუძლებელია. ახლა რომ ამ ხალხს რაიმე თანხები მივცეთ, რეპრესიების ახალი ტალღა წამოვა ჩვენი მისამართით, ახალი ყადაღები და ჯარიმები. კანონით, როცა არჩევნები დაინიშნება, 50 დღით ადრე იწყება საარჩევნო პერიოდი და საარჩევნო ფონდიდან ყველა პარტიას გარკვეული თანხის დახარჯვის საშუალება ეძლევა. მაშინ შეიძლება კოორდინატორების ანაზღაურებაზე საუბარი.
ამ ხმების საფუძველი, ალბათ, ის გახდა, რომ, როცა თემურ ჩხაიძე მოვიდა, ოფისის ეზოში ხალხმრავლობა იყო _ ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები იყვნენ შეკრებილნი და დეპუტატობის კანდიდატს ეზოში შეხვდნენ. ვიღაცას, დაინტერესებულ პირს, ეტყობა ახალი ჭორის აგორება მოუნდა.”