მოსამართლე ნინო ყანჩაველმა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, “ელიტა ბურჯი” სამართალდამრღვევად ცნო და 3 მილიონ 337 459 ლარით და 70 თეთრით დააჯარიმა.
აღნიშნული ჯარიმა “ელიტა ბურჯმა”, 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ყადაღის დადების შესახებ წერილი ”ელიტა ბურჯის” დირექტორმა, გუშინ, შუადღისას მიიღო, სასამართლო პროცესი კი დღესვე ჩაინიშნა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში #000079, რომელიც 2012 წლის 13 ივლისით თარიღდება და ხელს, ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ამირანაშვილი აწერს, ვკითხულობთ:
“შპს “ელიტა ბურჯმა” მოქმედი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის” გვერდის ავლის მიზნით, პოლიტიკური კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების საჭიროებისთვის, პოლიტიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ნივთების დასაბეჭდად და სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის მიზნით, 2012 წელს 2 ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა საერთო ღირებულების 679 487.94 ლარი, რომლითაც უსასყიდლო მომსახურება გაუწია კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განახორციელა.”
”ელიტა ბურჯის” დირექტორი, თენგიზ გვაზავა ”გურია ნიუსთან” ინტერვიუში აცხადებს: ”ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის, მე აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. ომის შემდგომ ვცდილობდი, ქვეყნისთვის სიკეთე მეკეთებინა.
ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ განვაცხადო: იმ ქვეყანას, სადაც არიან ნათია მოგელაძეები, მომავალი არ აქვს! პირადაპირ გეუბნებით, მომავალი არ აქვს!”