ჩოხატაურის ცენტრში, იქ სადაც, კულტურის სახლი უნდა აშენდეს პროექტის ბანერები დადგეს და შეკრებილ მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს, პროექტთან ერთად სხვა გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე ესაუბრნენ.
ის, რომ პრეზენტაცია კვირას, 9-ის ნახევარზე უნდა გამართულიყო, შაბათს, დაახლოებით 12-ის ნახევრისთვის ჩვენთვის გამგეობის პრესამსახურიდან გახდა ცნობილი.
ჩვენს კითხვაზე _ რატომ შეირჩა ასეთი დრო, პრესამსახურის ხელმძღვანელს, თეონა ჩიგოგიძეს პასუხი არ აღმოაჩნდა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ანალოგიურ კითხვაზე გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა: _ ჩვენ მუშაობას ადრიანი დილიდან ვიწყებთ და ჩვენთვის სამუშაო და არასამუშაო დღეები არ არსებობს.
პრეზენტაციის დროს, რამაზ ნიკოლაიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ კულტურის სახლის მშენებლობაში (მშენებლობა აგვისტოში დაიწყება) დიდი წვლილი სწორედ ჩვენს გაზეთს მიუძღვის:
_ უნდა ვაღიარო, რომ სწორედ “გურია ნიუსი” იყო ის მედიასაშუალებაა, რომელიც ამ თემაზე გამუდმებით წერდა, მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. “გურია ნიუსთან” პირობა დავდე, რომ ჩოხატაურში კულტურის სახლი აშენდებოდა და ეს პირობა შევასრულე, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ჩოხატაურის კულტურის სახლის პროექტის ავტორი, დავით გოგიჩაიშვილია. შენობაში სამუშაო ოთახები, სარეპეტიცო და 400 მაყურებელზე გათვლილი დარბაზები იქნება.
კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გაკეთდება თანამედროვე ტიპის შადრევანი.