ბალავაძის თქმით, მართალია, ცოტა დააგვიანდათ, თუმცა, უახლოეს ხანში ყველა პრობლემა მოგვარდება. სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატს 2 წლის წინანდელი დაპირება შევახსენეთ _ გასული წლის თვითმართველობის არჩევნების დროს, ბალავაძე, გურიის გუბერნატორთან ერთად, სოფელ ზემო ფარცხმას სტუმრობდა. იქაურებმა მაშინ პარლამენტის წევრს, პრეზიდენტის საჩუქარზე, ე.წ. ხუთკუბმეტრიან მორებზე თხოვეს დახმარება. სწორედ იმ პერიოდში, რიგით მოქალაქეებს სახელმწიფომ გაჭირვებით მოჭრილი და სახერხებზე ჩამოტანილი მორები ყოველგვარი ახსნა-გამარტების გარეშე წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წელია ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარების პირობას დებს, პირობა პირობად რჩება. ასეთი პირობა ბალავაძემაც მისცა ზემოფარცხმელებს ორი წლის წინ, დღეს კი ეს პირობა აღარ ახსოვს და აქეთ: _ ნამდვილად გახსოვთ რომ მე ვიყავი? თუმცა, რამდენიმე წუთში აღნიშნა, რომ მისი შეხვედრის დეტალების გახსენება ჩვენის მხრიდან საჭირო არ არის. ბალავაძე ორი წლის წინანდელ დაპირებას ისევ იმეორებს და ამბობს, რომ პრობლემები მოგვარდება. მინისტრობის კანდიდატთან საუბარში ანტონ ხუნდაძე გვერთვება და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი გარკვეული და მოგვარებადია. თუმცა, როდის, პასუხი არ აქვს. ხუნდაძისთვის, როგორც ჩანს, არც დაბალი ძაბვაა პრობლემაა. ან კი როგორ უნდა იყოს, როცა გამგეობამ თავისთვის ცალკე ხაზი გამოიყვანა და პრობლემაც მოიგვარა. მერე რა, რომ დაბალი ძაბვა ხელისუფლებას არ აწუხებს და მაღაზიების და სხვა დაწესებულების მსგავსად, ზარალს ვერ ნახულობს. ხუნდაძემ ბალავაძესთან საუბარი, რომელიც არ უარყოფდა, რომ სისტემაში მყარი სიხშირე არ არის, არ დაგვაცადა და აღნიშნა, რომ რედაქციას კარგი დენი ექნება და ჩემს ნათესავებსაც მორები დაუბრუნდებათ. თუმცა, რომელ ნათესავებს გულისხმობდა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ დააკონკრეტა და არც ჩვენს კითხვაზე, მას ხომ არ სჭირდება მორები, რომელთა სიყვარულში შემჩნეულია, პასუხის გაცემა აღარ უცდია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved