ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულ დოღს, რომელიც 14 საათზე დაიწყება, რადგან ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტს ჩოხატაურში შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
როგორც გავიგეთ, სააკაშვილი დღეს სოფელ შუაფარცხმას ესტუმრება. პრეზიდენტის დასახვედრად სოფელში სამზადისი დილის 6 საათიდან დაიწყეს. მოიხრეშა და გასწორდა გზები, სასწრაფოდ შეიღობა ღობეები.
აღსანიშნავია, რომ შუაფარცხმელები სააკაშვილის სტუმრობის შესახებ არავის გაუფრთხილებია. როგორც დავადგინეთ, შუაფაცხმაში პრეზიდენტს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოყვანილ იმ ადამიანებს დაახვედრებენ, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული.
წყაროს თქმით ხალხის ჩამოსაყვანი მიკროავტობუსების მობილიზება უკვე დაიწყეს ჭანჭათში, აკეთში, ჩიბათში, შრომაში, ნატანებში, ბახვში _ სწორედ ამ სოფლებიდან ჩამოჰყავთ ხალხი.
გვითხრეს ისიც, რომ სააკაშვილი დღის ბოლოს შეხვედრას პირველ საჯარო სკოლაში გამართავს. შუაფარცხმის მსგავსად, აქაც ის ადამიანები არიან დაპატიჟებული, რომლებსაც განსხვავებული აზრი არ შეენიშნებათ.