სამართლის ძიებაში ის თავად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. კირაკოსიანი ყვება, რომ თბილისის მთავარ სამმართველოში, სამართალდამცავების მხრიდან დაცინვა ვერ აიტანა და მინა ჩაამსხვრია. კირაკოსიანი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს და 1 თვით ჩასვეს ციხეში.
ელენე კირაკოსიანი რუსთავში გამართულ აქციაზე, ყოფილ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს შეხვდა. „გურია ნიუსის“ ყურადღება მათმა საუბარმა მიიპყრო.
„თავის დროზე, მე თქვენ არ დამეხმარეთ. გამწარებული დედა ვიყავი და შვილის მკვლელის დასჯას ვითხოვდი. ძალიან კარგად ვიცი, რაც გევალებოდათ როგორც სახალხო დამცველს, მაგრამ არ შეასრულე მოვალეობა“ _ უთხრა კირაკოსიანმა სუბარს.
16 წლის როდიონ კირაკოსიანს 2001 წლის 16 სექტემბერს, ქ.თბილისში, ნიაბის ქუჩის მე-5 შესახვევში დანით მიაყენეს რამდენიმე მძიმე ჭრილობა და თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი; კირაკოსიანი 8 დღის შემდეგ მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როდიონ კირაკოსიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო 2001 წლის სექტემბერში ისანი – სამგორის რაიონულ პროკურატურაში. გამოძიების მიერ თითქოს ჩატარდა აუცილებელი საგამოძებო მოქმედებები, დაინიშნა ექსეპერტიზები და დაიკითხა შემთხვევის მონაწილე რამდენიმე პირი. ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა არტურ მატინიანი და 2001 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში.
2002 წლის 21 ოქტომბერს სასამართლო გამოძიების შედეგად დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ განსასჯელი დამნაშავედ სცნო მხოლოდ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო მკვლელობის ნაწილში სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნა პროკურატურას დამატებითი გამოძების ჩასატარებლად.
მას შემდეგ, რაც საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნდა პროკურატურაში, გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მრავალჯერ იქნა შეჩერებული.
2005 წლის 3 ნოემბერს, არაიკ და სერგო მატინიანების მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუმცა არ გაუთვალისწინებია საქმის მასალებში არსებული გარემოებები, რომ გარდაცვლილ კირაკოსიანს მიყენებული ჰქონდა ორი მძიმე ხარისხის დაზიანება, აქედან ერთ-ერთის მიყენებისათვის არტურ მატინიანი იხდიდა სასჯელს. ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია არ წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.
2006 წლის 28 ივლისს პროკურორმა ია დარჯანიამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა განსასჯელებს.
ამასთან, პროკურატურას, არაიკ და სერგო მატინიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას და მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, საერთოდ არ უმსჯელია არაიკ და სერგო მატინიანების მოტივზე. გაურკვეველია, თუ რა მიზეზით და რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოირიცხა რ.კირაკოსიანისთვის თავის არეში დაზიანების მიყენება მისი განზრახ მკვლელობის მიზნით, თუ მისი მოკვლის განზრახვა ჰქონდა მათ ძმას არტურ მატინიანს.
ზერელედ, ფორმალურად წარმოებული გამოძების საფუძველზე შეადგინა საბრალდებო დასკვნა 2001 წლის 27 დეკემბერს და საქმე განსახილველად გააგზავნა სასამართლოში.
მოკლულის დედამ, სახალხო დამცველ სოზარ სუბარს დასახმარებლად 2008 წელს მიმართა.სუბარმა საქმე გამოითხოვა და შესაბამის უწყებებს რეკომენდაციები გაუგზავნა.
პირველ რიგში, სისხლის სამართლის საქმეში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის მაღალი ხარისხის არსებობის გამო, მან უზენაესი სასამართლოს თამჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს მიმართა, რათა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვა მომხდარიყო.
ამასთან ერთად, სახალხო დამცველმა მასალები გადაუგზავნა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, რადგან საქმის მასალების თანახმად თბილისის შს მთავარი სამართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ადამიანის მკვლელობის, ჯანმრთელობისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის დავით ჩაკვეტაძისა და თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ია დარჯანიას ქმედებებში იკვეთებოდა საქართველოს სსკ–ის 146–ე და 147–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
„სოზარი მეუბნებოდა ყველაფერი გავაკეთე, პროკურორი ხომ არ ვიყავი რომ დამნაშავეები დამესაჯაო, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ არ დამეხმარა. მაშინ მას მეტის გაკეთება შეეძლო, ის კი ბოლოს, შენობაშიც არ მიშვებდა, დაცვას გააგდებინა გარეთ ჩემი თავი“_ აცხადებს ელენე კირაკოსიანი „გურია ნიუსთან“ საუბარში.
„გურია ნიუსი“ სოზარ სუბარს დაუკავშირდა. ყოფილმა სახალხო დამცველმა ვერ გაიხსენა კირაკოსიანის შენობაში არ შეშვების და შენობიდან გაძევების ფაქტი, თუმცა არც გამორიცხა:
„არ მახსოვს ეს ფაქტი, მაგრამ იდეაში ვუშვებ, რომ შეიძლებოდა ასეთი ფაქტი მომხდარიყო. ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა კანონიერი, იმიტომ რომ ადამიანმა არ უნდა მოახდინოს რომელიმე ოფისის მუშაობის პარალიზება . მე ვაკეთებდი მაქსიმუმს, მაგრამ ის ქალბატონი ჩემგან მაინც ითხოვდა იმის გაკეთებას, რაც უნდა გაეკეთებინა პროკურატურას. მას უნდა შეეგნო , რომ მეტის სგაკეთება არ შეეძლო სახალხო დამცველს. აქციაზე რომ მეუბნებოდა, კანონით მეტის გაკეთების უფლება გქონდაო, კანონში ჩაწერილ უფლებებს სხვა უწყებების მიერ სჭირდება იმპლიმენტაცია, მარტო სახალხო დამცველი ვერაფერს გახდება.
ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდათ და მე არ მივიღე. მე სისტემა ასე მქონდა აწყობილი, რომ მისაღები იღებდა ყველა მოქალაქეს, საჩივრების შემთხვევაში ვხვდებოდი მე, ან თუ ძალიან დაიჟინებდნენ, საჭირო რომ არ იყო, მაშინაც ვხვდებოდი.
უწყების პირველი პირი ყველას რომ შეხვდეს, იმ უწყებაში საქმე არ გაკეთდება, ამიტომ ეფექტურობისთვის და თვითონ იმ მოქალაქეების უფლებების დასაცავად, საჭირო იყო ზოგჯერ ასეთი ზომები მიგვეღო,“- განაცხადა სოზარ სუბარმა „გურია ნიუსთან“ საუბარში.
ყოფილ სახალხო დამცველთან უთანხმოების მიუხედავად, ელენე კირაკოსიანი „ქართული ოცნების“ აქციებს სისტემატიურად ესწრება:
„სოზარი არ დამიდგა გვერდით, მაგრამ მე დავდექი დღეს მის გვერდით და საერთოდ, ქართველი ხალხის გვერდით. მე ის მიხარია, რომ სუბარი დღეს მაინც აკეთებს იმას, რაც მას ევალება, დგას საკუთარი ერის გვერდით, დგას ქუჩაში და სხვასავიით წვიმაში სველდება. ამ აქციებზე იმიტომ დავდივარ, რომ იმედი მაქვს, ბიძინას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ ,“ _ განაცხადა ელენე კირაკოსიანმა.
































































