ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბიძინა გობრონიძე საქართველოდან დელეგაციას ლონდონში გაჰყვა. მისი ლონდონში დარჩენა, ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, მისივე გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციაა.
ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის, ბიძინა გობრონიძის ლონდონში დარჩენასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის უფროსს კახა ბერიძეს დაუკავშირდა. მან ეს ინფორმაცია გაიკვირვა და გვითხრა, რომ ბიძინა გობრონიძე ლონდონში ოფიციალურ დელეგაციაში არ იმყოფებოდა:
_ საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები, ვინ მოგაწოდათ. არცერთი ადამიანი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს დაესწრო საქართველოს დელეგაციიდან, ლონდონში არ დარჩენილა.
_ ბიძინა გობრონიძე იყო თუ არა დელეგაციაში?
_ პირველად მესმის თქვენგან. თბილისიდან 25 რიცხვში რომ გაფრინდა მთავარი დელეგაცია, იმ დელეგაციაში არ ყოფილა და არ ვიცი, შემდეგ დელეგაციაში იყო თუ არა, რატომ უნდა ყოფილიყო, რას წარმოადგენს?
_ როგორც გითხარით, სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი იყო და ჩვენთვის არის ცნობილი, რომ ის ოფიციალურ დელეგაციაში იმყოფებოდა ოლიმპიურ თამაშებზე.
_ მართლა? პირველად მესმის ეს ყველაფერი. ის შეიძლება ჩამოვიდა თავისით, მე იმის დადასტურება შემიძლია, ოფიციალურ დელეგაციაში ვინც იმყოფებოდა, არავინ არ დარჩენილა, სპორტსმენები, მწვრთნელები, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ჯგუფი, ჟურნალისტები, სულ 12 კაცი. შესაძლებელია, კიდევ ვიმეორებ, მისი საშუალებით ჩამოვიდა.
_ რეგიონებიდან იყო თუ არა წარმომადგენლები ოფიციალურ დელეგაციაში, გუბერნატორები ან კიდევ სხვა საჯარო პირები?
_ არა, არა ყოფილა. გუბერნატორები და სხვა საჯარო მოხელეები არ ყოფილა. მე ახლა შვებულებაში ვარ და კიდევ ერთხელ გადავამოწმებ ამ ინფორმაციას, მაგრამ იმას გიდასტურებთ, რომ არავინ არ დარჩენილა ოფიციალური დელეგაციიდან. თუ ჩამოვიდა თავისი საშუალებით, ამას გავარკვევ, _ გვითხრა კახა ბერიძემ.
ნახევარ წუთში მან გვითხრა, რომ ბიძინა გობრონიძე საქართველოს დელეგაციაში არ ყოფილა.
_ გადავამოწმე და ოფიციალურ დელეგაციაში არ იმყოფებოდა ბიძინა გობრონიძე, რაც შეეხება ფაქტს , ის იყო თუ არა თავისით ჩასული ოლიმპიადაზე, ეს ინფორმაცია ჩემთვის არ არის ცნობილი.
იმყოფებოდა თუ არა ბიძინა გობრონიძე ოფიციალურ დელეგაციაში, ამის შესახებ ინფორმაციას, გურიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლაშა ლომაძე არ ფლობს:
_ ამ დროს არ ვიმყოფებოდი აქ, გასული ვიყავი პირად საქმეზე და ისე წავიდა, რომ არ მინახავს.
_ გურიის რეგიონიდან იყო თუ არა ოლიმპიადაზე ოფიციალურად ვინმე წასული?
_ ოფიციალურად, მე ვიყავი მიწვეული, მაგრამ ვერ წავედი, ჩემი პირადული საქმეების გამო.
_ თქვენს მაგივრად სხვა ხომ არ წასულა?
_ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი.
_ ბიძინა გობრონიძე არის თქვენი მეგობარი, ის ლონდონიდან აღარ დაბრუნდა, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ მის დარჩენასთან დაკავშირებით?
_ ის ძალიან დიდი ხანია აპირებდა წასვლას, სადღაც უცხოეთში, მეგობრებთან თუ ნათესავებთან ერთად. ოფიციალურ დონეზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ, მეტი არაფერი არ ვიცი.