შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას.”გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს დაუკავშირდა:
_ ქალბატონო სალომე. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. “ბოევიკები”, რომელთა ლიკვიდაცია მოხდა საქართველო რუსეთის საზღვართან, პანკისის მცხოვრებლები არიან. ამ წუთებში ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება პანკისის ხეობაში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 7 გვამი უკვე ამოიცნეს და ნამდვილად პანკისის ხეობის სოფლის მცხოვრებლები არიან. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?
_ აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არავინ არ იყო საქართველოს მოქალაქე. როგორ ამოიცნეს ძალიან მაინტერესებს?! სად ნახეს, თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა?!
_ ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა…
_ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არცერთი საქართველოს მოქალაქე არ იყო.
_ გვამების ამოცნობა, ხეობაში მათი მუსულმანური წესით დასაფლავება, გარდაცვლილების ხეობის მაცხოვრებლებისთვის გადაცემა, რომელსაც დღეს აპირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება?
_ არა. არა. ეს არ ვიცი. უნდა დავაზუსტო. რამდენიმე წუთში დამირეკეთ და დავაზუსტებ.
სალომე მახარაძე რამდენიმე წუთში “გურია ნიუსს” თვითონ დაუკავშირდა და გვითხრა: “გადავამოწმე ყველგან ყველაფერი. მათ შეხება არ აქვთ არ გვამებთან და არც არაფერთან; წარმოუდგენელია, ვინმეს ენახა გვამი, ან მათი რაიმე გადაცემა. “
ამის შემდეგ, „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სალომე მახარაძეს იმის გასარკვევად, რა ინფორმაციას ფლობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ 7 გარდაცვლილთან დაკავშირებით, რომელთა გადასვენებასაც პანკისის ხეობაში ჭირისუფლები ელოებიან. თუ ისინი სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულები არ არიან, ვინ არიან?
_ მომისმინეთ, მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ მე გითხარით შსს-ს ოფიციალური პასუხი. დეტალებში წვდომას აზრი არ აქვს. აბსოლუტურად უარვყოფთ ამ ინფორმაციას, _ განაცხადა სალომე მახარაძემ.
_ თუ საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაშინ ვინ არიან ეს ადამიანები და თუ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ადამიანებზე ინფორმაცია?
_ როგორც იცით, ჩვენ უკვე გავავრცელეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არიან რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიელი მოქალაქეები (სალომე მახარაძე საუბრობს სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შესახებ ავტ). ამის შემდეგ, უკვე მიდის გარკვეული ექსპერტიზები, საგამოძიებო სამუშაოები. ამის დასრულების შემდეგ ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით.