როგორც ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა ამბობს, ყველა ინტერესდება მათი პრობლემებით, მაგრამ გაკეთებული არაფერია.
_ არანაირი ყურადღება ხელისუფლებისგან არ გვაქვს. უკვე რამდენიმე წელია აქ არის წყლის და გზის პრობლემა, გადათხრილია ქუჩები. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, არ გვაქვს არც გზა და არც წყალი. გამგებლის მოადგილე იყო მოსული, მიხეილ გოგოტიშვილი, დაგვპირდა გზასაც გაგიკეთებთ და წყალიც იქნებაო, ერთ კვირაში ყველაფერს გავაკეთებთო. დღეს, წყალკანალის თანამშრომლები მოვიდნენ და რაღაცას აკეთებენ.
_ წყალი გვინდა, გზა გვინდა… ჟურნალისტებთან დარეკვის შემდეგ გვითხრეს, წყლის პრობლემას მოვაგვარებთო. ძალიან კარგი იქნება. გზის პრობლემასაც თუ მოაგვარებენ, რადგან ბავშვებს სკოლაში ვერ წავიყვანთ. რაც ნიაღვარია, ჩვენთან შემოდის. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სანიაღვრე არხები მოვაწესრიგოთ.
_ პრობლემის მეტი რა არის _ "სტოლბა" გადატეხილი, ფრთამოტეხილი ქათამივითაა ჩამოკიდებული, კაცი არ არის პატრონი. გამგებელი მოვიდა, გადარეკა, გადმორეკა ტელეფონზე, მაგრამ არაფერი. ვინ არ შევაწუხეთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ.
როგორც ამავე ქუჩის მცხოვრებლებმა გვითხრეს, აქციის დაწყებამდე მისული იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც პირობა მისცა მოსახლეობას, რომ წყლის პრობლემა მალე მოგვარდებოდა.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს, მიხეილ გოგოტიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ შვებულებაში იმყოფება და როგორც კი დაბრუნდება შვებულებიდან, ყურადღებას მიაქცევს ამ პრობლემებს.