აქცია შენობის გარეთ დაიწყო, თუმცა იმის გამო რომ მათ მოთხოვნას ადმინისტარცია არ გამოეხმაურა, სტუდენტებმა შენობაში შესვლა სცადეს.
„დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი სტაცა ჩვენს მეგობარს დიტო ხუსკივაძეს, შეათრია ის ძალის გამოყენებით და რუპორი დაუმტვრია, რა თქმა უნდა ჩვენ ეს ფაქტი გარედან გავაპროტესტეთ. ამის შემდეგ, სტუდენტები შევედით ფოიეში, სადაც შეგვხვდა ადმინისტრაციის უფროსი, მან პირდაპირ გვითხრა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ ლექტორს სამსახურში ვერ დააბრუნებდა“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბექა გადაბაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.
სტუდენტები # 06 აუდიტორიაში შეიკრიბნენ და დაფაზე ჩამოწერეს საკუთარი მოთხოვნები,რასაც ულტიმატუმი უწოდეს.
დაბრუნდნენ გათავისუფლებული ლექტორები! სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, ისწავლონ თავისუფლად! გადადგეს ანდრო ბარნოვი!
ასეთი შინაარსისაა მათი მოთხოვნები, რასაც ისინი ორშაბათს სასწავლო წლის დაწყების პირველსავე დღეს ხელახლა წამოაყენებენ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი აღშფოთება სპონტანურად არ დაწყებულა და ის ნელ-ნელა გროვდებოდა წლების მანძილზე.
„ორშაბათს სასწავლო წელი იწყება, მოვედით დღეს და ისევ არ დაგვხვდა საგნების არჩევის ბაზა. გვეუბნებიან, სერვერია გათიშულიო, არადა საგნებზე ადგილები უკვე აღარ არის. რექტორი ბაზის მოწესრიგებას 4 წელია გვპირდება . შარშან რექტორი იმასაც დაგვპირდა, რომ სტუდენტური მმართველობის იმ წევრებს, ვინც სტუდენტების ცემაში მიიღო მონაწილეობა, პასუხს აგებინებდა, მაგრამ ეს სტუდენტები ისევ ისე დათარეშობენ უნივერსიტეტში, ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ჩვენ ვითხოვთ სწავლის ნორმალურ პირობებს, პროფესიონალ ლექტორებს, სწორედ ამაში ვიხდით ფულს,“-აცხადებს გადაბაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში. სტუდენტები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
აქციის დაწყებისთანავე, უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა, პატრული გამოიძახა. პატრულის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
„ჩვენ ამ პატრულებს უკვე სახეზე ვცნობთ, ისინიც გვიცნობენ სახელებით, რადგან როდესაც რამეს ვაპროტესტებთ, მაშინვე ამ შემადგენლობას იძახებენ,“-აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი „გურია ნიუსთან “ საუბარში.