კოორდინატორს ევალება ამ ადამიანების დახარისხება სააკაშვილისა და ივანიშვილის მხარდაჭერის მიხედვით; ივანიშვილის მომხრეებს უნდა დაუსვან “მინუსი”, სააკაშვილის მომხრეებს _ “პლუსი”. სპეციალურ გრაფაში, რომელსაც “შუა წერტილს” ეძახიან, იმათი ვინაობა იწერება, რომელთა პოლიტიკური ორიენტაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.
კოორდინატორებმა ასევე უნდა აღწერონ, ვინ არის სოფლიდან (ან დაბიდან) გასული საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ.
კოორდინატორების ფუნქციაში შედის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მოსახლეობის მობილიზება და შეხვედრებზე ჩაყვანა.
ერთ-ერთი სოფლის კოორდინატორი “გურია ნიუსთან” დეტალურად ყვება, თუ რა ევალება მას და რამდენია მისი თვიური ანაზღაურება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, კოორდინატორის ვინაობას, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 20 სექტემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის შტაბში, სამუშაო საათებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა და შვებულებაში გასულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ სოფლების “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები სასწრაფოდ შეკრიბეს. ეს ექსტრემალური გამოძახება, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.
ციხეში გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, “ნაციონალებმა” გადაწყვიტეს, სიებისთვის თავიდან გადაეხედათ. როგორც ჩანს, საფუძვლიანად ეჭვობდნენ, რომ მათ რიგებს ბევრი მომხრე გამოაკლდებოდა.
_ ყველა კოორდინატორი შეწუხებულია, რა უნდა ქნან, არ ვიცი. ამ ამბის შემდეგ, მე ვერავის ვერ მივადგები ჭიშკართან. სხვებიც ასე ამბობდნენ. სხვათა შორის, ალეკო მამეშვილმა გვითხრა, არავის არ დააძალოთ, არავის ზეწოლა არ მიაყენოთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რასაც მისი გული უკარნახებს, იგი შემოხაზოს და ისე გააკეთოსო, _ ამბობს “ნაცმოძრაობის” კოორდინატორი.
_ ეს როდის თქვა ალეკო მამეშვილმა?
_ დღეს (საუბარია 20 სექტემბერზე. ავტ.). შუქრი გაბრიჩიძე იყო, ალეკო იყო და ერთი ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კომპიუტერთან იჯდა. არც ძალდატანება, არც არაფერი. დაწერილია სია, ვინაა სააკაშვილის მომხრე, ვინ ვერ დაესწრება, ვინ სხვადასხვა რაიონებშია და ვინ ოპოზიციაა.
_ როგორ ხვდებიან, ვინაა სააკაშვილის მომხრე?
_ ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ არ იცის, ვის მისცეს ხმა და არ აქვს გადაწყვეტილი, ასეთებიც არის აღნიშნული, არის შუა წერტილში ვინცაა დამდგარი. ვინც სააკაშვილს აძლევს ხმას, ჩამოვაყალიბებ ყველას და გვარების მიხედვით გვაქვს ჩამოწერილი. რომელი არაა ადგილზე, გვითხარითო, რომელია გარდაცვლილიო, აგი ევალება კოორდინატორებს.
ადრე ხომ აღვწერეთ ყველა, ახლა განსხვავებაა _ ამ ამბების (ციხის კადრებს გულისხმობს. ავტ.) გამო. ალეკოს უთხრა ერთ-ერთმა კოორდინატორმა, მე ვერ დავაძალებ ვერავისო, კი მევიყვან არჩევნებზე, მაგრამ ის არ მეცოდინება, ვის მისცემს ხმას იქანეო. მაგის პირობას ვერ დავდებთო.
_ პრეზიდენტთან დასახვედრადაც ხომ გევალებათ ხალხის მიყვანა?
_ კი, შეხვედრაზე კი… მაგრამ მე 7 კაცი წამოვიყვანე.
_ ხომ არ იცით, ვინ უთხრა პრობაციონერს (ვინაობას არ ვასახელებთ. ავტ.) თუ მოაწერ ხელს იმას, რომ “ნაციონალების” მხარდამჭერი ხარ, პრობაციას მოგიხსნიანო?
_ არ ვიცი. მე კი მითხრა ლ. მ-მ, რომ თუ ხელს მოვაწერ, პრობაცია მომეხსნებაო. მე რომ მივედი, სოფელში, სადაც ლ. მ. ცხოვრობს, ლ.მ. წითლად იყო შემოხაზული. გადავირიე, რატომ არის აგი წითლად, ვინ მოიტანა ეს ინფორმაცია,-მეთქი? კაცი არის “ნაციონალი” და ასე რატომაა,-მეთქი? მე არ მომიტანია ეს ამბავი და ვინც მოიტანა ეგ ინფორმაცია, იმან აგოს მაგაზე პასუხი,-მეთქი. მე რასაც მოვიტან და ვიტყვი, _ “ნაციონალია”, ის ნაციონალია. მაგრამ ყუთთან მისულს, გარანტად ვერ დავუდგები,-მეთქი. მე არ ვარ პასუხისმგებელი, გულს ვერ გადავგლიჯავ და ვერ ჩავიხედავ მაგათ გულში, მაგას ვერც თქვენ გააკეთებთ,-მეთქი. ასპროცენტიანი ხარო, მითხრეს.
_ ბევრია წითლად აღნიშნული?
_ ბევრი არაა ამ სოფლიდან. ბევრი წასულია უბრალოდ. ჩემთვის პირადობის ნომრები არ მოუთხოვიათ. ასე მითხრეს, ჩამოიარე შენს უბანში ხალხი, ვინც “ნაციონალი” იქნება, პლუსით აღნიშნეო და ვინც ივანიშვილი იქნება _ იგი მინუსითო.
_ ხელფასი მოგცეს? ხელშეკრულებებს დებენ?
_ მე ჯერ ვიმუშავე იმ თვეში 15 დღე და ავიღე 75 ლარი. ახლა, ამ თვეში, ბოლოს უნდა მომცენ 150 ლარი. თვეში 150 ლარია ხელფასი. კი, ხელშეკრულებებს დებენ, მაგრამ ჩემთან არ დაუდიათ, მე სამი წელია ვმუშაობ მაგათთან და ამიტომ არ დაუდიათ(?!). ხელზე ფული ტაბელით მომცეს, სიაა გაკეთებული, რამდენი გეკუთვნის და მერე ხელს გაწერიებენ ზედ, პირდაპირ რომ მოგცენ, მასე როგორ შეიძლება?
_ შტაბში არიგებენ ფულს?
_ აბა, რა! შტაბში გამოყოფილია ერთი პიროვნება და იგი არიგებს ხელფასს. მასე იყო წინა წლებშიც, მასე ვიყავით ხელშეკრულებით აყვანილები, გამოგვიძახენ ბოლოს და ყველას მოგვაწერიენ ხელი.
_ დღეს ალეკო მამეშვილი იყო შტაბში?
_ ალეკოც და შუქრი გაბრიჩიძეც იყო. მთლიანად ჩემს სოფელში ყველა 50 კაცზე ერთი კოორდინატორია. დღეს ყველა სოფლის კოორდინატორი დაიბარეს იმის გამო, რომ გაარკვიეს, ამ ბოლო დღეების მერე ხომ არ არის რაიმე შენიშვნა, ვინმემ თუ გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა, ან ვინმე თუ ჩამოვიდა, ეს უნდა აღგვენიშნა.
“გურია ნიუსის” წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კოორდინატორებთან შეხვედამდე რამდენიმე დღით ადრე, ალეკო მამეშვილმა და შუქრი გაბრიჩიძემ გამგეობის შენობაში, ღამით დაიბარეს სკოლისა და ბაღის პედაგოგები მათ უბანში მცხოვრებლების სიების გაშიფრვასთან დაკავშირებით.
როგორც “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი იქ მყოფი პედაგოგი აღნიშნავს, თითოეულ მათგანს ათი ხმის მიტანა აქვს დავალებული.































































